17 ივლისს, იტალიაში, ბიბონეს სამრევლოში, კავკასიის ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს, ლუიჯი პადოვეზეს სახელობის პრემია გადაეცა. ეპისკოპოსმა ჯილდო მიიღო საქართველოსა და სომხეთში ქრისტიანთა მხარდაჭერისა და მსახურებისთვის. ამასთან დაკავშირებით, Catholic.ge გთავაზობთ ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს წერილს.
ვერ ვიტყვი, რომ მოულოდნელი იყო, როცა რამდენიმე თვის წინ პორდენონე-პორტოგურაროს ეპარქიის ეპისკოპოსმა დამირეკაა და შემატყობინა, რომ ჩვენი, კავკასიის ეკლესია (კათოლიკე) ლუიჯი პადოვეზეს სახელობის პრემიისთვის შეარჩიეს.
ლუიჯი პადოვეზე კაპუცინი ეპისკოპოსი იყო, რომელიც პაპმა ანატოლიაში (თურქეთი) სამოციქულო ვიკარიუსად დანიშნა. იგი იყო დიალოგის, შეხვედრების ადამიანი, რომლის დროსაც მომავალს ყოველთვის პოზიტიურად ხედავდა.
“დიალოგი, სანამ შეხვედრად და იდეების შეპირისპირებად იქცევა, იქამდე უნდა იქცეს შეხვედრად ადამიანებს შორის, რომელთაც აქვთ გული და გონება. თუ დიალოგში გული არ არის ჩართული, მაშინ ის ნაკლებ შედეგიანია“, - წერდა ლუიჯი პადოვეზე.
ულამაზესი ქალაქი ბიბიონე, რომელიც ადრიატიკის ზღვის პირას მდებარეობს და ვენეტოს ოლქს განეკუთვნება, ზაფხულში დამსვენებლებით სავსეა და ამ პერიოდში მისი მოსახლეობა 7000 - დან 20 000 - მდე იზრდება. ბიიონეს მრევლს სურდა ამ ქალაქის მკვიდრის, ცნობილი ფიგურის გახსენება და ამიტომ დააწესეს პრიზი, რომელიც მის სახელს ატარებს.
ჯილდო გადაეცემა ადგილობრივ ეკლესიას, რომელიც განიცდის სირთულეებს რწმენის, ადგილმდებარეობის, ისტორიის ანდა საქმიანობის გამო.
მას შემდეგ, რაც გასულ წლებში ეს ჯილდო გადაეცათ სხვა ეკლესიების ქრისტიანებს (მაგ.: ერაყი, პალესტინა, ტუნისი, სირია, წმინდა მიწა და ა.შ.), ამ წელს, პრემიაზე არჩეულ იქნა ჩვენი ეკლესია.
17 ივლისს სასწრაფოდ გავემგზავრე ბიბიონეში, თბილ და მზიან საღამოს, ადგილობრივ ეპისკოპოსთან ერთად აღვავლინე წმიდა წირვა მთელს მსოფლიოში მშვიდობისათვის, წირვის შემდეგ კი, ტაძარში მონაწილეობა მივიღე საზოგადოებისთვის ღია ინტერვიუში, რომელიც მიეძღვნა კავკასიის ეკლესიაში არსებულ რეალობას.
ჟურნალისტთან პოლიტიკურ, რელიგიურ და სოციალურ საკითხებზე საუბრისას, არ დამვიწყებია ჩემი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვატარებ კავკასიის კათოლიკეებთან ერთად.
დაგაჯილდოონ სახარებისადმი ერთგულების, დევნის, უსამართლობის, დისკრიმინაციის გამო; მაგალითად მოგიყვანონ, იმ თესლის სიმტკიცისთვის, რომელიც კომუნიზმის შემდეგ დარჩა და რომელიც, ბევრის ძალისხმევის წყალობით იზრდება, ყვავის და ნაყოფი გამოიღო – ცოტა არ იყოს ამის გამო თავს უხერხულად ვგრძნობდი, რადგან დამაფიქრა სხვა ეკლესიებში არსებულმა სიტუაციებმა, სადაც ქრისტიანებს ხოცავენ, სადაც ციხეებში სვამენ (ცნობილი ფაქტია, რომ ქრისტიანები მსოფლიოში ყველაზე დევნილი ადამიანები არიან. ამ დროისთვის 365 მილიონი ქრისტიანია დევნილი. მათი რიცხვი ასეთი დიდი არასდროს ყოფილა. მხოლოდ 2023 წელს, რწმენის გამო 4 998 ქრისტიანი მოკლეს). ... და მე დავფიქრდი: ნამდვილად ვიმსახურებთ მოწამე ეპისკოპოსის სახელობის ჯილდოს? შეიძლება ჩვენ ყველამ უნდა დავიბრუნოთ ენთუზიაზმი, სიმტკიცე, იესო ქრისტეს გულისთვის ტანჯვის დათმენა. რამდენია ჩვენს შორის ისეთი, ვინც საკუთარი კომფორტის გამო რწმენა მიატოვა? მოდით, ვიყოთ იმ სახელის ღირსნი, რომელსაც ვატარებთ.
ძვირფასო ძმებო და დებო, ყველას სახელით მადლობას ვუხდი პორდენონე-პორტოგრუაროს ეპარქიისა და ქალაქ ბიბიონეს მარიამის ზეცად აღყვანების სამრევლოს ამ ჯილდოსთვის, რომელიც გვამხნევებს და გვაიძულებს გამოვცადოთ ჩვენი სინდისი – ჩვენ, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები რამდენად ვუხდით მადლობას ღმერთსა და ღვთისმშობელს ჩვენი რწმენისათვის, რომელიც მივიღეთ ჩვენი წინაპრებისგან. კარგი ჯილდოა? დიახ! რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ასევე ქმნის პრობლემებსა და აჩენს ბევრ კითხვას!
წმინდა პრობლემები და წმინდა კითხვები!
იყო კათოლიკე საქართველოში – ძღვენია და მადლია – ეკუთვნოდე ამ ეკლესიას, რომელიც ქრისტეს მიმართ ბოლომდე ერთგული ადამიანის მემკვიდრეა, სიკვდილამდეც კი!
საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
留言