top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი


25 ნოემბერს პაპმა ფრანცისკემ უკრაინელი ხალხისადმი სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც იგი 9 თვიანი დამანგრეველი ომის შესახებ საუბრობს.


წმინდა მამა წერს:


„ძვირფასო უკრაინელო ძმებო და დებო!


ომის აბსურდული სიგიჟე უკვე ცხრა თვეა მძვინვარებს თქვენს მიწაზე. თქვენს ცაზე გამუდმებით ისმის აფეთქებების საშინელი ღრიალი და სირენების შემაშფოთებელი ხმა. ბომბები ეცემა თქვენს ქალაქებს, რაკეტების წვიმას მოაქვს სიკვდილი, განადგურება,ტკივილი, შიმშილი, წყურვილი და სიცივე. თქვენს ქუჩებში ბევრს მოუწია დარჩენა, მიატოვეს სახლები და საყვარელი ადამიანები. თქვენი დიდი მდინარეების კვალდაკვალ, ყოველდღე მიედინება სისხლისა და ცრემლების მდინარეებიც.


მსურს ჩემი ცრემლები შევუერთო თქვენს ცრემლებს და ვთქვა: დღე არ გავა, თქვენს გვერდით რომ არ ვიყო და გულით არ ვილოცო თქვენთვის. თქვენი ტკივილი ჩემი ტკივილია. დღეს, აგრესიით საშინლად ნატანჯ იესოს ჯვარზე თქვენ გხედავთ. დიახ! ჯვარი, რომელზეც უფალი ეწამა კვლავ გადის იგივე ტკივილს აღმოჩენილ გვამებში, სხვადასხვა ქალაქში აღმოჩენილ მასობრივ სამარხებში, ამ და სხვა ბევრ სისხლიან გამოსახულებებში, რომლებმაც ჩვენს სულში შეაღწიეს და გვაიძულებენ შევძახოთ: რატომ? როგორ შეუძლიათ ადამიანებს მოყვასს ასე მოექცნენ?


მახსენდება ბევრი ტრაგიკული ისტორია, რომელთა შესახებაც შევიტყვე. უპირველეს ყოვლისა, ვიხსენებ ყველაზე პატარებს; რამდენი ბავშვი იქნა მოკლული, დაჭრილი, დაობლებული, დედებს მოწყვეტილი. ვტირი თქვენთან ერთად ყოველ ბავშვს, რომელიც ამ ომს შეეწირა, ისე, როგორც კირა – ოდესოდან, ლიზა – ვინიციდან, როგორც სხვა ასობით ბავშვი. ყოველ მათგანში კაცობრიობამ განიცადა მარცხი, ახლა ისინი ღმერთის წიაღში იმყოფებიან, ხედავენ თქვენ უბედურებებს და ლოცულობენ მათი დასრულებისათვის. როგორ არ უნდა განვიცადოთ ტკივილი მათ გამო, ბავშვებისა და დიდების გამო, რომლებიც დეპორტირებული არიან? ურიცხვია უკრაინელი დედების რაოდენობა.


ვფიქრობ თქვენზე ახალგაზრდებო. იმის მაგივრად, რომ გეოცნებათ მომავალზე, სამშობლოს დასაცავად იარაღი აიღეთ ხელში, ქმრებდაკარგულო ცოლები, მე ვფიქრობ თქვენზე. ტუჩების კვნეტით თქვენი შვილების დასაცავად გამბედაობითა და მდუმარებით მზად ხართ ნებისმიერ მსხვერპლზე წახვიდეთ. ვფიქრობ თქვენზე ზრდასრულებო, რომლებიც ყველა შესაძლო ხერხით ცდილობთახლობლების დაცვას.ვფიქრობ თქვენზე ხანდაზმულებო, რომლებიც მშვიდობიანი დაისის მაგივრად ომის ბნელ ღამეში ჩაცვივდით. ვფიქრობ ქალებზე,რომლებიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლი და გულით ატარებენ მძიმე ტვირთს. სულითა და სხეულით დაკოდილნო, ვფიქრობ ყოველ თქვენგანზე და ვარ თქვენს გვერდით ნაზი სიყვარულითა და მოხიბლული ვარ იმით, თუ როგორ უმკლავდებით მძიმე განსაცდელებს.


