top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ეს შოკიც გადავიტანე’ – დედა, რომლის შვილიც ერთ კვირაში მღვდელი გახდება

დედაა და ჯერ არ იცის, როგორ გაუმკლავდება იმ ემოციას, რომელიც შვილის მღვდლად კურთხევის დროს, ტაძარში ექნება. ხელდასხმამდე ერთი კვირაა დარჩენილი და საკუთარი შვილის ხსენებისას ცრემლებს ვერ იკავებს, ყელში მობჯენილ ემოციას გამოსვლის საშუალებას არ აძლევს და გარშემომყოფებმა რომ არ შეამჩნიონ, თავს მყარად იჭერს... თუმცა დარწმუნებულია, რომ გზა, რომელიც მისმა შვილმა აირჩია, გააბედნიერებს, ამიტომ ზუსტად იცის, რომ გვერდით დაუდგება „ყოველთვის, ნებისმიერ დროს, როცა კი მის კოტეს რამე დასჭირდება“... გიყვებით დედაზე, რომლის შვილიც ერთ კვირაში ქართველი კათოლიკე მღვდელი გახდება.

ციცინო აკოფაშვილი კონსტანტინე, იგივე კოტე აკოფაშვილის დედაა და ახლა, როცა საქართველოში მთელი კათოლიკე ეკლესია კოტეს მღვდლად კურთხევისთვის ემზადება, ციცინოს გულში ათასნაირი ემოცია, გრძნობა და ფიქრი ბობოქრობს. მიუხედავად იმისა, რომ დედის გეგმა „ნანატრი ერთი ბიჭის“ ცხოვრებისთვის სულ სხვანაირი იყო, ცდილობს ის მიიღოს, რაც მისმა შვილმა აირჩია. მარტივი საქმე არ გამოდგა და მარტივად მიდგომაც გაუჭირდა. თეორიულად იცის, რომ კოტე ღვთის გზაზე გზას და ყველაზე კარგი, რაც შეიძლება ეკეთებინა ეს არის, მაგრამ თვითონ დედაა და რძალზეც ოცნებობდა და შვილიშვილებზეც... ყველაფრის მიუხედავად, ინტერვიუზე მთანხმდება. აჩქარებული ნაბიჯით და ფერადი, ლამაზი კაბით მოდის, შემდეგ კი ძალიან მოულოდნელად ძალიან გულწრფელ პასუხებს იძლევა, ყველაფერზე, რაც სტკივა, ცრემლს გვრის, მაგრამ თან აბედნიერებს, იმიტომ, რომ შვილი ბედნიერია...


1991 წელს, როცა კოტე აკოფაშვილი სამყაროს მოევლინა, ციცინო 37 წლის იყო. ორი გოგონა ჰყავდა და მესამე ბიჭი უნდოდა. „იმიტომ, არა, რომ ასაკში მომვლელი ჰყოლოდა“, იმიტომ, რომ სანამ კოტე დაიბადებოდა, მანამდეც ორსულად იყო ბიჭზე, ცუდი მდგომარეობის გამო კი საკეისრო კვეთა ვერ გაუკეთეს და დაეღუპა... მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი შვილის გაჩენა მისთვის არ შეიძლებოდა, თანაც ფიქრობდა, რომ უკვე ასაკში იყო და ჩვილის გაზრდა გაუჭირდებოდა, ციცინოს ბავშვის მოშორება მაინც არ უფიქრია.


