21 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში, წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულების სახელობის ტაძარში ზაქარია ფალიაშვილის ნაშრომის, სახელწოდებით „მესა“ პრეზენტაცია გაიმართება. იგი წიგნად თბილისის მუზეუმთა გაერთიანებისა და კონსერვატორიის ორგანიზებით გამოიცა.
როგორც ცნობილია, პრეზენტაციის დასაწყისსა და დასასრულში "მესის" გარკვეული მონაკვეთები ტაძრის უძველეს ორღანზე შესრულდება. ამ ორღანზე თავად ზაქარია ფალიაშვილი უკრავდა.
„მესის“ ახალი გამოცემა ეძღვნება ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს.
ეს თარიღი იუნესკომ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) 2020-2021 წლების საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.
„ფალიაშვილი იყო არაჩვეულებრივი გამტარი ეროვნულისა და ევროპული კონტექსტის და „მესის“ გამოცემით საშუალება მოგვეცა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული კუთხითა და კონტექსტით წარმოგვეჩინა ამ დიდი კომპოზიტორის სახე“, – ამბობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე.
ფალიაშვილმა „მესა“ მე–20 საუკუნის დასაწყისში დაწერილი. პირველად იგი ამავე პერიოდში გამოიცა. „მესის“ ერთადერთი ხელნაწერი სამ ეგზემპლარად, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის მიერ, სხვადასხვა პერიოდშია შესრულებული, თბილისის მუზეუმთა ფონდებშია დაცული.
თაკო ფეიქრშივილი
Comments