ნიკეა და აღდგომის კალენდარი
- catholic.ge
- Apr 10
- 5 min read
წელს ყველა ეკლესია და ყველა ქრისტიანი ერთად აღნიშნავს უფლის აღდგომის დიდ დღესასწაულს; ეს უცნაური დამთხვევა თითქმის წყალობად და მოვალეობად გვებოძა სწორედ იმ წელს, როდესაც აღინიშნება ნიკეის კრების (325) 1700 წლისთავი;

ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ პროფესორ ნუგზარ პაპუაშვილის მოსაზრებას ამ საკითხზე, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ გაწეული თანამშრომლობისათვის.
რა მშვენიერი იქნებოდა, ყოველწლიურად ერთად გვეზეიმა ეს დიდი დღესასწაული! ეს ხომ მრავალი მორწმუნის სურვილიცაა. როდესაც ამ შესაძლებლობაზე ვიწყებთ საუბარს, სირთულე დაუძლეველი გვეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეკლესია მუშაობს ყველასთვის შესაფერისი გამოსავლის მოსაძებნად; და მაინც, თუკი ასტრონომები გადაწყვეტენ, რომ დროის რეგულირებას რამდენიმე წამი აუცილებლად უნდა დაემატოს, ამას არავინ შეეწინააღმდეგება; თუ ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ზაფხულის პერიოდში ერთი საათი მოაკლონ დღეს, ყველა დავის გარეშე შეეგუება... რაოდენ მნიშვნელოვანია კვლავ მივუბრუნდეთ ნიკეის კრების გადაწყვეტილებათა სულიერებას, რათა თავისუფლად და გაბედულად დავეთანხმოთ საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანული ეკლესიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს იულიუსის კალენდართან დაკავშირებით: საკმარისია, იულიუსის კალენდრიდან ამოვიღოთ 13 დღე და ყველაფერი იოლად მოგვარდება; მაგრამ იქნება კი გრიგორიანულ კალენდარში 13 ამოღებული დღის დამატება საუკეთესო გამოსავალი? ფაქტი ფაქტად რჩება: უკვე ყოველ კვირადღეს ყველა ეკლესია და ყველა ქრისტიანი ყოველკვირეულად ერთად, უდავოდ, აღნიშნავს უფლის პასექს, სამოციქულო ტრადიციის მიერ დანატოვარი ერთ-ერთი უძველესი მცნების დაცვით. ეს არის ალბათ ის, რაც მუდამ უნდა გვახსოვდეს!
მამა გაბრიელე ბრაგანტინი
ნიკეის კრება არის პირველი კრება იმ შვიდ კრებას შორის, რომლებსაც ეკლესიათა ერთიანობის დროს შემუშავებული ტრადიცია უმაღლეს პატივს ანიჭებს და მსოფლიო საეკლესიო კრებებად მოიხსენიებს. ნიკეის კრების როლი და დამსახურება თვალსაჩინო გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში ეს იყო პირველი საერთაშორისო ფორუმი, რომელმაც მაშინდელი ქრისტიანულ-ცივილიზებული მსოფლიო თითქმის სრულად მოიცვა. ასე ჩაეყარა საფუძველი მსოფლიო მასშტაბის საყოველთაო-ეკუმენურ მოძრაობას, რომელიც თავის წიაღში საზოგადოების ყველა ფენას - საეროსაც და სასულიეროსაც, მონასაც და აზნაურსაც, ბერძენ-რომაელსაც და ბარბაროსსაც - ასე თუ ისე, ამა თუ იმ ფორმით მოიცავს და აერთიანებს.
ნიკეის კრების შესახებ დოკუმენტური და ავთენტური წერილობითი ძეგლები ერთობ მწირადაა შემონახული. სამაგიეროდ მასთან დაკავშირებული იმდენი მოგონება, ეპისტოლე და გადმოცემა მოიპოვება, რომ ამ ფორუმის ისტორიის მეტ-ნაკლები სისრულით წარმოჩენა, ლეგენდისა და რეალობის, თავდაპირველი და მერმინდელი, ყალბი და სარწმუნო მასალის ერთმანეთისაგან გარჩევა მაინც ხერხდება. ჩვენც მეცნიერული ისტორიის მოკლე შეჯამებით შემოვიფარგლებით.