ვფიქრობ თქვენზე მოხალისეებო; თქვენ, ყოველდღე უძღვნით თავს ადამიანებს.ვფიქრობ თქვენზე ღვთის წმინდა ერის მწყემსებო; თქვენ, თქვენი სიცოცხლის გაწირვის ფასად რჩებით ადამიანების გვერდით და მიგაქვთ მათთან ღმერთის ნუგეში და ძმური თანადგომა, რომლებმაც მონასტრები და საკრებულოები შემოქმედბითად აქციეთ თავშესაფრებად, სადაც ადამიანებს მასპინძლობთ მთელი გულით, ეხმარებით, კვებავთ მათ, რომლებიც ყველაზე რთულ პირობებში იმყოფებიან. მე,ჩემი ფიქრებით,კვლავ ვუბრუნდები დევნილებსადა მიგრანტებს ქვეყნის შიგნით, რომლებიც თავიანთი სახლებიდან შორს აღმოჩნდნენ. ბევრი მათგანის სახლი უკვე დანგრეულია. მე ვფიქრობ და ვლოცულობ ხელისუფლებისთვის. ამ ტრაგიკულ ვითარებაში მათზეა ქვეყნის მართვის ვალდებულება და შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილებების მიღება მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების სახელით, ქალაქებსა და სოფლებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ესოდენ ძლიერი ნგრევის პირობებში.


ძვირფასო ძმებო და დებო, ბოროტებისა და მწუხარების მთელსამ ოკეანეში - ჰოლოდომორის საშინელი გენოციდიდან ოთხმოცდაათი წლის შემდეგ - გაოცებული ვარ თქვენი მონდომებით. მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, უკრაინელი ხალხი არასდროს ეცემოდა სულით და არ იწყებდა წუწუნს. მსოფლიომ აღიარა ძლიერი და გაბედული ხალხი, რომლებიც იტანჯებიან, ლოცულობენ, ტირიან იბრძვიან, წინააღმდეგობას უწევენ და იმედს არ კარგავენ. მე ვაგრძელებ თქვენს გვერდში დგომას ლოცვებითა და ჰუმანიტარული მზრუნველობით, რათა იგრძნოთ გვერდში დგომა და არ შეეჩვიოთ ომს, რათა არ დარჩეთ მიტოვებულნი დღეს და განსაკუთრებით ხვალ, რომ არ ცდუნდეთ თქვენი განვლილი ტანჯვების დავიწყების საცდურით.


ამ თვეებში, როცა მკაცრი კლიმატური პირობები უფრო ამძიმებს თქვენს ტრაგედიას, მსურს, რომ ეკლესიის სინაზე, ლოცვის ძალა, სიყვარული, რომელიც კვებავს ამდენ და–ძმას,ყველას სახეზე მოგეფეროთ.


რამდენიმე კვირაში დადგება შობა და ტკივილით გამოწვეულიო კვნესა სულ უფრო საგრძნობი გახდება. თქვენთან ერთად მსურს დავუბრუნდე ბეთლემს, იმ განსაცდელებს, რომლებიც გაიარა წმინდა ოჯახმა იმ ღამეს, რომელშიც თითქოს მხოლოდ სიბნელითა და სიცივით იყო გაჯერებული. თუმცა პირიქით. გამოჩნდა ნათელი და იგი მოვიდა არა კაცთაგან, არამედ ღმერთისგან; არა მიწიერი, არამედ ზეციური.


დაე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ - უფლის და ჩვენი დედა. მსოფლიო ეპისკოპოსებთან ერთობაში,მის უმანკო გულს,მივუძღვენი ეკლესია და მთელი კაცობრიობა, განსაკუთრებით თქვენი სამშობლო და რუსეთი. თქვენს ტანჯვებსა და ცრემლებს მივანდობ მის დედობრივ გულს. მარიამი, რომლის შესახებაც წერდა თქვენი მიწის დიადი შვილი: “ღმერთი შემოვიდა სამყაროში, ვთხოვოთ მშვიდობის განუწყვეტელი სასურველი მადლისათვის იმ იმედით, რომ ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი”. დაე, აგისრულოთ ღმერთმა თქვენი გულის სამართლიანი მოლოდინები; დაე, განკურნოს თქვენი ჭრილობები და მოგანიჭოთ თავისი ნუგეში. მე თქვენთან ვარ. ვლოცულობ თქვენთვის და გთხოვთ ილოცოთ ჩემთვის”.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page