„ძმებო და დებო, მოდი, ერთად გავუსწოროთ თვალი პრობლემებს, არ დავკარგოთ იმედი და ავაწყოთ მშვიდობის მოზაიკა“, - ასე მიმართა პაპმა 22 სექტემბერს მარსელში, რელიგიათაშორისი შეხვედრის მონაწილეებს.
მარსელში, ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების რელიგიური ლიდერებთან პაპის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საქართველოდან კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსიც იღებს მონაწილეობას.
„ჩვენს წინაშე ზღვაა, სიცოცხლის სათავე. თუმცა ასევე ეს არის ადგილი, სადაც გემები იძირებოდა და არაერთი ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ მათ სულებს, რომლებიც ვერ გადარჩნენ, რომლებსაც ვერ უშველეს. გთხოვთ, გემების დაღუპვას ნუ აღვიქვამთ, მხოლოდ ახალი ამბების ქრონიკად, ხოლო ზღვაში ადამიანების დაღუპვას – უბრალო ციფრებად. ამ ადამიანებს აქვთ სახელები და გვარები, მათ აქვთ სახე, აქვთ ისტორია, მათ აქვთ დანგრეული ოცნებები და დასახიჩრებული ცხოვრება. ამ ტრაგედიებს უნდა ვუპასუხოთ არა სიტყვებით, არამედ საქმით. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანური მიდგომა. დუმილით პატივის მიგება, დატირება, თანაგრძნობა და ლოცვა“,- თქვა რომის ეპისკოპოსმა.
„ძალიან ბევრი ადამიანი გაურბის სიღარიბეს, კონფლიქტებს, ეკოლოგიურ კატასტროფებს და იღუპებიან ხმელთაშუა ზღვის ტალღებში. ჯამში კი, შედეგად მივიღეთ უზარმაზარი სასაფლაო იმ ადამიანებისა, რომლებსაც მიწაც კი არ ეღირსათ. ჩვენ ადამიანებს არ უნდა ვექცეოდეთ ხურდა ფულივით, როგორც ამას აკეთებენ, როცა კეტავენ ციხეებში და სასტიკად აწამებენ. გემების დაღუპვის ტრაგედია, რაც ხშირად ბიზნესი და გულგრილობის ფანატიზმია, ზერელედ აღარ უნდა ვუყუროთ. უნდა დავეხმაროთ ბედის ამარად მიტოვებულ და დასახრჩობად განწირულ ადამიანებს. ეს არის კაცობრიობის მოვალეობა, ეს არის ცივილიზაციის მოვალეობა. ზეცა გვაკურთხებს, თუ დავეხმარებით ხმელეთსა და ზღვაში ყველაზე სუსტ და მოწყვლად ადამიანებს. თუ შევძლებთ დავძლიოთ მომაკვდინებელი შიში“.
„ხმელთაშუაზღვისპირეთის სამ მონოთეისტურ რელიგიას, საფუძვლად უდევს სტუმართმოყვარეობა და მოყვასის ღვთის სახელით სიყვარული. იყავით ურთიერთ ძმობის სიხარულის მაგალითი“.
წმინდა მამა შეეხო ასევე რელიგიებს და აღნიშნა, რომ რელიგიურ ჯგუფებში ურთიერთობებს ხშირად ჩრდილს აყენებს ექსტრემიზმი და ფუნდამენტალიზმი. პაპმა გაიმეორა ცეზარ არლელის (არელატელი) სიტყვები: "ნურავინ ჩაიდებს გულში მოყვასის სიძულვილს, არამედ შეიყვაროს იგი. ვინაიდან, თუნდაც ერთი ადამიანის მოძულე, მშვიდად ვერ წარდგება ღვთის წინაშე; ღმერთი არ ისმენს მის ლოცვას მანამ, სანამ გულში სიძულვილი უდევს".
შეხვედრის მონაწილეებს პაპმა იტალიელი პოლიტიკოსის, დავიდე სასოლის სიტყვები გაუმეორე: "ბაღდადში, ხალიფა ალ-მამუნას სიბრძნის სახლში, ბერძენი ფილოსოფოსები, მუსლიმები, ქრისტიანები და იუდეველები იკრიბებოდნენ, რათა წაეკითხათ წმინდა წიგნები და დღეს, ჩვენ, მორწმუნეები და არამორწმუნეები ვგრძნობთ ვალდებულებას, კვლავ აღვადგინოთ ეს სახლი, რათა ერთად ვებრძოლოთ კერპებს, დავანგრიოთ კედლები, გავდოთ ხიდები და აზრი შევძინოთ ახალ ჰუმანიზმს. სიღრმისეულად ჩავიხედოთ და შევიყვაროთ ის, რისი შეყვარებაც ჩვენს დროში ასე რთულია. ვფიქრობ, რომ სწორედ ის თესლია, რომელიც ამ დღეებში დაითესა, ესოდენ ყურადღებიანები ჩვენი ბედისადმი, დროა მოვიშოროთ იმ პრობლემების შიში, რომელთა წინაშეც ხმელთაშუა ზღვა გვაყენებს. ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირისა და ყოველი ჩვენგანის გადარჩენა".
შეხვედრის ბოლოს წმინდა მამამ აღავლინა ლოცვა:
"უფალო, შენთვის არავინ არის უცხო, არავინაა შენგან ისე შორს, რომ ვერ დაეხმარო. წყალობით მოხედე ლტოლვილთ, მზერა მიაპყარ განდევნილებს, წყალობა უყავ სამყაროსგან მოკვეთილებს, ოჯახებს განშორებულ ბავშვებს. მიჰმადლე მათ, რათა იპოვონ თავიანთი სამშობლო, ხოლო ჩვენ კი მოგვეცი მადლი ღარიბებისადმი შენსავით მზრუნველობისა".
შოთა გიქოშვილი
Comments