ვატიკანის ცნობით, პაპმა ფრანცისკემ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულებს მედიკამენტების 10 000 შეკვრა გაუგზავნა.
ვატიკანმა მედიკამენტები წმინდა საყდართან არსებული თურქეთის საელჩოს რეკომენდაციით შეიძინა. პაპის წარმომადგენლის, კარდინალ კონრად კრაიევსკის თქმით, „დახმარება თურქეთში ავიარეისებით იგზავნება და დიდი ყურადღება ეთმობა კონტეინერების წონასა და გაბარიტებს. ამ დიდი საქმის განხორციელება მოხალისეების დახმარებით ხდება“.
6 თებერვალს დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში დაახლოებით 50 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. პაპის „კეთილ საქმეთა სამსახურმა“ამ ქვეყნებში დაუყოვნებლივ გააგზავნა პირველადი დახმარება, მედიკამენტების, სურსათის, თერმოთეთრეულის, პამპერსებისა და სხვა პირველადი საჭიროების ნივთების სახით. რამდენიმე კვირის წინ,თურქეთსა და სირიას სპეციალური მისიით ეწვია ვატიკანის, აღმოსავლეთის ეკლესიათა საკითხების უწყების ხელმძღვანელი არქიეპისკოპოსი, კლაუდიო გუჯეროტი (ყოფილი ნუნციუსი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, 2001 – 2011წწ.).
გასულ კვირას, იტალიის ყველა სამრევლოში შეგროვდა თურქეთსა და სირიაში გასაგზავნი შეწირულობა, ასევე იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციამ (CEI) ფონდიდან 8xmille 500 000 ევრო გამოყო.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments