top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘კამილიელები გულთან ახლოს იყვნენ, მოწოდების ფესვები კი მამა იეჟისგანაა’ – ლაშა მანუკიანი


25 წლის ლაშა მანუკიანი, რომელიც წარმოშობით აბასთუმნიდანაა, კათოლიკე დიაკვანი გახდა. იგი კამილიელების ორდენს შეუერთდა.


ლაშა დიაკვნად საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა. საზეიმო ლიტურგია თბილისში, წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულების სახელობის ტაძარში, 2021 წლის 24 აპრილს აღევლინა.


როგორც ახლადხელდასხმული დიაკვანი ამბობს, მღვდლობის სურვილი 12 წლის ასაკში გაუჩნდა. მაშინ, როცა აბასთუმნის მცირე საკრებულოსთვის წმ. წირვები მის საცხოვრებელ სახლში აღევლინებოდა. იმ პერიოდში, მოძღვარი მამა იეჟი შიმეროვსკი იყო, რომლის სულიერმა ცხოვრებამაც ლაშაზე გავლენა მოახდინა და სამაგალითო გახდა.


„ჩემი მოწოდების ფესვები მამა იეჟისგან მოდის. 12 წლის ასაკში უკვე მსურდა მღვდლობა და მისმა მაგალითმა მომიყვანა აქამდე. მეუბნებოდა, რომ ჩემთვის ბევრს ლოცულობდა, „ბრევიარში“ ჩემი სახელი ჰქონდა და დღემდე წმინდა მაგალითია ჩემთვის. ვფიქრობ, რომ ახლაც ზემოდან ლოცულობს“, – ამბობს დიაკვანი ლაშა მანუკიანი.


მან ადიგენში, დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში რვა წელი ისწავლა, ბოლო რამდენიმე წელი კი ახალციხეში გადავიდა. მე–12 კლასში თბილისში, უკვე კამილიელთა ორდენის სასულიერო პირებთან ცხოვრობდა და საჯარო სკოლაშიც თბილისში დადიოდა.


სკოლის დასრულების შემდეგ, ლაშამ ეროვნული გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარა და როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა „1+4“ მოსამზადებელ პროგრამაზეც ჩაირიცხა. ამბობს, რომ 100%–იანი გრანტის მოსაპოვებლად სულ ერთი ქულა დააკლდა: „ამ პერიოდში უკვე კამილიელებთან ვცხოვრობდი და მინდოდა ისეთ ფაკულტეტზე ჩამებარებინა, რომ შემდეგ ჩემი სპეციალობა, კამილიელების მსგავსად, ავადმყოფებთან მსახურებაში გამომდგომოდა. მაგალითად, სამედიცინო განხრა“.


უნივერსიტეტში სწავლას სასულიერო სემინარიაში წასვლა არჩია: „18 წლის რომ გავხდი, წავედი პოლონეთში, ნახევარი წელი ვსწავლობდი ენას. 2014 წლის 8 სექტემბერს დავიწყე მომზადება საბერმონაზვნო ცხოვრებისათვის, რომელიც 2015 წელს დავასრულე. რამდენიმე დღით საქართველოში ჩამოვედი შემდეგ კი ყაზახეთში, სასულიერო სემინარიის დასაწყებად გავფრინდი“.


ყაზახეთის სემინარიაში ლაშამ ხუთი წელი ისწავლა, 2019 წელს, წმ. კამილოს დღესასწაულზე კი, რაბათის წმ. ღვთისმშობლის სავარდის სახელობის ტაძარში მუდმივი აღთქმა დადო.


კითხვაზე, რატომ აირჩია კამილიელთა ორდენი, ამბობს, რომ მისთვის ამ ორდენის წარმომადგენელთა მსახურება ყველაზე ახლოს იყო: „კამილიელების მსახურება ჩემს გულთან იყო ძალიან ახლოს. მომწონდა როგორც ისინი მსახურებდნენ, როგორ უვლიდნენ ავადმყოფებს და მინდოდა მეც მათსავით მემსახურა, ამიტომ ავირჩიე“, – ამბობს დიაკვანი ლაშა მანუკიანი.


გთავაზობთ ფოტოებს დიაკვნად კურთხევიდან:



თაკო ფეიქრიშვილი

Catholic.ge - მასალის გამოყენების შემთხვევაში, გთხოვთ, დაიცვათ საავტორო უფლებები

コメント


bottom of page