საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ქონების დაბრუნების საკითხზე, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ, საქართველოს მთავრობას წერილობით მიმართა.
დოკუმენტი 2023 წლის იანვრით თარიღდება, სადაც სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს იმ ექვს კათოლიკურ ტაძარს ახსენებს, რომლებიც კათოლიკეებს ჩამოართვეს და მართლმადიდებლებს გადასცეს. პირველ ეტაპისთვის, კარდინალი საქართველოს მთავრობას ქუთაისის კათოლიკური ტაძრის დაბრუნებას სთხოვს. ცნობისთვის, რომ ეს ის ტაძარია, როცა 2022 წლის 4 ოქტომბერს, პაპის ნუნციუსი და კათოლიკე მრევლი ფატიმის ღვთისმშობლის მიმლოცველობისას, ტაძარში შესასვლელი გადაუკეტეს.
Catholic.ge ვატიკანის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინის წერილს გთავაზობთ.
–––––
წერილი საქართველოს მთავრობას
სახელმწიფო სამდივნო ვატიკანიდან, 27 იანვარი, 2023 წ.
N. 905/23/RS
ბატონო პრემიერმინისტრო,
როგორც გახსოვთ, გასულ სექტემბერს, ნიუ-იორკში ჩატარებული გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის დროს, შესაძლებლობა მომეცა მოგსალმებოდით გენერალური დებატების დაწყებამდე. იმ მოკლე შეხვედრისას მე შევეხე საქართველოში იმ კათოლიკური ეკლესიების დაბრუნების საკითხს, რომლებიც ამჟამად დაკავებულია მართლმადიდებლური სამრევლოების მიერ.
ნება მიბოძეთ, მადლობა მოგახსენოთ ყურადღებისა და იმ ინტერესისთვის, რომელიც ამ საკითხის მიმართ გამოიჩინეთ.
ამის გათვალისწინებით, სასარგებლოდ მიმაჩნია მოკლედ შევაჯამო აღნიშნული საკითხი. საქმე ეხება ექვს კათოლიკურ ეკლესიას: გორის, ქუთაისის, ბათუმის, უდის, ივლიტისა და ბუზმარეთის ეკლესიებს (იხ. დანართი). მართლმადიდებლური სამრევლოები, რომლებიც სადღეისოდ იკავებენ ამ ეკლესიებს, აცხადებენ, რომ ეს ეკლესიები მათ გადასცა ქვეყნის ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე. ამდენად, ისინი ამ საკითხს განიხილავენ „სახელმწიფო საქმედ“.
თავდაპირველად, კათოლიკური ეკლესიისთვის ამ ქონების (რომელიც მას კანონიერად ეკუთვნის) დაუბრუნებლობა, ასე თუ ისე, აიხსნებოდა იმით, რომ მართლმადიდებელ მრევლს საკულტო ნაგებობების ნაკლებობა ჰქონდა. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე კი, მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი ეპისკოპოსების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეულობით ეკლესია აიგო (მათ შორის, სახელმწიფოს დახმარებითაც), სადღეისოდ ეს პრობლემა აღარ არსებობს.
ამის გათვალისწინებით, ნება მიბოძეთ, თქვენო აღმატებულებავ, გავიხსენო კათოლიკე ეკლესიის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული არაერთი მეგობრული აქტი. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ეკლესიამ დააკმაყოფილა ქართველი მართლმადიდებელი მრევლის საჭიროებანი, როცა გამოუყო მას სალოცავი ადგილები. მაგალითად, რომში აღნიშნული მრევლი იყენებს მონტის წმიდა მაცხოვრის სახელობის ეკლესიას (San Salvatore ai Monti). ამიტომ, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, მისასალმებელი იქნებოდა ერთგვარი „საპასუხო ნაბიჯის“ გადადგმა, რაც, სადღეისოდ მაინც, შეიძლებოდა გამოხატულიყო უმანკო ჩასახვის ეკლესიის დაბრუნებით, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, იქ, სადაც ცხოვრობს ყველაზე მრავალრიცხოვანი და ისტორიულად მნიშვნელოვანი რომაულ-კათოლიკური თემი საქართველოში.
წინასწარ გიხდით მადლობას ყველაფრისთვის, რის გაკეთებასაც ამ საკითხთან დაკავშირებით შეძლებთ და ჩვენი კეთილი ურთიერთობების გაგრძელების იმედით, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა დავუდასტურო თქვენს აღმატებულებას ჩემი უღრმესი პატივისცემა.
