2021 წლის 9 აპრილს, ქართველი კათოლიკე მოწამის, დემეტრე თბილელის აღსასრულიდან 700 წელი გავიდა. მის შესახებ ცნობები მცირეა, თუმცა ჯერ კიდევ 1910 წელს, ქართველი კათოლიკე მღვდელი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მიხეილ თამარაშვილი წერდა: „ძმა დემეტრე ტფილელი მცირე ძმების ორდენში შევიდა, თავის ევროპელ თანამოძმეებთან ერთად ინდოეთში წავიდა და თანაში ეწამა 1321 წელს“....
ისტორიული ცნობებიდან ირკვევა, რომ დემეტრე თბილელი ფრანცისკანელთა ორდენის ქართველი ბერი იყო, რომელიც ინდოეთში აწამეს.
მამა გაბრიელე ბრაგანტინი ჟურნალ „საბას“ ერთ–ერთ სტატიაში წერს:
... „ცნობილია, რომ იგი [დემეტრე თბილელი] ფრანცისკელი ერისკაცი, წარმოშობით ტფილისელი ქართველი იყო. ისტორიული წყაროები მოგვითხრობენ, რომ იგი კარგად ფლობდა აღმოსავლურ ენებს. შესაძლებელია, რომ მან სასულიერო გზა აირჩია 1233 წლიდან ტფილისში მყოფი ფრანცისკელი მისიონერების წყალობით, შემდგომ კი ტაბრიზში გადავიდა, რათა ესწავლებინა მონასტერში, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპიდან წამოსული ბერები საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ, ისინი ლინგვისტურ კულტურულ კურსებს გადიოდნენ აღმოსავლეთში მისიონერული საქმეების განხორციელების მიზნით. მიქელ თამარაშვილი მჭიდროდ აკავშირებს დემეტრეს სიკვდილს პაპ იოანე ოცდამესამის გადაწყვეტილებასთან, რათა ცნობილი სამოციქულო ტახტი სმირნიდან, - რომელიც მაშინ მონღოლური საფრთხის წინაშე იდგა, - ტფილისში გადაეტანათ და ასე დაეარსებინათ ტფილისის ეპარქია (1330 წლის 6 თებერვალი, ბულით „Rex regum Altissimus”)“...
1320 წელს, დემეტრე თბილელი სამ ფრანცისკანელ მისიონერთან: ტომაზო ტოლენტინოელთან, იაკოპო პადუელთან, პიეტრო სიენელთან ერთად მონღოლთა იმპერიის დედაქალაქ ხან–ბალიკში მიემგზავრება.
„თავრიზიდან, 1320 წლის დეკემბერს, ოთხი ფრანცისკელი ბერი - ტომაზო ტოლენტინოელი, იაკოპო პადუელი, პიეტრო სიენელი და დემეტრე ტფილელი - საცხოვრებლად გადავიდნენ მონღოლთა იმპერიის დედაქალაქ ხანბალიკში, სადაც ასევე იმყოფებოდა მათი ძმა, არქიეპისკოპოსი ჯოვანი მონტეკორვინოელი. მათთან ერთად მოგზაურობდა აგრეთვე დომინიკელი ჯორდანო სევერაკი. ხუთივე მათგანი ჰორმუზიდან (დღევანდელი ბანდარ-აბასი) გაემართა ქვილონში/კოლამში, კერალას რეგიონისკენ, სადაც ჩინეთში გემით უნდა გადასულიყვნენ.
თუმცა, გაუგებარ მიზეზთა გამო, მათი გემი თანაში, სელსეტეს კუნძულზე (დღევანდელი თანა, მუმბაის რეგიონი) გაჩერდა, ეს ქალაქი სამი წლითადრედელის სულთანმა დაიპყრო. აქ ისინი გაჩერდნენ ერთ ნესტორელ ოჯახში, ჩინეთისაკენ მიმავალი გემის მოლოდინში.
ვიდრე ჯორდანო არ იყო მათთან, რადგან სოპარას ნესტორელთა საკრებულოში იმყოფებოდა, მასპინძელმა ქალმა, ქმართან უთანხმოების გამო, მოწმეებად მოუხმო მათ მუსლიმი სასულიერო მსაჯულის, ყადის წინაშე. მან ჯერ ინება, შეჰკითხვოდა ბერებს ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტების შესახებ, შემდეგ გამოსაწვევად ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ ისინი მუჰამედზე.
ყველას სახელით პასუხი გასცა ტომაზომ და განაცხადა, რომ მუჰამედის გზა დაღუპვის გზა იყო, ამ პასუხმა კი განსაზღვრა მისი და მის მეგზურთა სასიკვდილო განაჩენი.
იაკოპო, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა იყო, ორგზის აწამეს ცეცხლით, რასაც ორივეჯერ უვნებელი გადაურჩა; შემდეგ ტომაზოსა და დემეტრესთან ერთად აღესრულა მახვილით, 1321 წლის 9 აპრილს, კალვაში, ზღვის ვიწრო ყურის მიღმა.
