დღეს, 10 დეკემბერს, კათოლიკე სასულიერო პირების ონალინ შეხვედრა გაიმართა. მღვდლებმა და დიაკვნებმა მოისმინეს მამა პიერ დიუმულენის ლექცია, სახელწოდებით „უწყება ლურდიდან“. იგი ეხებოდა ლურდში ღვთისმშობლის 18 გამოცხადებასა და მის ძირითად ასპექტებს.
„უწყება ლურდიდან“ - ასე ვუწოდებთ ჩვენ იმ ჟესტებსა და სიტყვებს, რომელთა მეშვეობითაც შედგა, ქალწული მარიამისა და ბერნარდეტა სუბირუს ურთიერთობა მასაბელის მღვიმეში, თვრამეტი გამოცხადების განმავლობაში. ეს უწყება შეიძლება შემდეგნაირად შევაჯამოთ: „ღმერთი არს სიყვარული და ჩვენ მას ვუყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ“, - ასე დაიწყო ლექცია მამა პიერ დიუმულენმა.
გარდა ლექციისა, ამავე შეხვედრაზე განხილული იყო ახალი ლიტურგიული წლისთვის დადგეგმილი სიახლეები და საშობაო წირვის განრიგი. საუბარი შეეხო იმ საკითხსაც, რომ პაპმა მომავალი საეკლესიო წელი წმ. იოსების წლად გამოაცხადა.
გარდა ამისა, სასულიერო პირებისთვის ცნობილი გახდა, რომ 12 დეკემბრიდან „საბამედიას“ ჩართულობით, ეკლესიაში დაიწყება საადვენტო კატეხეზები განსხვავებული ფორმატით. კერძოდ, 12 დეკემბერს მსურველებს შეუძლიათ sabamedia.net-ზე უყურონ ფილმს „ფატიმა“ (გამოცხადება) და მოისმინონ ამავე საკითხზე კომენტარები კომპეტენტური პირებისგან.
„ფატიმას გამოცხადების" შესახებ კი ონლაინ შეხვედრები მომავალ დღეებშიც გაიმართება.
Comments