ნიკეის საეკლესიო კრება გაიმართა 325 წლის მაის-აგვისტოში მცირე აზიის ქალაქ ნიკეაში (ახლანდელ თურქეთში, ბურსას ოლქში). ინიციატივა და მომზადება დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი (უფრო ზუსტად, კათაკმეველი) იმპერატორის - წმ. კონსტანტინეს (კონსტანტინე დიდის) - სახელთან. კრების მიზანს იმ პრობლემების მოწესრიგება წარმოადგენდა, რომლებმაც სახელმწიფოს მარწუხებისაგან განთავისუფლებულ ეკლესიაში მკაფიოდ და მწვავედ იჩინა თავი. პრობლემებს შორის ყველაზე დრამატულად მაინც ორი პრობლემა გამოიყურებოდა: მღვდელ არიოზის მოძღვრება და სხვადასხვაობა აღდგომის აღნიშვნის საკითხში.
მღვდელი არიოზი ალექსანდრიის ეკლესიაში მსახურობდა. საკუთარი თეორიის ქადაგება მან 318 წელს დაიწყო და შესაბამისი თხზულებაც დაწერა, - „თალია“, რაც ლხინს, ნადიმს ნიშნავს. მის ტექსტს იმდენად პოეტური ფორმა ჰქონდა და ისეთი მიმზიდველობა გააჩნდა, რომ მასში გადმოცემული აზრები მკითხველების ყურადღებას ადვილად იპყრობდა. თავად თეორია კი ორი სიტყვით ასე გადმოიცემა: რადგან გვწამს და ვამბობთ, რომ მამა ღმერთმა შვა ძე ღმერთი, უნდა ვაღიაროთ - იყო დრო, როდესაც ძე არ იყო! მაშასადამე, „მამისაგან შობილი ძე“ ქმნილებაა და, ამდენად, არა გვაქვს საფუძველი, იესო ქრისტე ბუნებით ღმერთად მივიჩნიოთ: ის ჭეშმარიტი ღმერთის ჭეშმარიტი შვილია, მაგრამ არა უქმნელი და უშობელი ღმერთის (ბუნებით ღმერთის) თანაარსი ღმერთი! ამ თეორიამ მალე ბევრი მიმდევარი გაიჩინა და დაპირისპირებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო. ვითარება განსაკუთრებით აღმოსავლეთის ეკლესიებში დაიძაბა, თუმცა მსგავსი ექსცესები რომის ეკლესიასაც ემუქრებოდა. ხმებმა იმპერატორის ყურამდეც მიაღწია. მან მორწმუნეებს (აღმოსავლეთის ქრისტიანებს) სიმშვიდისაკენ მოუწოდა, მაგრამ ამ საქმეს ვერც მისმა ავტორიტეტმა უშველა.

არანაკლები დაპირისპირება ჩანდა იმ სფეროში, რომელსაც პირობითად „აღდგომის კანონს“ ვუწოდებთ. მისი ისტორია და პრინციპი ასეთია: ქრისტე ებრაელთა პასექის კვირის (შვიდეულის) პარასკევს ეცვა ჯვარს, კვირას (ანუ ერთშაბათს) კი აღდგა. ეს მოვლენები - (1) ჯვარზე ვნება ანუ ტანჯვა და (2) მკვდრეთით აღდგომა ანუ სიკვდილზე გამარჯვება - ძველ საეკლესიო ტრადიციასა და ენაში მსგავსი სიტყვებით გამოიხატა: „პასხა“ და „პასექი“. მათგან პირველი მომდინარეობს ბერძნული ძირისაგან და „ტანჯვას“, „წამებას“ (ლათ. Passio-ს) ნიშნავს. მეორე, „პასექი“, ებრაულია და „გადასვლას“, „გადალახვას“, გამარჯვებას გამოხატავს. ვინაიდან ეს ორი სიტყვა ფონეტიკურად მსგავსია, აღმოსავლეთის არა ერთსა და ორ ეკლესიაში გაჩნდა აზრი, რომ აღნიშნული ორი მოვლენა, მსგავსი სიტყვებით გამოხატული, არსითაც ერთი და იგივე მოვლენაა და შესაბამისი საეკლესიო დღეები (ჯვარცმა და აღდგომა) ერთი და იმავე დღესასწაულის ორი მხარეა. ამის გამო მცირე აზიის ბევრ ეკლესიაში ვნებისა და აღდგომისათვის შემოღებულ იქნა ერთი კომბინირებული დღესასწაული, რომელიც ებრაელთა პასექის პარალელურად აღინიშნებოდა. ასეთი წესის წინააღმდეგაა მიმართული „მოციქულთა კრების“ მე-7 კანონი, რომელიც მოგვიწოდებს: აღდგომა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიდღესასწაულოთ პარასკევს, თუნდაც ბუნიობა და მთვარის აღვსება (აღდგომის მთავარი ორიენტირები) ამ დღეს (პარასკევს) დაემთხვეს; აღდგომა უსათუოდ კვირადღეს უნდა ვიდღესასწაულოთ. თუკი მთვარე კვირადღეს აივსება და ებრაელები თავიანთი პასექის აღნიშვნას დაიწყებენ, აღდგომა შემდეგ კვირადღეს უნდა ვიდღესასწაულოთ, რათა იუდეველთა პასექისაგან მისი შინაარსობრივი სხვაობა ყველასათვის ნათელი გახდეს. აღდგომის ებრაულ პასექთან ერთად აღნიშვნის საწინააღმდეგოდ ბევრი იღვაწეს რომის პირველმა პაპებმა და იმდროინდელმა წმინდა მამებმა, მაგრამ მათი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა.
