top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა პუტინსა და ზელენსკის მიმართა

2 ოქტომბერს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, პაპმა ფრანცისკემ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა ომი შეაჩეროს, ვოლოდიმირ ზელენსკის კი - ღია იყოს სერიოზული სამშვიდობო წინადადებებისათვის.



“ძვირფასო ძმებო და დებო, დილა მშვიდობისა!“


უკრაინაში მიმდინარე ომის მსვლელობამ უკიდურესად სერიოზული სახე მიიღო, რაც იწვევს უდიდეს აღშფოთებას. ამის გამო მსურს დღეს, ლოცვის წინა ფიქრები ამ ყველაფერს მივუძღვნა. მართლაც, მოშუშების ნაცვლად, კაცობრიობის ამ უაზრო და საშინელი ჭრილობიდან სულ უფრო მეტი სისხლი მოედინება, რაც მისი გაუარესების რისკია.


ვწუხვარ ამ თვეებში დაღვრილი სისხლისა და ცრემლების გამო, ვნაღვლობ ათასობით მსხვერპლის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და მრავალრიცხოვანი ნგრევების გამო, რამაც უამრავი ოჯახი დატოვა სხვადასხვა ტერიტორიაზე სიცივისა და შიმშილის წინაშე,უსახლკაროდ. ასეთი ქმედებები არასდროს იქნება გამართლებული. არასდროს! სამწუხაროა, რომ მსოფლიო სწავლობს უკრაინის ისეთ გეოგრაფიას, როგორიც არის ბუჩა, იზიუმი, ირპენი, საპაროჟიე და სხვა ადგილები, რომლებიც გახდნენ ენით აღუწერელი ტკივილისა და შიშის ადგილებად. მაშ, რა უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ კაცობრიობა კვლავ დგას ბირთვული საფრთხის წინაშე? ეს აბსურდია.


კიდევ რა უნდა მოხდეს? კიდევ რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს, სანამ გავიგებთ, რომ ომი პრობლემის გადაწყვეტა კი არა, მხოლოდ განადგურებაა? ღვთის სახელით და კაცობრიობის გულში დავანებული გრძნობის სახელით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. დაე, იარაღი დადუმდეს და შეიქმნას პირობები მოლაპარაკებების დასაწყებად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც არ იქნება თავზე მოხვეული, ნაძალადევი ქმედებები, არამედ შეთანხმებული, სამართლიანი და სტაბილური გადაწყვეტილებები. ასეც იქნება, თუ ისინი დაეფუძნება ადამიანის სიცოცხლის წმინდა ღირებულების პატივისცემას, ასევე თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, უმცირესობათა უფლებებსა და ლეგიტიმურ ინტერესებს.


ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბოლო დღეებში შექმნილი სერიოზულ ვითარების გამო და იმ ქმედებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ეს მართლაც აღვივებს ბირთვული ესკალაციის რისკს მთელ მსოფლიოში, უკონტროლოს და კატასტროფულს ხდის შედეგებს.


ჩემი მიმართვა, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისადმი; მოვუწოდებ მას, შეაჩეროს სიკვდილისა და ძალადობის ეს სპირალი. მათ შორის,თავისი ერისადმი სიყვარულის გამო. მეორეს მხრივ დაღონებული ვარ აგრესიის შედეგად ტანჯული უკრაინელი ხალხის გამო, მე ამავე სულისკვეთებით მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს და მოვუწოდებ სამშვიდობო წინადადებების მიმართ სერიოზული მზაობისაკენ. გადაჭრითმოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, პოლიტიკურ ლიდერებს ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რათა წერტილი დაუსვან მიმდინარე ომს და არ ჩაერთონ სახიფათო ესკალაციაში, ასევე მხარი დაუჭირონ და წინ წამოსწიონ დიალოგის ინიციატივა. გთხოვთ,მიეცით ახალგაზრდებს საშუალება ისუნთქონ სამყაროს ჯანსაღი, და არა ომით დაბინძურებული ჰაერი – რაც სიგიჟეა.


შვიდთვიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, გამოვიყენოთ ყველა დიპლომატიური საშუალება, თუნდაც ის, რაც შეიძლება აქამდე არ იყო გამოყენებული, რათა ბოლო მოეღოს ამ საშინელ ტრაგედიას. ომი თავისთავად შეცდომა და საშინელებაა!


მივენდოთ ღვთის გულმოწყალებას, რომელსაც ძალუძს გარდაქმნას გულები და მივენდოთ სამყაროს დედუფლის დედობრივ შუამდგომლობას. პომპეის სავარდი ღვთისმშობლისადმი აღვლენილი პატიების თხოვნისას, სულიერად გავერთიანდეთ მორწმუნეებთან, რომლებიც მთელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ მის სანქტუარიუმებში“, – თქვა პაპმა.


წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი

Opmerkingen


bottom of page