top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ვითმენთ, მაგრამ უტვინოები არ ვართ!’ – კათოლიკე მღვდელი ქუთაისის ინციდენტზე

Updated: Oct 7, 2022

მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა, კათოლიკე მრევლს კათოლიკურ ტაძარში ღვთისმშობლის ქანდაკებით შესვლა აუკრძალა. მსვლელობისას, კათოლიკეებს ტაძრის ეზოს გარშემო საავარიო ლენტი დახვდათ შემოვლებული, შესასვლელი კი – მანქანებით ჩახერგილი.


4 ოქტომბერს, ქუთაისის კათოლიკურმა სამრევლომ პორტუგალიის ქალაქ ფატიმიდან ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის ქანდაკებას უმასპინძლა. ნიუპორტის ქუჩაზე არსებულ სამრევლო სახლში საზეიმო დახვედრისა და ლოცვის შემდეგ, ქალაქ ქუთაისის ქუჩებსა და ცენტრალურ პარკში ქანდაკებასთან ერთად ფეხით მსვლელობა მოეწყო. გეგმის მიხედვით, მსვლელობის მონაწილეები ხუთ ადგილზე უნდა შეჩერებულიყვნენ. მათ შორის: ფალიაშვილის მუზეუმთან,ოპერის თეატრთან, რუსთაველის ქუჩაზე, ცენტრალურ მოედანსა და იერუსალიმის ქუჩაზე.

როგორც ქუთაისის სამრევლოს წინამძღვარი მამა გაბრიელე ბრაგანტინი განმარტავს, როცა მსვლელობა იგეგმებოდა, მრევლში იყო დიდი სურვილი, რომ ღვთისმშობლის ხარების ეკლესიაში, რომელიც კათოლიკურია და ახლა მართლმადიდებლები სარგებლობენ, ღვთისმშობლის ქანდაკება შეებრძანებინათ.


„ამისათვის მე პირადად მივედი მეუფე იოანესთან [ქუთაისის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი], ვესაუბრე და ვთხოვე, რომ მოეცა თანხმობა. მან მითხრა, გავესაუბრები ჩემს მრევლს და პასუხს გაცნობებთო. მართლაც, რამდენიმე დღეში დამირეკა და მითხრა, ბოდიში, მაგრამ თქვენ არ გაქვთ უფლება ტაძარში შემოხვიდეთო“.


კითხვაზე, რას ასახელებდა მიტროპოლიტი ტაძარში არ შეშვების მიზეზად, მამა გაბრიელე ამბობს, რომ მიზეზი იყო მრევლის დამოკიდებულება. რომ ტაძარი უკვე მართლმადიდებლებს ეკუთვნით და მრევლში გამოიწვევდა ნეგატიურ განწყობებს.

„მითხრა, თუ მშვიდობა გინდათ, მოიქეცით ისე, როგორც აქამდე იქცეოდითო. ვფიქრობ, რომ ეს იყო მუქარის შემცველი ფრაზა, მაგრამ ურთიერთგაგებისთვის, მე დავეთანხმე მის პასუხს და ვუთხარი – კარგი“.


მიტროპოლიტისგან მიღებული პასუხის შემდეგ, მრევლმა ყოფილ ტაძართან შეჩერების გეგმა გააუქმა. მსვლელობის პირველი შეჩერება კი კათოლიკე კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმთან გადაწყდა.


მსვლელობა დაახლოებით 20.00 საათზე დაიწყო. მას წინ პაპის წარმომადგენელი საქართველოში, ვატიკანის ელჩი, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური და მისი მრჩეველი მიჰყვებოდა. როცა მსვლელობამ ღვთისმშობლის ხარების კათოლიკურ ტაძართან ჩაიარა, ხარების ტაძრის მთავარი შესასვლელი გადაკეტილი დახვდათ. ეზოს, მთელს სიგრძეზე, გამაფრთხილებელი ლენტი ჰქონდა შემოვლებული, შესასვლელი კი მანქანებით იყო ჩახერგილი. ტაძრის კარის წინ მართლმადიდებელი სასულიერო პირები და რამდენიმე ახალგაზრდა იდგნენ და მომლოცველებს ლენტის მეორე მხრიდან უყურებდნენ. გეგმის მიხედვით, აქ მსვლელობა არ უნდა გაჩერებულიყო, თუმცა ვატიკანის ელჩის მოთხოვნით, ღვთისმშობლის ქანდაკებაც და ხალხიც შეჩერდა. დაახლოებით ხუთწუთიანი ლოცვის შემდეგ, მსვლელობა ფალიაშვილის მუზეუმისკენ გაგრძელდა:


