top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ქართველებს: გამოიყენეთ განათლება სიძულვილის სიბნელის გასაფანტად

13 თებერვალს, პაპმა ფრანცისკემ პირად აუდიენციაზე მიიღო თბილისის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან ჩასული დელეგაცია. პაპმა სტუდენტებს მოუწოდა "გამოიყენონ ცოდნა და რწმენა გულგრილობისა და სიძულვილის სიბნელის გასაფანტად".

სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დაარსებიდან 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის დამფუძნებლები, სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები პაპ ფრანცისკეს შეხვდნენ.


Catholic.ge გთავაზობთ პაპ ფრანცისკეს მიმართვას ქართველი სტუდენტებისადმი:


კლემენტეს დარბაზი

ორშაბათი, 13 თებერვალი 2023


"გამარჯობა, ძვირფასო ძმანო და დანო!


მადლობას მოვახსენებ მონსინიორ პაზოტოს მისი სიტყვებისათვის და მივესალმები ყველა თქვენგანს - პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და მეგობრებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა, რომელსაც ახლახანს შეუსრულდა ოცი წელი. გილოცავთ!


მადლობას მოგახსენებთ თქვენი ვიზიტისა და საქმიანობისათვის, რომელიც საუკეთესო მაგალითია თავდადებული კულტურული კვლევა-ძიებისა და იმ ფასდაუდებელი სიკეთისა, ახალგაზრდობის აღზრდა რომ ჰქვია. განათლება სწორედ ამას გულისხმობს - ხელი შეუწყო ახალი თაობების ზრდას, ყველაზე ნაყოფიერი ფესვების აღმოჩენასა და მოვლას, რათა იხარონ და ნაყოფი გამოიღონ. ეს კარგად ეხმიანება თვით საქართველოს იდენტობასაც, ახალგაზრდა, მაგრამ უძველესი ისტორიის მქონე ქვეყნისა, ზეცით კურთხეული მიწისა, რომლის ბედნიერი მოგონებანიც მარად შემორჩა ჩემს ხსოვნას. მახსენდება პატრიარქი ილია, ღვთისკაცი, რომლის სახესაც ჩემს ლოცვებში ვატარებ და რომლის ძვირფას მუსიკალურ ქმნილებებსაც შთაგონებით ვუსმენ. გულში ვინახავ მასთან შეხვედრებს, განსაკუთრებით, საპატრიარქო ტაძარში, როცა ერთმანეთის გვერდით ვიდექით, ნიშნად ქრისტეს კვართისა, რომელიც სახარებაში აღწერილია, როგორც „არა ნაკერი, არამედ თავიდან ბოლომდე ნაქსოვი“ (იო 19, 23) და რომელიც გადმოცემისამებრ, ეკლესიის ერთიანობას, ქრისტეს სხეულს განასახიერებს. თქვენი უნივერსიტეტი ნათელი მაგალითია კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების ნაყოფიერი თანამშრომლობისა კულტურისა და განათლების სფეროებში.

როგორც შევიტყვე, კეთილშობილ ქართულ ენაში ტერმინი „educazione“ (“აღზრდა”) ჟღერს როგორც „განათლება“. ეს ძალზე საინტერესოა, რადგან მომდინარეობს სიტყვიდან „ნათელი“ და გულისხმობს უვიცობის წვდიადიდან ცოდნის სინათლისკენ სვლას. აღზრდა თქვენებურად ნათლისკენ მობრუნებაა, განათლების სინონიმია. ეს ძალზე ნიშანდობლივია - ბნელ ოთახში სანთლის ანთებას ჰგავს; არაფერი იქ არსებული არ იცვლება, მაგრამ ყოველი საგანი სხვაგვარად წარმოჩნდება. სწორედ ასეთია თქვენს უნივერსიტეტში მიღებული განათლება, რომელიც ყველაფრის შუაგულში ადამიანის პიროვნულ ღირსებას მოიაზრებს. მაშასადამე, სწავლისა და გულმოდგინების გზით შესაძლებელია შევიცნოთ საკუთარი თავი, რისკენაც დელფოს ორაკული მოგვიწოდებდა. ეს რწმენისთვისაც მნიშვნელოვანია - აკი წერდა კიდეც ერთი წარსულში მოღვაწე ბერი: „გსურს შეიცნო ღმერთი? საკუთარი თავიდან დაიწყე“ (ევაგრიუს პონტოელი, სენტენციები, რომი 2020, 72).


