top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული მესხეთში

3 ივნისს, მესხმა კათოლიკეებმა, ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული იზეიმეს. ამ დღეს ისინი „ვარდისშეყრას“ უწოდებენ.

არლისა და ვალის საკრებულოებში საზეიმო წირვა აღევლინა და პანდემიის შეზღუდვების გამო, ყვავილებით, ტრადიციული პროცესია მხოლოდ ტაძრებთან გაიმართა.


„ვარდისშეყრა“ ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაულის მესხური სახელწოდებაა. კათოლიკეები მას სულთმოფენობიდან ათი დღის შემდეგ ზეიმობენ. ეს დღე მესხეთში ხუთშაბათობით აღინიშნება, სხვა სამრევლოებში კი მას კვირა დღეს (6 ივნისი) იზეიმებენ. დღესასწაული წმინდა წირვასა და საზეიმო მსვლელობას (პროცესია) მოიცავს. მისი ერთ–ერთი ატრიბუტი კი, ფერადი ყვავილებია -"ქრისტიანებს გვწამს, რომ ამ დროს, ევქარისტიის მეშვეობით, ცოცხალი ქრისტეა ჩვენს შორის. სწორედ ამიტომ, პატივისცემის ნიშნად, ჩვენ მას გზაზე ყვავილებს ვუფენთ", – ამბობენ მორწმუნეები.


სხვა წლებისაგან განსხვავებით, როცა ყვავილების თანხლებით, ქრისტეს ხორცითა და სისხლით მსვლელობით შორ მანძილზე იყო დაგეგმილი, წელს პანდემიის გამო, მხოლოდ ადგილზე, სოფლებში ტაძრებთან გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობებიდან არლისა და ვალის ტაძრების წინამძღვრებმა პროცესიის გამართვასთან დაკავშრებით უარი მიიღეს.


ეს არის დღესასწაული, რომელსაც მხოლოდ კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს. წმ. წირვის შემდეგ ტრადიციულ მსვლელობას წინ მიუძღვის სასულიერო პირი, რომელსაც მიაქვს ყოვლადწმინდა საიდუმლო, აღმდგარი იესოს სხეული. წმინდა ზიარების თანხლებით, პროცესიის, იგივე მსვლელობის გამართვა მორწმუნეებისათვის რწმენის აღიარების სიმბოლოა.


ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლკე ეკლესიაში მე–13 საუკუნიდან აღინიშნება.


კომუნისტურ პერიოდში, როცა მესხეთის სოფლებში კათოლიკე მღვდლები არ სწირავდნენ, მორწმუნეები „ვარდისშეყრის“ დღესასწაულზე ბუზმარეთის ტაძრის მოსალოცად მიდიოდნენ.


თაკო ფეიქრიშვილი


Comments


bottom of page