საქველმოქმედო ფონდმა „საქართველოს კარიტასმა“ გასული 5 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაო განიხილა და მომავალი 5 წლის სტრატეგიულ გეგმაზე იმუშავა.
ამასთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს, წეროვანში, სამხრეთ საქართველოს პროგრამების თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.
„შევაფასეთ წინა სტრატეგიული გეგმა და ვნახეთ რამ იმუშავა, რამ არ იმუშავა, გამოვავლინეთ პრობლემები, დავსახეთ მომავლისთვის ამოცანები... ასეთ შევხედრას ატარებს ყელა მენეჯერი თავის გუნდთან“, – ამბობს სამხრეთ საქართველოს პროგრამის მენეჯერი მარიამ ბუჰაჯარი.
„კარიტასი“ სამხრეთ საქართველოში 4 პროექტს ახორციელებს: ვალის, არლისა და ეშტიის დღის ცენტრებსა და „შინმოვლის“ სამსახურს.
როგორც მარიამ ბუჰაჯარი ამბობს, იმის გამო, რომ სამხრეთ საქართველოში არსებულ პროგრამებში სულ 38 ადამიანია ჩართული და მათი ერთად თავმოყრა პანდემიის პირობებში შეუძლებელი იყო, შეხვედრას თითო პროგრამიდან 4–4 თანამშრომელი ესწრებოდა:
„იმისთვის, რომ გეგმა იყოს სწორი, ზუსტი, ნამდვილად ემსახურებოდეს ჩვენს ბენეფიციარებს, ეს გეგმა უნდა დაიწეროს თითო –თითო პროგრამაში, „კარიტასის“ თითოეულ განყოფილებაში. რეალურ პრობლემებსა და რეალურ სურათს ხედავენ ის ადამიანები, ვინც ბენეფიციარებთან უშუალოდ მუშაობენ, თემში ცხოვრობენ და კარგად იციან ეს საკითხები“.
მსგავსი სახის შეხვედრები საკუთარ თანამშრომლებთან გამართეს „კარიტასის“ სხვა პროგრამების მენეჯერებმაც.
საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი ოფიციალურად 1994 წლის 3 ნოემბერს კათოლიკე ეკლესიამ დააარსა. ორგანიზაცია საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას ემსახურება, ხელს უწყობს ქვეყანაში ქველმოქმედებისა და სამართლიანობის დამკვიდრებას.
საქართველოს კარიტასმა დაარსების დღიდან მრავალი პროექტი განახორციელა, რათა დახმარებოდა ყველაზე დაუცველ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ ადამიანებს: მარტოხელა, უმწეო მოხუცებს; მზრუნველობამოკლებულ და უსახლკარო ბავშვებს; სნეულებს; იმედგაცრუებულებს და რწმენადაკარგულებს; ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს, მიუხედავად მათი ეროვნებისა, სქესისა თუ რელიგიური კუთვნილებისა.
Catholic.ge
Comments