top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘თოვლის ღვთისმშობლის’ ეკელსიის დღესასწაული უდის მთაში



უდის მთა ბეშუმთან ახლოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი სოფელ უდიდან დაახლოებით 20 კილომეტრშია და აქ უდელები ზაფხულში, სამი თვით მიდიან. მორწმუნე კათოლიკეებს მთაში პატარა ხის ეკლესია აქვთ, რომელიც „თოვლის ღვთისმშობლის“ სახელზეა ნაკურთხი.


"თოვლის ღვთისმშობლის" დღესასწაულზე, ყოველ 5 აგვისტოს, მთაში წასული უდელი და მეზობლად მცხოვრები არლელი მორწმუნეები ეკლესიის ეზოში იკრიბებიან და საზეიმო წირვას ესწრებიან. მათ უერთდება სოფლებიდან საგანგებოდ ამ დღისთვის ასული მრევლიც.


წელს, სადღესასწაულო წირვა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა, ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. სპეციალურად ამ დღისთვის იგი თბილისიდან მთაში ავიდა.


წმ. წირვაზე ეპისკოპოსთან ერთად, არლისა და უდის ტაძრების წინამძღვარი მამა ადრეი გრაჩიკი, ხიზაბავრისა და ვარგავის ტაძრების წინამძღვარი მამა აკაკი ჭელიძე, ბეთლემისა და გორის სამრევლოების ადმინისტრატორი მამა მერაბ ტატალაშვილი, ერევნიდან სტუმრად ჩამოსული მღვდელი მამა სიმონი და არლისა და უდის ტაძრების დიაკვნები იმყოფებოდნენ.


ლიტურგია ღვთისმშობელს მიეძღვნა და მარიამის მიმართ აღვლენილი ძველი საგალობლები შესრულდა.


მთაში ეკლესიის კურთხევა და აქ დღესასწაულის დაწესების ინიციატივა მამა იეჟი შიმეროვსკის ეკუთვნის, რომელიც წლების განმავლობაში არლისა და უდის ტაძრების წინამძღვარი იყო. როგორც ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ამბობს, „თოვლის ღვთისმშობლის“ სახელწოდებაც ტაძარს სიმბოლურად შეურჩიეს: „როცა მამა იეჟი შიმეროვსკიმ მკითხა, რისი სახელობის უნდა ყოფილიყო ეკლესია, მე ვურჩიე, რომ იყოს „თოვლის ღვთისმშობლის“ სახელობის. იმიტომ, რომ ეს ეკლესიაც მთაშია, ისევე, როგორც მარიამისთვის მიძღვნილი ტაძარი“, – განმარტა ეპისკოპოსმა.


ლეგენდის მიხედვით, 352 წელს, პაპ ლიბერიუსის დროს, რომში ღვთისმოშიში, მდიდარი წყვილი ცხოვრობდა. მათ შვილი არ ჰყავდათ და გადაწყვიტეს მთელი ქონება ღვთისმშობლისთვის შეეწირათ. საკუთარი სურვილი ცოლ-ქმარმა გააცნო პაპ ლიბერიუსს, რომელმაც ისინი დალოცა. წყვილი მხურვალედ ლოცულობდა და ღვთისმშობელს რაიმე ნიშნის ჩვენებას შესთხოვდა. 4 აგვისტოს, ღამით კი მათ და პაპ ლიბერიუსს ღვთისმშობელი სიზმარში ეჩვენათ და უთხრა, რომ მის სახელზე რომში, ესქვილინის გორაზე ეკელსია აეშენებინათ. ადგილი, სადაც ტაძარი უნდა დაედგათ, წმიდა მარიამის განმარტებით თოვლით დაიფარებოდა. მეორე დღეს, წყვილმა ესქვილინის გორაზე, სიზმარში მითითებული ადგილი თოვლით დაფარული მართლაც ნახა. აგვისტოში მოსული თოვლით გაოცებული ხალხი ამ ადგილის სანახავად მიდიოდა. სიცხის მიუხედავად, გორაზე თოვლი არ დნებოდა. რომის ეკლესიამ ეს ფაქტი სასწაულად გამოაცხადა. დღესასწაულიც ამ დროიდან დაწესდა. „ეს იყო პირველი ეკლესია დასავლეთში, რომელიც მარიამს მიეძღვნა. ახლა, როცა პაპი რომიდან სხვა ქვეყანაში მიდის, აუცილებლად ჩერდება ამ ეკლესიაში და ლოცულობს", - ამბობს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი. საზეიმო ლიტურიგიის შემდეგ, ბარიდან ასულ სტუმრებს, მემთეურმა პატარებმა მცირე ღონისძიება წარმოუდგინეს.


არლისა და უდის მთებში წმ. წირვისთვის ყოველ კვირაში ადის მამა ანდრეი გრაჩიკი.




თაკო ფეიქრიშვილი, შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page