ცოდნის ამგვარი კეთილმყოფელი გაცისკროვნება განსაკუთრებით საჭიროა დღეს, როცა მსოფლიოს თავზე სიძულვილის წყვდიადი ჩამოწვა, რომელიც, ხშირად, დავიწყებიდან და გულგრილობიდან იღებს სათავეს. დიახ, ხშირად სწორედ დავიწყება და გულგრილობა აბნელებს და განურჩეველს ხდის ყოველივეს ირგვლივ; ხოლო კულტურა და განათლება წარსულის ხსოვნას გვიბრუნებს და შუქს ჰფენს აწმყოს. ეს აუცილებელია ახალგაზრდის და, საერთოდ, მთელი საზოგადოების ზრდისთვის. როგორც თქვენი სამშობლოს ერთ-ერთი მამა ამბობდა: „ერის დაცემა იწყება იქ, სადაც მთავრდება წარსულის ხსოვნა“ (ი. ჭავჭავაძე, ერი და ისტორია, გაზეთი „ივერია“, 1888). და პირიქით, ღვთის დახმარებით, “განათლებული ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია“ (იგივე, „მგზავრის წერილები“, სანტა მარია დი კასტელაბატე, 2021). ქართული კულტურა მოგვიწოდებს ანთებული გვეპყრას განათლების ჩირაღდანი და ღია გვქონდეს რწმენის სარკმელი, რადგან ორივენი გვინათებენ ცხოვრების ოთახებს. შემთხვევითი როდია, რომ ქართულ ენაში სიტყვა „ნათელი“ ფუძეა როგორც სიტყვისა „განათლება“, ასევე სიტყვისა „ნათლობა“, რაც ერთმანეთთან ანათესავებს კულტურასა და რწმენას.


ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ისტორია აღსავსეა სიბნელიდან ნათელში გადასვლის ფაქტებით, რამეთუ თქვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი როცა საუკუნეების მანძილზე გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ. თქვენი მუდამ ხალისიანი და მამაცი, სტუმრისა და სიცოცხლის მოყვარე ერი, ყველაზე შავბნელ პერიოდებშიც კი, სწორედ რწმენისა და კულტურის წყალობით ინარჩუნებდა ოპტიმისტურ განწყობას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია როლი კათოლიკური ეკლესიისა, რომელმაც ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ქართველი ერის კულტურასა და ისტორიას. თქვენ ამ ღვაწლის განმგრძელებლები ხართ და რა კარგია, რომ თქვენი ოპტიმისტური და კონსტრუქტიული განწყობით ასაზრდოებთ ქართულ მიწაზე კათოლიკური საკრებულოს მსახურებას, რათა იგი იქცეს იმ მარცვლად, რომელიც ყველასთვის გამოიღებს ნაყოფს. მოგიწოდებთ განაგრძოთ ეს მორჩილი და ძმური მსახურება. ვიცი, რომ უკვე არსებულ ფაკულტეტებს მედიცინის ფაკულტეტიც დაემატება, რომელსაც უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლია.

ეს როლი ქვეყნისა და ერისთვის სასიკეთო სივრცის შექმნისა და ხიდების გადებისა თვით თქვენი ინსტიტუტის სახელდებაშია მოცემული, ინსტიტუტისა, რომელიც გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, მაღალი კულტურისა და ფართო თვალსაწიერის მქონე მოღვაწიგადიდი სულხან-საბა ორბელიანის სახელს ატარებს. ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს. ამავე დროს, ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად. მაგალითის სახით, აქაც სინათლეს მოვიშველიებ, რომელიც იმისთვის კი არ არსებობს, რომ თვითონ გამოჩნდეს, არამედ იმისთვის რომ სხვას გაუნათოს ირგვლივ და მის იქით არსებული სივრცე. ასეა კულტურაც, რომელიც ახალ ჰორიზონტებს ხსნის და საზღვრებს აფართოებს.


ამიტომაც, გისურვებთ იქცეთ „საამურ შუქად“ ახალგაზრდობისთვის და მადლობას მოგახსენებთ თქვენი საქმიანობისათვის. და კიდევ, გთხოვთ მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებში. დიდი მადლობა! ", – თქვა პაპმა ფრანცისკემ.


Catholic.ge

Comments


bottom of page