top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეკლესიამ ძმა დემეტრე თბილელის წამების დღე გაიხსენა


2021 წლის 9 აპრილს, 700 წელი შესრლდა, რაც ქართველი კათოლიკე, ფრანცისკანელთა ორდენის ბერი, დემეტრე თბილელი ინდოეთში აწამეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, კათოლიკე ეკლესიამ თბილისში, მარიამის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ტაძარში ლიტურგია აღავლინეს.


საგანგებოდ ამ თარიღისთვის კი, კათედრალური ტაძრის მთავარ კედელზე მოხატულ წმინდანთა გამოსახულებებს, მოწამე დემეტრეს გამოსახულებაც შეემატა.

დემეტრე თბილელი პირველი მოწამეა, ფრანსიცკანელთა ორდენიდან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს აღმოსავლეთ საქრისტიანოში.


ქრისტიანობის დაცვის გამო, იგი ინდოეთში 1321 წლის 9 აპრილს აწამეს, მახვილით გაუნგმირეს მკერდი და თავი მოჰკვეთეს.


დემეტრე თბილელთან ერთად, აწამეს კიდევ სამი იტალიელი, ფრანცისკანელთა ორდენის ბერი, რომელთა სახელებიც იტალიამ კარგად შემოინახა, ხოლო ძმა დემეტრეს მოწამეობის შესახებ ქართული საზოგადოებისათვის ამ დრომდე უცნობი იყო. საქართელოში, ქაღტველი მოწამის შესახებ ცნობების მოგროვება დაიწყო ქუთაისში მოღვაწე სასულიერო პირმა, მამა გაბრიელე ბრაგანტინმა.


დღესვე, ქართველმა კათოლიკე მრევლმა რომის პაპს წერილით მიმართა, სადაც ითხოვენ რომ დაიძრას საკითხი მოწამის ნეტარად აღიარებისა.


კიდევ ერთი წერილი გაიგზავნა ქალაქ თბილისის მერისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელზე, სადაც მორწმუნეები ითხოვენ დედაქალაქის ერთ–ერთ ქუჩს ძმა დემეტრეს სახელი მიენიჭოს.


მოკლედ დემეტრე თბილელის მოწამეობის შესახებ


ცნობილია, რომ დემეტრე თბილელი წარმოშობით თბილისელი ქართველი იყო. იგი კარგად ფლობდა აღმოსავლურ ენებს. სავარაუდოდ, მან სასულიერო გზა აირჩია მას შემდეგ, რაც 1233 წლიდან თბილისში ფრანცისკელი მისიონერები შემოვიდნენ. დემეტრე ტაბრიზში გადავიდა, რათა ესწავლა მონასტერში.


1320 წელს, დემეტრე თბილელი სამ ფრანცისკანელ მისიონერთან: ტომაზო ტოლენტინოელთან, იაკოპო პადუელთან, პიეტრო სიენელთან ერთად მონღოლთა იმპერიის დედაქალაქ ხან–ბალიკში მიემგზავრება.


თუმცა, გაუგებარ მიზეზთა გამო, მათი გემი თანაში, სელსეტეს კუნძულზე (დღევანდელი თანა, მუმბაის რეგიონი) გაჩერდა. ეს ქალაქი სამი წლით ადრე, დელის სულთანმა დაიპყრო. აქ ისინი გაჩერდნენ ერთ ნესტორელ ოჯახში, ჩინეთისაკენ მიმავალი გემის მოლოდინში. მასპინძელმა ქალმა, ქმართან უთანხმოების გამო, მოწმეებად მოუხმო მათ მუსლიმი სასულიერო მსაჯულის, ყადის წინაშე. მან ჯერ ინება, შეჰკითხვოდა ბერებს ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტების შესახებ, შემდეგ გამოსაწვევად ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ ისინი მუჰამედზე.

ყველას სახელით პასუხი გასცა ტომაზომ და განაცხადა, რომ მუჰამედის გზა დაღუპვის გზა იყო, ამ პასუხმა კი განსაზღვრა მისი და მის მეგზურთა სასიკვდილო განაჩენი.


იაკოპო, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა იყო, ორგზისაწამეს ცეცხლით, რასაც ორივეჯერ უვნებელი გადაურჩა; შემდეგ ტომაზოსა და დემეტრესთან ერთად აღესრულა მახვილით, 1321 წლის 9 აპრილს, კალვაში, ზღვის ვიწრო ყურის მიღმა.

პიეტრო, რომელიც სახლში იყო მათი ნივთების დარაჯად, მოკლეს ორი დღის შემდეგ.


ლიტურგიისას  წარმოთქმული ქადაგება იხილეთ აქ 

Catholic.ge

תגובות


bottom of page