აი, ამ და კიდევ სხვა პრობლემის წინაშე იდგა კათოლიკე ეკლესია, როდესაც იმპერატორმა კონსტანტინემ მას ღიად და თავისუფლად მოღვაწეობის საშუალება მისცა.
იმპერატორი და მისი გარემოცვა შიშობდა, რელიგიური ანტაგონიზმი პოლიტიკურ ანტაგონიზმში არ გადაზრდილიყო და იმპერიის მთლიანობას საფრთხე არ შექმნოდა. სწორედ ამ სიფრთხილემ მიიყვანა საერო და სასულიერო ხელისუფლება საყოველთაო-საეკლესიო კრების აუცილებლობამდე. შეთანხმდნენ, რომ ასეთი კრება იმ რეგიონში შემდგარიყო, სადაც დასახელებული პრობლემები განსაკუთრებული სიმძაფრით იჩენდა თავს.
პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების ადგილად ნიკეა გამოცხადდა. და მართლაც: 325 წლის მაის-ივნისში ეს ქალაქი ეპისკოპოსებით, მღვდლებით, დიაკვნებით და რიგითი ქრისტიანი მოქალაქეებით გაივსო. ეპისკოპოსების რაოდენობა, გადმოცემის თანახმად, 318-ს აღწევდა; მათი თანმხლები პირების რიცხვს კი „სათვალავი არ ჰქონდა“. 318 ეპისკოპოსს შორის ირიცხებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე (დასავლეთ საქართველოდან, აფხაზეთიდან). რომის პაპმა სილვესტრმა ორი ლეგატი (ეპისკოპოსი) და დასავლეთ ევროპის რამდენიმე ეპისკოპოსი გამოგზავნა. ყველა ხარჯი იმპერატორმა გაიღო.
იმპერატორი კონსტანტინე, წარმართობიდან ახლად გამოსული ხელისუფალი, ნიკეაში 4 თუ 5 ივლისს ჩაბრძანდა. ის ხელის შეხებითა და კოცნით ბოდიშს უხდიდა მათ, რომელთა სხეულს დევნილების კვალი აჩნდა: დამწვარი ხელი, დათხრილი თვალი, მოკვეთილი ცხვირი თუ ყური, ამოგლეჯილი ენა, დალეწილი ფეხი. მან შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა: ვართ სამწუხარო ფაქტის მოწმენი; დევნილების ხანაში ქრისტიანთა შორის თანხმობა და ძმობა სუფევდა, დღეს კი ერთმანეთს ვჭამთ! სარწმუნოებრივი განხეთქილება სახელმწიფოს მთლიანობას არღვევს და ეს ამბავი უფრო სავალალოა, ვიდრე გარეშე ომები!
სიტყვის თქმის უფლებით „განსასჯელის სკამზე“ მჯდომმა არიოზმა და მისმა მომხრეებმაც ისარგებლეს. მათ წარმოადგინეს თავიანთი რწმენის სიმბოლო, გრაგნილზე დაწერილი, მაგრამ დელეგატების უმრავლესობამ ეს დოკუმენტი დაგმო, არიოზის თეორია ერესად გამოაცხადა და მისი მიმდევრები ეკლესიიდან განკვეთა. კრებამ შეიმუშავა რწმენის სიმბოლო, - მრწამსი, რომელიც თორმეტი წევრისაგან (მუხლისაგან, პარაგრაფისაგან) შედგება. ეს ის სიმბოლოა, რომელიც 381 წელს კონსტანტინოპოლის კრებამ შეავსო და დაამტკიცა. ის ცნობილია „ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსის“ სახელით და კათოლიკე ეკლესიის ღვთისმეტყველების ფუნდამენტს წარმოადგენს. მასში აღნიშნულია: იესო ქრისტე არის „მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა“, „შობილი და არა ქმნილი“.
კრებაზე სხვა საკითხებიც განიხილეს. მათ შორის, თუ როგორ მოქცეოდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანასკნელ დევნილებამდე ეკლესიის წევრებად ირიცხებოდნენ, მაგრამ ტანჯვა-წამების შიშის გამო ეკლესია დატოვეს. კრებამ დაადგინა, რომ გამოეჩინათ გულმოწყალება და ასეთი ადამიანები ეკლესიაში გარკვეული ეპიტიმიის პირობით დაებრუნებინათ.

კრებამ დიდი დრო კალენდრის საკითხსაც დაუთმო. მანამდე სხვადასხვა ეკლესია სხვადასხვა ასტრონომიული კალენდრით სარგებლობდა და, შესაბამისად, სხვადასხვა ეკლესიაში საეკლესიო-ლიტურგიკული დღეები და დღესასწაულები სხვადასხვა სისტემის კალენდარს იყო მისადაგებული. ასეთი სხვადასხვაობა კრებამ დაუშვებლად მიიჩნია და გადაწყვიტა, ყველა ეკლესიას იმ კალენდრით ესარგებლა, რითაც იმპერია ძველი წელთაღრიცხვის 45 წლიდან სარგებლობდა. ესაა იულიუსის კალენდარი, რომელიც სიზუსტით ყველა სხვა კალენდარს აღემატებოდა.
დაისვა კითხვა: არის თუ არა გამართლებული უდიდესი დღესასწაულის, აღდგომის, ებრაული პასექის პარალელურად აღნიშვნა? დელეგატების უმრავლესობამ იმ პოზიციას დაუჭირა მხარი, რომელსაც მკაფიოდ რომისა და ალექსანდრიის ეკლესიები გამოხატავდნენ: ქრისტიანთა აღდგომა და ებრაელთა პასექი თვისობრივად სხვადასხვა დღესასწაულებია, რის გამოც აღდგომა პასექისაგან კალენდრის მიხედვითაც უნდა გაიმიჯნოს.
კრებამ განაჩინა: აღდგომა არც წინ უნდა უსწრებდეს და არც უნდა დაემთხვეს ებრაელთა პასექს. თუკი გაზაფხულის ბუნიობა (დღისა და ღამის გათანაბრება) და მთვარის აღვსება კვირა დღეს მოხდება (ანუ ებრაელთა პასექი დაიწყება), აღდგომა შემდეგ კვირას უნდა ვიდღესასწაულოთ.
წელიწადის უძრავი დღე, „გაზაფხულის ბუნიობა“, ნიკეის კრების დროს იულიუსის კალენდრის 21 მარტს მოვიდა. ამის გამო კრების მიერ გაზაფხულის ბუნიობის თარიღად 21 მარტი დაფიქსირდა. თუ რა მოხდა საუკუნეების შემდეგ, რამ გამოიწვია ბუნიობის 21 მარტს აცდენა, როგორ დაემუქრა საფრთხე აღდგომის ნიკეის დადგენილების შესაბამისად (ბუნიობასთან კავშირში) აღნიშვნას და როგორ მოაგვარა ეს პრობლემა რომის პაპმა გრიგორ XIII-მ 1582 წელს, ვრცელი თემაა. ამ შემთხვევაში იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ დასახელებულ წელსა და დასახელებული პაპის მიერ ჩატარებული რეფორმა აღდგომის დღესასწაულის სწორედ ნიკეის წესის შესაბამისად აღნიშვნისათვის ხელსაყრელი კალენდარული გარემოს შექმნას ისახავდა მიზნად.
ჭეშმარიტების წინაშე ნიკეის კრების როლი და დამსახურება განუზომელია.
ნუგზარ პაპუაშვილი
ჟურნალი "საბა"/ 2025, აპრილი
Comments