პიეტრო, რომელიც სახლში იყო მათი ნივთების დარაჯად, ორი დღის შემდეგ მოკლეს.
რამდენიმე დღის შემდეგ თანაში დაბრუნებულმა ჯორდანომ დამარხა ტომაზოს, იაკოპოსა და დემეტრეს ცხედრები. პიეტროს ცხედარი კი დაიკარგა“.
პორდენონეს (იტალია) ლიცეუმის მასწავლებელი კარლო ვურაკი, რომელიც თავის კოლეგასთან, პაოლო ჩიკონოფრისთან ერთად ჩართულია ტომაზო ტოლენტინოელისა და მისი მეგობრების, ჯაკომო პადუელის, პეტრე სიენელისა და დემეტრე თფილელის ნეტარად შერაცხვასთან დაკავშირებულ მეცნიერულ კვლევაში, წერს:
... "ფრესკების მთელი ციკლი ამოწმებდა იმას, რომ ჯერ კიდევ 1300 წლის პირველ ნახევარში სიენაში, უდინესა და ვერონაში ფრანცისკელთა ეკლესიებში ამ წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავდნენ. დემეტრეს შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რაც მოწამეობის ამსახველ მატიანეშია მოცემული: ის გახლდათ მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი, ფრანცისკელი ბერი და ყველა წყაროს საფუძველზე, აღმოსავლური ენების კარგი მცოდნე.
ჩვენს ხელთ არსებული მასალები მასზე ან მის საქმეებზე ინფორმაციას არ გვაწვდის, თუმცა გვაჩვენებს, თუ როგორ უდგას გვერდში თავის მეგობრებს, განსაკუთრებით კი ტომაზოს. აქვე აღსანიშნავია, რომ არსებობს ლეგენდა, რომელიც ჯერ კიდევ XVII საუკუნის მიწურულს შეიტანა ძმა ბენედიქტე მაცარამ (Benedetto Mazzara) თავის ნაშრომში „ლეგენდარული ფრანცისკელი“- (ვენეცია, 1676),
„ძმა ჯორდანომ სოლდანიაში ჩამოიტანა და მქადაგებელ ძმათა მონასტერში სხვათა შორის დაასვენა ამ წამებულთაგან ერთ-ერთის ყბის ნაწილი, ისე რომ არც კი იცოდა ვისი იყო. უფალმა არაერთი სასწაული მოახდინა მის მიერ, ვინმე ღრმად მორწმუნე დედაკაცი მუხლჩაუხრელად ევედრებოდა უფალს, რომ დადგენილიყო მისი ვინაობა. მომდევნო ღამით მას ერთი მცირე ძმათაგანი გამოეცხადა, სრულიად გაბრწყინებული და უთხრა, რომ ის ნეტარი დემეტრესი იყო“.
ამ მონათხრობში კარგად ჩანს თანას წამებულთა კულტის გამოძახილი, რაც მათი დაღუპვის შემდეგ მყისვე აიტაცეს აღმოსავლეთში; მათ შორის, შეიძლება ითქვას, რომ დემეტრეს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა, რამდენადაც ის იყო აღმოსავლეთის მკვიდრი პირველი კათოლიკე მოწამე.
ეს კულტი, აღმოსავლეთში მისიონერთა საქმიანობის შეწყვეტასთან ერთად, მე-14 საუკუნის მეორე ნახევრიდან გაქრა. დაიკარგა ასევე დემეტრეს, როგორც ამ ორდენის დიდი ქომაგის, ხსენება მისსავე სამშობლოშიც. ხოლო ტოლენტინოში, პადუასა და სიენაში ცოცხლად შეინარჩუნეს მისი მეგობრების ხსოვნა.
იმისათვის, რომ დღეს საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ამ დიდებული შვილის ხსოვნა აღდგეს, უნდა გავითვალისწინოთ ის, რასაც 1910 წელს წერდა მასზე მიხეილ თამარაშვილი (L’Église Georgienne. Des origins jusqu'à nos jours), ვინც მჭიდრო კავშირს ხედავდა მოწამე დემეტრესა და 1329 წელს ტფილისის ეპარქიის დაარსებას შორის.
„ძმა დემეტრე ტფილელი მცირე ძმების ორდენში შევიდა, თავის ევროპელ თანამოძმეებთან ერთად ინდოეთში წავიდა და თანაში ეწამა 1321 წელს. ამიტომაც გადაწყვიტა პაპმა იოანე XXII მ თავისი Bolla Rex regum altissimus- ით,სწორედ ტფილისი აერჩია საეპისკოპოსო ქალაქად და სატახტოდ, სმირნის შემცვლელად, რომელმაც თურქთა მომრავლების გამო მნიშვნელობა დაკარგა“ – [პორდენონე, 2017 წლის 21 მარტი. პაოლო ჩიკონოფრი, კარლოვურაკი]
დემეტრე თბილელის ცალკე იკონორაფული გამოსახულება ჩვენამდე მოღწეული არ არის, იგი მხოლოდ მეგობრებთან ერთად არის გამოსახული.
Catholic.ge
Comments