5 იანვარს ემერიტუს პაპს, ბენედიქტე XVI–ს დაასაფლავებენ. საქართველოში წმინდა საყდრის დესპანი, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური ემერიტუსი პაპის შესახებ საუბრობს. იგი ბენედიქტე XVI–ის პონტიფიკატობის პერიოდში, პროტოკოლის სამსახურში მუშაობდა.
„ჭეშმარიტების თანამშრომელი“ - ასეთი გახლდათ პაპი ბენედიქტე XVI-ის საეპისკოპოსო დევიზი. ჭეშმარიტებისადმი სწრაფვა იყო მისი ცხოვრების შეჯამება, ის გზა, რომელიც მან გაიარა, როგორც მღვდელმა, უდიდესმა ღვთისმეტყველმა და ბოლოს, როგორც უზენაესმა პონტიფექსმა.
მან კარგად უწყოდა ადამიანის მანკიერებანი და წინააღმდეგობები, მაგრამ გვასწავლიდა იმ ჭეშმარიტებას, რომ ეკლესია ქრისტეს მისტიკური სხეული და, ამდენად, ყველა დროის უმთავრესი ორიენტირია.
თავის სწავლებაში რაცინგერი ხშირად აღნიშნავდა, რომ რწმენა აზროვნებას მოითხოვს, რათა ფანატიზმად თუ სიძულვილის აპოთეოზად არ გადაგვარდეს, ხოლო აზროვნება რწმენის სინათლის გარეშე იოლად იქცევა არაადამიანურობის ინსტრუმენტად და, როგორც წმინდა იოანე პავლე II ამბობდა, სიკვდილის კულტურის მთავარ საფუძვლად.
ბევრი თვალსაზრისით, იგი ბენედიქტელი ბერი და სქოლასტიკოსი გახლდათ. ალბათ ამიტომაც თავკაცობდა ვატიკანის II მსოფლიო კრებაზე შემოთავაზებული ყოვლისმომცველი ლიტურგიულ რეფორმის განხორციელებას, ხოლო მისი ქადაგებები, გამოსვლები თუ ლექციები ეკლესიის ჭეშმარიტი მამის სიბრძნითაა აღბეჭდილი. მისი ინტელექტუალური გზისმკვლევები იყვნენ წმ. ავგუსტინე და წმ. ბონავენტურა, რაც მის თეოლოგიურ სწავლებას განგრძობითობას სძენს.
რაცინგერი წინ აღუდგა ზოგიერთ გამთიშველ ტენდენციას, რაც ყოველი მსოფლიო კრების თანმდევია. თავისი წინამორბედების მსგავსად, დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა საეკლესიო სწავლებიდან გადახრებს. იგი გახლდათ ჟურნალ „კომუნიოს“ დამაარსებელი, რომელთანაც ნაყოფიერად თანამშრომლობდნენ ჰანს ურს ფონ ბალთაზარი და ანრი დე ლუბაკი. გამოცემა მიზნად ისახავდა კრების ტექსტების გავრცელებას იმგვარი სახით, როგორითაც ვატიკანის მეორე მსოფლიო კრების მიერ იყო ჩაფიქრებული და ინტერპრეტირებული.
იგი იყო უაღრესად სერიოზული ინტელექტუალი, 65-ზე მეტი გამოქვეყნებული შრომისა და უამრავი სტატიის ავტორი, დაუღალავი მასწავლებელი სახარებისეული სიწმინდისა იმ ურთულეს დროში, როცა ღვთისმეტყველება, არცთუ იშვიათად, სუფთა იდეალიზმის სახელით და კეთილი განზრახვებითაც კი, შეიარაღებული ჯგუფების დროშას ეწირებოდა ან წარმართული იდეოლოგიებისა და ათეისტების მძევლად იყო ქცეული.
შეგნებული ჰქონდა რა, რომ მეცნიერული ცოდნისა და მისი გამაცისკროვნებელი ღვთიური რწმენის გარეშე, არც ჭეშმარიტი თავისუფლება არსებობს, მისმა სწავლებამ გზა გაუკაფა ეკლესიას უვიცობის უღრან ტყეში და სინათლისკენ მიანიშნა ურწმუნოებსაც კი.
ის გახლდათ გადამდგარი პაპი. მისთვის პაპის ძალაუფლება მსახურება იყო. ქრისტიანმა იცის, როგორ უნდა განიძარცვოს ძალაუფლებიდან და არ დაელოდოს, სანამ სიკვდილი მოსთხოვს ამას. ეს ავანგარდული და შემოქმედებითი გადადგომა გახლდათ.
მართლაც, იგი ხომ პირველი პაპი იყო, ვინც „დამსახურებული პაპის“ წოდება მიიღო, რითაც მოახდინა ამ ინსტიტუტის დემისტიფიკაცია და ამ უპრეცედენტო ქმედებით ამგვარივე თავისუფლება მოუტანა თავის მემკვიდრეებს.
რაცინგერს ღრმა და ძმური მეგობრობა აკავშირებდა პაპ ფრანცისკესთან, რომელმაც, წინამორბედის გარდაცვალების დღეს, წმ. პეტრეს ტაძარში, „ტე დეუმისა“ და საახალწლო საღამოს ლოცვების დროს, მონატრებითა და მადლიერებით გაიხსენა მისი არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებები და კეთილშობილება.
მომავალი ათწლეულები კვლავაც წარმოგვიჩენს სიდიადეს ამ მორიდებული ადამიანისა, რომელიც თავის თავში აერთიანებდა ბრწყინვალე გონებასა და წმინდანურ რწმენას.
მე, პაპ ბენედიქტეს უშუალო სიახლოვეს, არაერთი წელი ვიმსახურე მის გადადგომამდე, რომში ყოფნისას მას ვსტუმრობდი ხოლმე. ის იყო ჭეშმარიტად „ჯენტლმენი ჯენტლმენთა შორის“. მას მოკვდავთა სიკვდილი არ აშინებდა, რადგან მისი მზერა მუდამ მარადიული სიცოცხლისკენ იყო მიპყრობილი.
დაე, განისვენოს მარადისობაში.
არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური
წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში
Comments