top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ოლიმპიადა უნდა გახდეს შერიგების გზა' - პაპი ფრანცისკე

პაპმა ფრანცისკემ საფრანგეთის ეკლესიას გაუგზავნა ეპისტოლე, სადაც იგი დიდ იმედებს ამყარებს ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.



სპორტული შეჯიბრებები „თავისი ბუნებით მშვიდობის მატარებელია და არა ომის“, - წერს წმინდა მამა და იხსენებს ოლიმპიური ზავის ბრძნულ ტრადიციას. 

 

„ამ რთულ ჟამს, როდესაც მთელს მსოფლიოში მშვიდობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა, დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა პატივს სცემს ამ ზავს კონფლიქტების მოგვარებისა და ჰარმონიის აღდგენის იმედით. ღმერთმა შეგვიწყალოს! დაე, მან გაანათოს ხელისუფლებაში მყოფთა სინდისი, რათა მათ გააცნობიერონ თავიანთი სერიოზული პასუხისმგებლობა. უფალმა მიანიჭოს მშვიდობისმყოფელებს წარმატებები თავიანთ საქმეში და დალოცოს ისინი“.

 

წმინდა მამა სპორტსმენებსა და მაყურებლებს ღვთის განგებას მიანდობს და ლოცულობს, რომ უფალმა აკურთხოს ისინი. განსაკუთრებით პარიზისა და სხვა ქალაქების მორწმუნეები.

 

”მე ვიცი, რომ ქრისტიანული საკრებულოები ემზადებიან თავიანთი ეკლესიების, სკოლებისა და სახლების კარების ფართოდ გასაღებად. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, დაე გააღონ თავიანთი გულის კარები,დაამოწმონ ქრისტე, რომელიც ცხოვრობს მათში და ანიჭებს თავის სიხარულს“, - წერს პაპი და მოუწოდებს ორგანიზატორებს, ყურადღება დაუთმონ ყველაზე დაუცველ ფენებს.

 

რომის ეპისკოპოსი იმედს გამოთქვამს, რომ ოლიმპიური თამაშები იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა ფრანგი ხალხისთვის ძმური ჰარმონიის მისაღწევად, რომელიც გადალახავს უთანხმოებებს და გააძლიერებს ერის ერთობას.

 

„სპორტი არის უნივერსალური ენა, რომელიც სცილდება საზღვრებს, ენებს, რასებს, ეროვნებებსა და რელიგიებს; მას აქვს უნარი გააერთიანოს ადამიანები, წაახალისოს დიალოგი და ურთიერთმზაობა; ის ავითარებს ადამიანურ სულისკვეთებას, ხელს უწყობს ადამიანებმა აჯობონ საკუთარ თავს, ხელს უწყობს თავგანწირვას და ხელს უწყობს ერთგულებას საზოგადოებასთან  ურთიერთობებში; ის ხელს უწყობს ადამიანებს, აღიარონ საკუთარი საზღვრები და დააფასონ სხვები.

 

ოლიმპიური თამაშები შეიძლება გახდეს თუნდაც ერთმანეთისადმი ყველაზე მტრულად განწყობილი ერების შეხვედრის ადგილი“, - ამბობს წმინდა მამა და იხსენებს, რომ ცნობილი ლოგო ხუთი გადაჯაჭვული რგოლი წარმოადგენს "ძმობის სულს", რომელიც უნდა ახასიათებდეს ოლიმპიურ შეჯიბრებებსა და ზოგადად სპორტს.

 

ეპისტოლეს ბოლოს, პაპი გამოთქვამს სურვილს, რათა პარიზის ოლიმპიური თამაშები სტუმრებისათვის იქცეს დაუვიწყარ მოვლენად, რომელიც დაეხმარება ადამიანებს ერთმანეთის უკეთ გაცნობაში, სტერეოტიპების დანგრევასა და მეგობრობაში იქ, სადაც სიძულვილია.

 

წყარო: www.vaticannews.va

 შოთა გიქოშვილი

 

Commentaires


bottom of page