top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მონაზონ ლუსიას ნეტარად შერაცხვისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა

მონაზონი ლუსია, რომელიც ერთ–ერთია იმ სამ ბავშვს შორის, რომლებმაც 1917 წელს, პორტუგალიაში ღვთისმშობელი გამოეცხადათ, ახლა ეკლესიაში მოიხსენიება – "მონა ღვთისა". ეს არის პირველი საფეხური წმინდანობის გზაზე. თუმცა მისი წმინდანად შერაცხვისთვის 2008 წლიდან გროვდება მასალები.


2022 წლის ოქტომბერში, ვატიკანში გამართულ შეხვედრაზე, ლუსიას საქმის პოსტულატურებმა (სასულიერო პირი, რომელიც ბეატიფიკაციის ან კანონიზაციის საქმეს წარადგენს) დიკასტერიას წარუდგინეს "positio" დოკუმენტი. იგი შეიცავს მოწმობებსა და ინფორმაციას, რომელიც დეტალურად აღწერს მონაზონ ლუსიას გმირულ ღირსებებს მისი წმინდანობისათვის.


დოკუმენტს, სადაც თავმოყრილია მასალები და ლუსიას წმინდა ცხოვრების, სათნოებებისა და რეპუტაციის შესახებ, ახლა ცხრა თეოლოგი განიხილავს.

მისი გმირული სათნოების შესახებ წარმოდგენილი მტკიცებულებები თუ დადასტურდება ვატიკანის წმინდანთა ოფისის მიერ და პაპი ფრანცისკე გადაწყვეტს გამოაქვეყნოს დეკრეტი, მაშინ მონაზონი ლუსია, რომელსაც ახლა კათოლიკურ ეკლესიაში მინიჭებული აქვს ტიტული – „მონა ღვთისა“, ერთი საფეხურით აიწევს და გახდება Venerabile (საფეხური ნეტარად კურთხევამდე).


რაც შეეხება გამოცხადების მხილველ კიდევ ორ ბავშვს: ჯასინტასა და ფრანჩესკოს, 2017 წელს, პაპმა ფრანცისკემ ისინი წმინდანად შერაცხა. ბავშვები 10 და 11 წლის ასაკში დაიღუპნენ. შესაბამისად, ეკლესიის ისტორიაში ისინი ყველაზე ახალგაზრდა არამოწამე წმინდანები არიან.


ლუსია, 1917 წელს ღვთისმშობლის გამოცხადებისას, 10 წლის იყო და 97 წლამდე იცოცხლა.


მან თავისი ცხოვრების ბოლო 50 წელი პორტუგალიაში, კარმელიტების მონასტერში გაატარა, როგორც ღვთისმშობლის გამოცხადების ერთადერთმა მხილველმა, რომელმაც შეძლო მარიამის საუბრის მოსმენა. სწორედ ლუსიას მემუარებმა მოგვაწოდეს ფატიმაში გამოცხადების გზავნილების შესახებ მნიშვნელოვანი ცნობა.


ლუსიას კანონიზაციის საქმე 2008 წელს დაიწყო, მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ. მაშინ პაპმა ბენედიქტე XVI-მ გამოაცხადა ჩვეულებრივ საჭირო ხუთწლიანი ლოდინის პერიოდი.


ეპარქიის დონეზე, 15 000-ზე მეტი წერილი, ჩვენება და სხვა დოკუმენტი შეგროვდა და ლუსიას საქმეზე. საბოლოოდ, მასალების შეგროვება 2017 წელს დასრულდა.



თაკო ფეიქრიშვილი

Коментарі


bottom of page