„კატეგორიულად ამიკრძალეს შვილის გაჩენა, მაინც გადავწყვიტე. საკეისრო უნდა გამეკეთებინა აუცილებლად და ახალციხეში არ კეთდებოდა, ამიტომ მცხეთაში წავედი. ივლიტის ეკლესიასთან რომ ჩავიარე, ღვთისმშობელს ვუთხარი: თუ საზრდელს მომცემ, ისეთი მომეცი, რომ ამ ასაკში ადვილად გავზარდო, თუ ადვილი გასაზრდელი არ უნდა მომცე, ორივე ერთად წაგვიყვანე ამ ცხოვრებიდან–მეთქი. ექიმი მეუბნებოდა: შენ მე უნდა „დამეწერო“ ეტყობაო. ვამბობდი, გადავრჩები, რადგან ეს ბავშვი უნდა გავზარდო, ყველაფერი იღონეთ, სიკვდილსაც კი შევებრძოლები–მეთქი...“


„სიკვდილთან შებრძოლება“ ნამდვილად დასჭირდა. მშობიარობის შემდეგ, 5 საათი კლინიკური სიკვდილი ჰქონდა. ამბობს, რომ ბევრი რამე ნახა, თუმცა ვეღარ იხსენებს. ერთი, რაც ახსოვს ისაა, რომ დედამ ხელი ჰკრა და უკან გამოუშვა.

„იცით როგორ გაიზარდა კოტე? სიცხე არ იცოდა, არც გრიპი ჰქონია, ავად არ გამხდარა, არ უტირია... 4 თვისას უკვე ორი კბილი ჰქონდა. ჩემი შვილები, გოგონები ქეთინო და მარინა დაატარებდნენ სულ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ დარეცხავდა კოტეს „პლიონკებს“... ასე გაიზარდა კოტე...“


ოჯახში ყველაზე უმცროს ბავშვს თანატოლებთან თამაშის პრეტენზია ჰქონდა, ამ დანაკლისს კი დედა უვსებდა: „დედა, რანაირი ოჯახი გვაქვს, ორი დიდი და მყავს და ჩვენს სახლში პატარა ბავშვი არ არის, ვისთანაც ვითამაშოო. მეც ვეუბნებოდი, რა ვქნა შვილო, შენი თავი ღმერთმა გვიან გამომიგზავნა და ახლა მე და შენ უნდა ვითამაშოთ, როგორც შენ იტყვი, ისე გავაკეთოთ– მეთქი. ნამდვილად იმას ვაკეთებდი, რაც მას უნდოდა“...

წლების შემდეგ, ციცინო ნანობს, რომ კოტეს რელიგიურად ცხოვრების ერთგვარი წამქეზებელი თავადვე იყო. ამბობს, რომ 90–იან წლებში, როცა ვალეში მღვდელი იეჟი შიმეროვსკი ყოველდღიურ წირვებს აღავლენდა, ციცინო მოკიდებდა ხელს თავის სამი წლის შვილს და მასთან ერთად, ყოველდღე ესწრებოდა წირვას: „სამი წლის ბავშვი იჩოქებოდა და ისე ლოცულობდა. ვეუბნებოდი, ფეხზე იდექი შვილო და ისე ილოცე, შენ პატარა ხარ და აუცილებელი არ არის, რომ დაიჩოქო–მეთქი. ერთხელ მითხრა: დედა, რომ გავიზრდები აი, ის კაცი უნდა გავხდეო და მამა იეჟზე მიმითითა. სულ ვამბობდი: ღმერთმა მომცა შვილი და ალბათ, ღმერთივე წამართმევს-მეთქი. ვნანობ, რომ ასე აქტიურად ვატარებდი კოტეს ეკლესიაში, მაგრამ მოდიოდა სულითა და გულით... ახლა ვფიქრობ ხოლმე, კოტე რომ ასე არ წამომყოლოდა, ასე რომ არ შეეყვარებინა, იქნებ ... ეს ერთი დაშვებაა, მაგრამ მეორეა, რომ შეიძლება ცუდ გზას გაჰყოლოდა, ქურდი, ნარკომანი ყოფილიყო და მერე სამუდამოდ მეტირა. ხომ მერჩივნა, რომ ასეთი სასახელო შვილი მყოლოდა?“


მოსწავლეობის ასაკში კოტე სამრევლო და საეკლესიო საქმეებში აქტიურად ჩაერთო. ხშირად მოხალისედ დადიოდა, თითქმის სულ გასული იყო სახლიდან, რაც დედას დიდად არ ახარებდა: „სულ ვეუბნებოდი: კოტე, არ დაგკარგო, დედა. არ გინდა რა, შვილო, შენ იქ რაღაცით ხომ არ გახარბებენ– მეთქი. მეუბნებოდა, არა დედა, მე იქ ჩემი ნებით მივდივარო“.


