საინფორმაციო სააგენტო "სამხრეთის კარიბჭეს" ინფორმაციით, ივლიტის ტაძარში, რომლის სახურავიც თებერვალში ჩამოინგრა, წყალი ჩადის და იტბორება. სააგენტო ფოტო–ვიდეო მასალას აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ სახურავის შეკეთებას უამინდობის გამო ვერ ახერხებენ: "როგორც კი ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს, ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენლები, ჩვენი მეთვალყურეობით დაიწყებენ სახურავის გაწმენდით სამუშაოებს. ამის შემდეგ სააგენტო უკვე დაიწყებს სახურავის აღდგენისთვის პროექტის მომზადებას. როცა პროექტი გვექნება უკვე მოხდება მისი რეაბილიტაცია", - აცხადებს სააგენტოს ხელმძღვენელი ნიკოლოზ ანთიძე.
ივლიტის ტაძრის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წერილით მიმართა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, თუმცა მას პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. იგი წერილში სააგენტოს თხოვდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გათვალისწინებული ყოფილიყო კათოლიკე ეკლესიის ინტერესები, როგორც ამ ტაძრის ისტორიული მეპატრონისა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ისტორიულად კათოლიკური ტაძარი, რომელიც ამჟამად მართლმადიდებლების მფლობელობაშია. ეკლესია ღვთისმშობლის შობის სახელობისაა და VIII-XX საუკუნეებით თარიღდება. ამჟამად, იგი იმ ექვს სადავო ტაძრს შორისაა, რომლის ისტორიული მესაკუთრეც კათოლიკე ეკელსიაა და მის დაბრუნებას მოითხოვს.
1991 წლიდან ტაძარი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. 1999 წელს კი, აქ მოანგრიეს კათოლიკური საკურთხეველი და მის ქვეშ კათოლიკე მისიონერის საფლავი.
ამ დრომდე, ეკლესიაში წირვა–ლოცვას მხოლოდ მართლმადიდებლები აღავლენენ.
ვიდეო – "სამხრეთის კარიბჭე"
Comments