„ეს იყო მათი [მართლმადიდებლების] სირცხვილი და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ასე ფიქრობს ყველა, ვინც ამ მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას. იქ კათოლიკეებთან ერთად, აგრეთვე იყვნენ მართლმადიდებლებიც. მეუფე იოანემ თქვა, რომ სახურავიდან ცვიოდა რაღაცა მასალა და ამის გამო გააკეთეს ლენტი. თუ ნამდვილად რამე პრობლემა იყო ეზოში, რატომ არცერთი სასულიერო პირი არ მოვიდა და არ თქვა: ბოდიში, ჩვენ ეზოში პრობლემა გვაქვსო? ისინი ახალგაზრდა კაცებთან ერთად იდგნენ, ირონიულად იღიმებოდნენ და ჟარგონს თუ ვიხმართ, „ბლატაობდნენ“. მეორე დილას არც მანქანები იდგა იმ ადგილზე და არც ლენტი იყო. ერთ ღამეში მოგვარდა პრობლემა? ეს არ არის მეგობრობა, ურთიერთგაგება და ძმობა. ქუთაისი მხოლოდ ლოზუნგებით არის ტოლერანტობის ქალაქი? მხოლოდ სადღეგრძელოებში?“...


მისივე თქმით, მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, ეს სპეციალურად ამ მსვლელობისათვის იყო დაგეგმილი: „ამ ეკლესიის შესასვლელთან, საღამოს რვა საათზე არასდროს დგას მანქანები, 6 საათის შემდეგ კი აქ არცერთი მღვდელი არ არის. მაშინ რა უნდოდათ იმ საღამოს? შეიძლება სხვას, ვისთვისაც უჩვეულოა ასეთი ფაქტები, გაუკვირდეს, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ამისი გამოცდილება. ზუსტად ასეთი ფაქტებით ისინი ცდილობენ, რომ ქუთაისში კათოლიკეების კვალი დაიკარგოს, თუმცა არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელს საქართველოში“, – განმარტავს წინამძღვარი.


მისივე თქმით, ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების ბათუმის კათოლიკურ ტაძარში შებრძანებაზე უარი თქვა ბათუმის მიტროპოლიტმაც.


წინამძღვარს მიაჩნია, რომ მიუხედავად ამ ორ აღმსარებლობაში არსებული განსხვავებული ტრადიციებისა, პატივისცემა და ურთიერთგაგება აუცილებელია, რაც ამ პერიოდში არ ჩანდა.


„ღვთისმშობელი არის ყველასათვის. მისი ქანდაკება საქართველოში პორტუგალიიდან ჩამოვიდა. მართალია, რომ ეს კათოლიკური ტრადიციაა, მაგრამ თუ ტრადიცია სხვადასხვაა ამის გამო ჩვენ უნდა ვიჩხუბოთ? სხვა ტრადიციები უნდა დავაიგნოროთ? მით უმეტეს, ამბობენ – "საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაო", მაშინ როცა ჩამოდის ღვთისმშობლის ქანდაკება, რომელიც მილიარდ 200 000 ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სიწმინდე, მათ რატომ არ შეუძლიათ, რომ პატივი ვცენ? არ შეუძლიათ რომ ერთი ყვავილი მიიტანონ, ერთი სანთელი აანთონ ამ ქანდაკების წინ? ქანდაკების, რომელიც არ არის ეშმაკის ნიშანი, როგორც ზოგიერთები ამბობენ... მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ტრადიციები გვაქვს, მე მიხარია, რომ შეგვიძლია პატივი მივაგოთ აღმოსავლურ ხატებს, საგალობელს. ეს არის ჩვენი სიმდიდრე. რატომ აქვთ მუსლიმებს უფრო მეტი პატივისცემა კათოლიკური ტრადიციების მიმართ, რატომ? მართლმადიდებლების მხრიდან ასეთი დამოკიდებულბა მხოლოდ საქართველოში ხდება... უცნაურია, რომ როდესაც მართლმადიდებელი ქართველები იტალიაში არიან, იქ კათოლიკურ ეკლესიაში შედიან. მათ კათოლიკე ეკლესია აძლევს ტაძრებს, სადაც შეუძლიათ აღავლინონ თავიანთი ლოცვა. იტალიაში კათოლიკური ეკლესია ბედნიერია, რომ შეუძლია მათი დახმარება. მაშინ, ჩვენ უნდა დავწეროთ ჩვენი ეპისკოპოსიების მიმართ: ნუ შეუშვებთ, რადგან ჩვენ [კათოლიკეების] მათთვის არავინ ვართ, ეშმაკები და ერეტიკოსები ვართო?“.


რაც შეეხება თავად ხარების სახელობის ტაძარს, კათოლიკე მღვდელი ამბობს, რომ კათოლიკე ეკლესიის მხრიდან მისი დაბრუნების მცდელობა არაერთხელ იყო, თუმცა იმ პირობებში, როცა ხელისუფლება გადაწყვეტილებებს მართლმადიდებლური ეკლესიისგან დამოუკიდებლად ვერ იღებს, პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება.


„მიტროპოლიტი კალისტრატე, რომელიც იოანემდე იყო ქუთაისის მიტროპოლიტი, ამბობდა: თუ ეს ეკლესია კათოლიკეებს დაუბრუნდებათ, მე მას ბომბით ავაფეთქებო. როცა ქუთაისში მხოლოდ 3–4 მართლმადიდებლური ეკლესია იყო, მესმის, რომ სჭირდებოდათ ჩვენი ეკლესია. მაგრამ ახლა, როცა ამდენი მართლმადიდებლური ეკლესია შენდება, რად უნდათ ჩვენი ეკლესია? ვინ ხელმძღვანელობს სინამდვილეში საქართველოს, მთავრობა თუ მართლმადიდებლური ეკლესია? ამბობენ, რომ მთავრობა და ეკლესია დამოუკიდებელია. კი, კონსტიტუციის მიხედვით ასეა, მაგრამ ყოველდღიური საქმიანობის მიხედვით მგონია, რომ საკამათოა ამის თქმა. ჩანს, რომ ხშირად თუ საპატრიარქოდან არ არის თანხმობა, არაფერი ხდება...“


მისივე თქმით, მთავრობები იცვლება, მაგრამ წართმეული ტაძრების საკითხი კვლავ მოუგვარებელია: „ვფიქრობ, რომ ჰგონიათ ჩვენ ტვინი არ გვაქვს... როდესაც ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა, მიხეილ სააკაშვილის სახელზე დავწერეთ წერილი, რადგანაც ამხელა ახალი ტაძარი რესტავრირდა ქუთაისში და დაებრუნებინათ ჩვენი ტაძარი, მაგრამ მთავრობა გაჩუმდა. მან თავისი პასუხისმგებლობა არ აიღო. არჩია, რომ მეუფე კალისტრატესთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა... „


მღვდელი ამბობს, რომ ტაძრების დაბრუნების საკითხი სახელმწიფო პასუხისმგებლობაა, რომელსაც ყოველთვის თავიდან იცილებს:


„შეიძლება ქუთაისში მხოლოდ ერთი კათოლიკე დარჩეს, მაგრამ ეს ეკლესია მაინც კათოლიკურ ეკლესიად დარჩება და სახელმწიფოს მოვალეობა აქვს, რომ იმ ერთი კათოლიკესთვის დააბრუნოს იგი, რადაგან ეს ტაძარი მისია, ამ კათოლიკეს ეკუთვნის“.


„მე ხშირად ვამბობ, ქუთაისში 20 წლის შემდეგ კათოლიკეები არ იქნებიან, მაგრამ ეს არ იქნება კათოლიკე ეკლესიის პრობლემა. ეს იქნება პრობლემა საზოგადოებისათვის. ვინაიდან, როგორ შეიძლება რომში შეახსენო, ვინ იყო ფალიაშვილი, ვინ იყო ოცხელი, ვინ იყვნენ ყაუხჩიშვილები, როგორ შეიძლება ვისაუბროთ ღირსეულად, სირცხვილის გარეშე ამაზე? გარდა ამისა, ისინი დაკარგავენ მრავალფეროვან საზოგადოებას. ჩვენ თვითონ, ჩვენი ხელებით ვანგრევთ ისტორიას. დღეს ცდილობენ, რომ ააშენონ მხოლოდ ერთნაირი საზოგადოება და არა მრავალფეროვნება... ეს არის მონარქიული და არა დემოკრატიული საზოგადოება. ამ დღეებში, ქუთაისში პეტრე ოცხელის გამოფენაა. თუ კათოლიკეები ერეტიკოსები არიან, გამოდის, რომ პეტრე ოცხელიც ერეტიკოსი იყო და მაშინ რაღაშია საჭირო ეს გამოფენა?... და ჩვენ როგორც კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლები, ამ გამოფენაზე არავინ დაგვპატიჟა..“ – ამბობს მამა გაბრიელე ბრაგანტინი.



ფატიმის ღვთისმშობლის მომლოცველობის ღონისძიებაზე ქუთაისსა და ბათუმში დაპატიჟებული იყვნენ მთავრობის წევრებიც, თუმცა ცერემონიაზე არცერთი მათგანი არ მივიდა. წინამძღვარი ამბობს, რომ ღონისძიების დაგეგმვაში დახმარებას ადგილობრივი თვითმმართველობების რამდენიმე განყოფილებაშიც დაჰპირდნენ, მაგრამ არავინ დაეხმარა.


Catholic.ge -ს მასალის გამოყენებისას, გთხოვთ, დაიცვათ საავტორო უფლებები.

თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page