top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ფრანცისკე: სოლიდარობა სამხრეთ კავკასიაში COVID 19-ით დაავადებულებს


პაპი ფრანცისკეს სახელით, ვატიკანის დიკასტერიამ - ადამიანის ყოველმხრივი განვითარების „კეთილი სამარიელის ფონდმა“, თბილისის წმიდა საყდრის სადესპანოს მეშვეობით, 100.000 ევროს სიმბოლური დახმარება აღმოუჩინა ქალაქ აშოცკის „მოცხოვრის დედის“ საავადმყოფოს, რომელსაც განაგებენ წმინდა კამილო ლელისელის მამები. თანხა გამიზნულია კავკასიის რეგიონში COVID19-ით დაავადებულთა სულ უფრო მზარდი რაოდენობის დასახმარებლად.


პანდემიის დაწყებიდან, აღნიშნული კათოლიკური საავადმყოფო უსასყიდლოდ დაეხმარა ვირუსით დაავადებულ უამრავ პაციენტს. ამავე დროს მან ხელი გაუმართა ადგილობრივ ღარიბ მოსახლეობას.


კამილელთა საავადმყოფოს დირექტორის, მამა მარიო კუკაროლოს თქმით, ბოლო დროს არსებულმა კონფლიქტებმა და სოციალურმა არეულობამ, დიდი ზიანი მიაყენა ჯანდაცვის სფეროს ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს. პაპის საჩუქრის მეშვეობით მოხდება სამედიცინო აპარატურისა და სხვა საჭირო მასალის შეძენა, რეგიონში ინფექციის მეორე ტალღასთან გასამკლავებლად.


„კეთილი სამარიელის ფონდი“ წმიდა საყდართან (ვატიკანთან) დაკავშირებულ მრავალრიცხოვან კათოლიკურ ფონდთაგან ერთ-ერთია. მისი საქმიანობა მოიცავს ჰუმანიტარულ სფეროს და შთაგონებულია კეთილი სამარიელის სახარებისეული იგავით, რომელსაც პაპი ფრანცისკე თავის უკანასკნელ ენციკლიკაში „ყოველნო ძმანო - ძმობისა და სოციალური მეგობრობის შესახებ“ პარადიგმულად მიიჩნევს მთელი ეკლესიისთვის, გაჭირვებულთა დახმარების უმნიშვნელოვანეს საქმეში: „ეს იგავი შუქმოსილი ხატია, რომელიც გვიჩვენებს თუ რა სჭირდება ყველაზე მეტად ჩვენს დაჭრილ მსოფლიოს. ამდენი ტკივილისა და ჭრილობის წინაშე ერთი გამოსავალიღა დაგვრჩენია - ვემსგავსოთ კეთილ სამარიელს. ყველა სხვა გადაწყვეტილებას ან ავაზაკებამდე მივყავართ, ან იმ გამვლელებამდე, გზაზე დაგდებულ ცოცხალ-მკვდარ ადამიანს რომ უსულგულოდ გვერდზე ჩაუარეს. ეს იგავი გვიჩვენებს თუ რა ინიციატივების მეშვეობით გამოაჯანსაღებენ საზოგადოებას ისინი, ვისაც ძალუძს გაითავისოს სხვისი გასაჭირი, წინ აღუდგეს ადამიანის გამრიყავი საზოგადოების ჩამოყალიბებას, ხელი გაუწოდოს მოყვასს, წამოაყენოს დაცემული და იღვაწოს საყოველთაო სიკეთისთვის. ამავე დროს, იგავი მოგვიწოდებს არ მივბაძოთ მათ, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს და არად დაგიდევთ საერთო საკაცობრიო საჭიროებებს“. (პაპი ფრაცისკე, ენციკლიკური წერილი „ყოველნო ძმანო - ძმობისა და სოციალური მეგობრობის შესახებ“, N. 67


ვატიკანის საელჩო საქართველოში

Comentários


bottom of page