კარდინალი პიეტრო პაროლინი
სახელმწიფო მდივანი
______________________________
მის აღმატებულებას
საქართველოს პრემიერმინისტრს
ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს
თბილისი
საქართველოში კათოლიკე ეკლესიის კუთვნილი ტაძრები
გორის კათოლიკური ტაძარი
გორის წმ. ოჯახის კათოლიკური ტაძარი აშენდა 1806-1810 წლებში. ქალაქ გორში ოდითგანვე არსებობდა კათოლიკური თემი. ამასთან, გორი გახლდათ კათოლიკე მისიონერების ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილი (სულ ცოტა, მე-17 საუკუნიდან მოყოლებული). 1930-იან წლებში, როცა ეკლესია მღვდლის გარეშე დარჩა, საბჭოთა მთავრობამ იგი დახურა და მისი კონფისკაცია მოახდინა. 1970-იანი წლების ბოლოს შენობა გადაეცა კომკავშირს და გამოიყენებოდა საკონცერტო დარბაზად. იქ განთავსდა ქალაქის სამუსიკო სკოლა. ,,პერესტროიკის“ დადგომისთანავე, მორწმუნეთა მოთხოვნით, სამუსიკო სკოლა დაიხურა, მაგრამ შენობა მრევლისთვის არ გადაუციათ. მღვდელი პერიოდულად ჩამოდიოდა თბილისიდან და წირვას კერძო სახლებში ატარებდა. 1989 წელს ქალაქის მთავრობამ შენობა მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა. 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რის შედეგადაც დიდწილად წაიშალა კათოლიკური ხუროთმოძღვრების კვალი და მთლიანად განადგურდა ფრესკები.
ქუთაისის კათოლიკური ტაძარი
ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიას წარსულში მრავალი სალოცავი ჰქონდა. ამჟამინდელი ნაგებობის მშენებლობა დაიწყო 1819 წელს და უსახსრობის გამო 40 წელზე მეტხანს გაგრძელდა. ეკლესია უმანკო ჩასახვის სახელზეა აგებული. საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი ჯერ დახურა, შემდეგ საწყობად, ბოლოს კი საკონცერტო დარბაზად აქცია. 1989 წლიდან იგი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. ეკლესია აშენებულია 1803 წელს, მეფე სოლომონისა და მარიამ დედოფლის მიერ კათოლიკე მისიონერებისთვის ნაჩუქარ მიწაზე, რისი დამადასტურებელი საბუთიც შემონახულია.
ბათუმის კათოლიკური ტაძარი
ბათუმის კათოლიკური ტაძარი აშენდა 1889-1903 წლებში, ზუბალაშვილების დაფინანსებით. საბჭოთა პერიოდში ეკლესია დაიხურა და სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა (მაღალი ძაბვის ელექტროსადგური, არქივი და სხვ). 1970 წელს შენობა გარემონტდა და 1980 წელს გადაეცა მართლმადიდებელ ეკლესიას.
უდის კათოლიკური ტაძარი
კათოლიკური ეკლესია უდეში აშენდა 1904-1906 წლებში, ადგილობრივი კათოლიკეების მიერ, იქ მცხოვრები მუსლიმების დახმარებით, რაც დადასტურებულია შენობაზე არსებული წარწერებით. 1930-იან წლებში მღვდლები დააპატიმრეს და ეკლესია კოლმეურნეობის საწყობად აქციეს. 1990-იანი წლებიდან ხელისუფლებამ შენობა მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა. მას შემდეგ ეკლესია მართლმადიდებლებს უკავიათ. 2012 წელს ძველი კედლის გალავანი დაანგრიეს და ახალი ააშენეს - ორნამენტებით დამშვენებული ძველი ქვები გაქრა და აშენდა სამრეკლო. მოგვიანებით გუმბათი გადააკეთეს, თუმცა, კათოლიკეთა პროტესტის შედეგად, მისი ბოლომდე შეცვლა ვერ მოხერხდა. სისტემატურად ხდება ჩარევები კათოლიკური კვალის (შიდა მოხატულობა) წასაშლელად.
ივლიტის კათოლიკური ეკლესია
ივლიტის კათოლიკური ეკლესია ძალიან ძველია და მისი აგების თარიღიც უცნობია. იგი მდებარეობს ქალაქ ახალციხის მიდამოებში. ომებითა და ხანძრით გამოწვეული ზიანის შემდეგ, ეკლესია რამდენჯერმე აღადგინეს. კედლებში მიმოფანტული უძველესი ქვები ცხადყოფს, რომ იგი რამდენჯერმე იქნა გადაკეთებული, ბოლოს - მე-19-20 საუკუნეებში. შენობა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აიღო იმ პირობით, რომ ქართველი კათოლიკე მღვდლის ჩამოსვლამდე კათოლიკეებს მოემსახურებოდნენ, შემდეგ კი შენობას დააბრუნებდნენ. თუმცა, კათოლიკე მოიჯარეები წარუმატებლად მოითხოვდნენ თავიანთი უფლებების დაცვას. დღეისთვის სახურავი ჩამონგრეულია. რამდენიმე წლის წინ მოეწყო ახალი ბეტონის იატაკი, რამაც სამუდამოდ დაფარა იქ დაკრძალული მღვდლების საფლავები.
ბუზმარეთის კათოლიკური ეკლესია
ბუზმარეთის კათოლიკური ეკლესია მდებარეობს უდიდან რამდენიმე კილომეტრში, ტყეში, თურქეთთან სადემარკაციო ზონაში. ამაღლების დღესასწაულზე ადგილობრივი მოსახლეობა ეკლესიის მოსალოცად მიდის ხოლმე. ეკლესია ძველია, მისი აშენების თარიღი კი დავიწყებული. თუმცა ცნობილია, რომ უკანასკნელ პერიოდში იგი გარემონტებულ იქნა კათოლიკე ოჯახების მიერ. ამჟამად შენობა მართლმადიდებელ ეკლესიას უკავია.
Comments