2010 წლის იანვარში კოტემ სემინარიაში წასვლა გადაწყვიტა და დედას გაანდო. ეს დღე ციცინოს ცხოვრებაში ერთგვარი შოკი იყო. დღე, როცა პირველად მიხვდა, რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, არანაირი ემოცია არ უნდა ეჩვენებინა შვილისთვის:

„მოვიდა და მითხრა: დედა, პრე–სემინარიაში მივდივარო. მე არ ვიცი იმ ემოციას რა ერქვა... ის შოკი არ იყო... თუმცა თავი ძალიან მოვთოკე... ვიცოდი, რომ 5 საათზე ავტობუსით მიდიოდა თბილისში და ცრემლი არ ჩამომიგდია. ჩემი ემოციის დასაფარად, მეზობლებში გავედი, მინდოდა რომ სახლს გავრიდებოდი, მინდოდა გავქცეულიყავი სახლიდან... მერე ორ–სამ დღეში დამირეკა. მითხრა: დედა, მე ძალიან კარგად ვარ, ვსწავლობო. ვურჩიე, რომ უცხო ენები ესწავლა, რადგან გამოადგებოდა. ეს შოკიც გადავლახე, გადავიტანე...“, – იხსენებს ციცინო ყელში მობჯენილი ბურთით.


მერე იყო წერილის ამბავი, რომელიც მეოთხეკლასელმა კოტემ დაწერა და სკოლის გამოსაშვებ საღამოზე, დიდ დარბაზში წაიკითხეს.

„სანამ ზეიმზე წავიდოდით, კოტემ მითხრა, დედა, შეიძლება იქ რაღაცა ისე თქვან და ძალიან გთხოვ, არ ინერვიულოო. თუ სცენიდან შენს თვალებზე ცრემლს დავინახავ, ჩამოვალ და წავალო. რა უნდა თქვან ისეთი იქ, რომ მე ავტირდე მეთქი?! რა ვიცი, შეიძლება ჩვენს ბავშვობაზე ან წარსულზე რაღაცა ისეთი მოყვნენო. ზეიმზე სიტყვით გამომსვლელების შემდეგ დაწყებითების მასწავლებელი გამოვიდა. ხელში ფურცლების დასტა ეჭირა და კითხულობდა ვის რომელი პროფესიის სურვილი ჰქონდა მეოთხე კლასში. აიღეს აკოფაშვილი კონსტანტინეს წერილი და წერია: „მე მინდა გავხდე ღვდელი, იმიტომ რომ ხალხს შევასწავლო სახარება და ღმერთთან დავაახლოვო“. როგორ შემეძლოო იქ არ მეტირა? ... ნახევარი დარბაზი წამოიშალა და მეხუტებოდა. უკვე ყველამ იცოდა, რომ პრე–სემინარია დაამთავრა. მაინც შევიკავე თავი... სცენიდან კლასელებს დაუძახა: ტაში დაუკარით დედაჩემსო და სუყველა მიკრავდა ტაშს“...


კოტეს სემინარიაში წასვლა ციცინოსთვის რთული გადასატანი აღმოჩნდა. არა მხოლოდ შინაგან გრძნობებთან გამკლავება უხდებოდა, არამედ გარშემომყოფების დამუნათებასთანაც: „გარშემო ნათესავები ყველა მემდუროდა, რომ არ ვიყავი ისეთი დედა, რომელსაც შეეძლო შვილი დაეჭირა და ამ გზაზე არ წასულიყო. მაგრამ მე ჩემი შვილისთვის ეს არასდროს მიკადრებია, არასდროს! იმ 5 წელიწადში, როცა კოტე სემინარიაში იყო, მე ნერვიულობით მხედველობა დავკარგე, მაგრამ მისთვის ერთი ცრემლიც კი არ მიჩვენებია. ტაძარში ვერ დავდიოდი, სადაც კი ფეხს შევადგამდი, ხმამაღლა ღრიალს ვიწყებდი, არ მინდოდა, მაგრამ შინაგანად მოდიოდა ეს ემოცია და დღემდე ასეა. როცა წირვაზე ვარ, ახლაც ყელში ბურთი მეჩხირება და ცრემლებს ვყლაპავ, მაგრამ მე ჩემს შვილს ბოლომდე მხარში დავუდგები, რადგან უფალმა მოინდომა მისი წაყვანა, მეც თანახმა ვარ“...


მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირდა, სემინარიაში წასვლაზე კოტეს გადაწყვეტილებას მხარი მაინც დაუჭირა. თუმცა ყაზახეთში, სემინარიაში ექვსწლიანი სწავლების შემდეგ, კოტემ თავადვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასულიერო ცხოვრება მიეტოვებინა და საეროს დაჰბრუნებოდა: "გამიხარდა, ძალიან მიხაროდა, როგორც დედას, რომ საერო ცხოვრებას მოეკიდა. ვეუბნებოდი, ერთი კარგი გოგო შეარჩიე, შენ გადახედე, მე არ ჩავერევი, შენით გადაწყვიტე–მეთქი. არაფერს ამბობდა... გულშიც ვფიქრობდი და ვეუბნებოდი კიდეც: შვილო, თუ უფლის ნებაა, ქვეყანაც რომ დაიქცეს, შენ იქ დაბრუნდები, მაგრამ თუ ეს უბრალოდ შენი აკვიატებაა, იქ ვერასდროს მიხვალ–მეთქი. ეს უფალმა გადაწყვიტოს, აკვიატებაა თუ რწმენააო“...


ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, კოტე სასულიერო ცხოვრებას ისევ დაუბრუნდა... ამიტომ ახლა ციცინო აკოფაშვილი 2 სექტემბრისთვის ფსიქოლოგიურად ემზადება. იცის, რომ მარტივი არ იქნება, მაგრამ ემოციებს უნდა სძლიოს:


„ახლა კოტე განსაკუთრებით მამზადებს 2 სექტემბრისთვის: დედა, თავი უნდა შეიკავოო. შენ იქ ჩემს წინ უნდა იდგე და შენ თუ იტირებ, მეც ამეტირება და ყველაფერი ჩამეშლებაო. ვეუბნები, რომ „კი“, მე ისეთი დედა ვარ, ყველაფერს გავაკეთებ შენთვის. მართალია, დიაკვნად კურთხევაზე კინაღამ მოვკვდი, მაგრამ ახლა უფრო მეტად ვემზადები, ფსიქოლოგიურად ვემზადები. იმიტომ, რომ ჩემი შვილი ამას იმსახურებს! სულ ვეუბნები: სადაც იქნები, როგორც იქნები, სადაც დაგჭირდები, რა წუთშიც დაგჭირდები, იქ ვიქნები მე შენთან, ოღონდ შენ იყავი ბედნიერი და მჯერა, რომ კოტე თავის საქმეში ბედნიერი იქნება“, – ამბობს ციცინო აკოფაშვილი.


კოტეს, კონსტანტინე აკოფაშვილის მღვდლად კურთხევამდე ერთი კვირა რჩება და ციცინო ყოველ დილით, 7–ის ნახევარზე დგება, კოტეს ნაჩუქარ კრიალოსანს იღებს და დაახლოებით სამ კილომეტრს გადის ლოცვით, შვილისთვის...


2 სექტემბერი კონსტანტინე აკოფაშვილისა და მისი ოჯახისათვის, ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იქნება. იგი მღვდლად ეკურთხება და ქართველ კათოლიკე სასულიერო პირთა მცირე შემადგენლობას კიდევ ერთი ადამიანით გაამდიდრებს.


თაკო ფეიქრიშვილი
Catholic.ge


Kommentare


bottom of page