2023 წლის 2 მაისს, ქუთაისის კათოლიკე ეკლესიის წინამძღვარს, დასავლეთის დეკანს, საეპისკოპოსო ვიკარიუსს, მამა გაბრიელე ბრაგანტინის ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
მამა გაბრიელე ბრაგანტინი პირველი კათოლიკე მღვდელია, რომელმაც საქართველოში საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო. იგი „ქუთაისქალაქობის“ დღესასწაულზე, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიას მამა გაბრიელე ობიექტური მიზეზების გამო ვერ დაესწრო, იგი იტალიაში იმყოფება.
როგორც ქუთაისის მერიაში ამბობენ, საპატიო მოქალაქეების არჩევა "ქუთაისქალაქობის“ ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია. ასეთი პიროვნებები ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციითა და ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით შეირჩევიან. კათოლიკე მღვდელ, მამა გაბრიელე ბრაგანტინისთან ერთად მერიამ საპატიო ქუთაისელის წოდება კიდევ 8 პიროვნებას მიანიჭა. ესენი არიან:
– ნანული კაკაურიძეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ;
– ირინა ლომინაძეს, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, კამერული გუნდის მთავარ დირიჟორს;
– ნანული ცხვედიანს, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების ბიბლიოგრაფს, ჟურნალისტიკისა და სამართლის კოლეჯის დირექტორ-დამფუძნებელს, ჟურნალისტს ;
– დოდო თავდიდიშვილს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ლექტორს, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატს, ასოცირებულ პროფესორს, ქართველ ებრაელთა სათვისტომოს თვალსაჩინო წარმომადგენელს;
– ღასან ხალილს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ;
– მამა გაბრიელე ბრაგანტინის, კათოლიკური ეკლესიის ქალაქის თემის ხელმძღვანელსა და წინამძღვარს ;
– გივი ჭიჭინაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტს, იმერეთის რეგიონში ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს.
– რამაზ მხეიძეს, ქუთაისის ყოფილ მერს ;
– თემურ ტაბიძეს, კლინიკა „ლჯ“-ის რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს.
„არ არის აუცილებელი პირობა ქუთაისელი იყო, რომ ჩვენმა ქალაქმა ასე დაგაფასოს. მთავარია, გიყვარდეს ქუთაისი და მის სასიკეთოდ იღწვოდე. სწორედ ამ ღირებულებების გათვალისწინებით იქნა შერჩეული ის ადამიანები, ვისაც დღეს მივანიჭეთ „საპატიო ქუთაისელის“ ტიტულს“, – განმარტავენ ქუთაისის მერიაში.
მამა გაბრიელე ბრაგანტინი საქართველოში 28 წლის წინ, 1994 წლის 11 სექტემბერს ჩამოვიდა. იგი უკვე 28 წელია ქუთაისის სამრევლოში მსახურებს.
მისთვის ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მისივე მღვდლად კურთხევის 42–ე წლისთავს მიეძღვნა. მამა გაბრიელე მღვდლად 1981 წლის 3 მაისს ეკურთხა.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments