წმინდა მამის, 2023 წლის დიდმარხვის ეპისტოლე ეძღვნება ეკლესიის ორ გზას: ასკეტიზმსა და სინოდს.
ეპისტოლეში, რომელიც 2023 წლის დიდმარხვისთვის დაიწერა, რომის ეპისკოპოსი საუბრობს სახარებაში უფლის ფერიცვალების ნაწილის შესახებ, რომელიც დიდმარხვის მეორე კვირას იკითხება.
"იესო გვთავაზობს მასთან ერთად ავიდეთ მაღალ მთაზე, რათა ღვთის წმინდა ხალხს გავუზიაროთ ასკეტიზმის განსაკუთრებული გამოცდილება".
პაპის თქმით, დიდმარხვის ასკეტიზმი, ღვთის მადლით, გვიბიძგებს მცირედმორწმუნეობისა და წინააღმდეგობის გადალახვისაკენ მაშინ, როცა იესოს ჯვრის გზაზე მივყვებით. "მედიდურობისა და ამაოების უარყოფით, ქრისტიანები მოწოდებულნი არიან მასწავლებელთან ერთად წავიდნენ „მთის გზაზე“, რომელიც მოითხოვს ძალისხმევას, ყურადღებასა და თავგანწირვას. იგივე მოთხოვნები აქვს ეკლესიის სინოდურ გზას“, - ხაზს უსვამს რომის ეპისკოპოსი.
„თაბორის მთის მწვერვალზე ასვლისას, იესოს თან მიჰყავს სამი რჩეული მოწაფე, რათა გახდნენ უნიკალური მოვლენის მოწმეები. უფალს სურს, რომ ეს მადლიანი გამოცდილება იყოს საერთო, როგორც მთელი ჩვენი სულიერი ცხოვრება. დროში მოგზაურ ეკლესიაში, განვიცდით ლიტურგიულ წელს და მასში შემავალ დიდმარხვას, თანამგზავრებთან ერთად, რომლებსაც უფალი გვაძლევს. „თაბორის მთაზე ასვლისას“ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი დიდმარხვის მოგზაურობა არის სინოდური, იგი ერთი მარშრუტით მიემართება, ვინაიდან, ჩვენ უფრო ღრმად და სრულფასოვნად ვეზიაროთ ქრისტე მაცხოვრის საიდუმლოებას“.
„სახარება მოგვითხრობს სამთო მომლოცველობის მიზნის შესახებ. იესომ ფერი იცვალა ჩვენ წინაშე და მისი სახე გაბრწყინდა როგორც მზე. მისი სამოსი თეთრი შეიქმნა, როგორც სინათლე (მათ. 17.2). ღვთაებრივი გამოცხადების მშვენიერება შეუდარებლად აღემატებოდა მოწაფეების მიერ ასვლისთვის დახარჯულ ყველა ძალისხმევას“, - წერს პაპი.
“სინოდური პროცესი ხშირად რთული ჩანს, ზოგჯერ შეიძლება იმედიც გაგვიცრუვდეს. თუმცა, ის, რაც ბოლოს გველოდება, უდავოდ მშვენიერი და გასაოცარია. ეს დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ ღვთის მიზანი და ჩვენი მისია ღვთის მსახურებაში”.
მოწაფეთა თაბორის მთაზე ასვლის გამოცდილებას "ამდიდრებენ" იესოს ფერიცვალებისას, მის გვერდით მყოფი მოსე და ელია, რომლებიც განასახიერებდნენ წინასწარმეტყველებასა და რჯულს (მათ.17.3). ქრისტეს სიახლე განუყოფელია ღმერთისა და მისი ხალხის ისტორიისგან, ისევე როგორც სინოდალური გზაა საეკლესიო ტრადიციაში დაფუძნებული და ამავე დროს, გახსნილია სიახლისკენ. ტრადიცია არის შთაგონების წყარო ახალი გზების მოსაძებნად, რათა თავიდან ავიცილოთ სტაგნაციის ცდუნება და იმპროვიზებული ექსპერიმენტები“, - ხაზს უსვამს პაპი.
მარხვის ასკეტური გზის მიზანი, ისევე როგორც სინოდურის, პიროვნული და საეკლესიო გარდაქმნაა, რომელიც შესრულებულია იესოს მსგავსად და მისი სააღდგომო საიდუმლოს მადლით. მორწმუნეების დასახმარებლად და მწვერვალების მისაღწევად, ასევე იესოსთან ერთად გარდასაქმნელად, პაპი ფრანცისკე ორ მიმართულებას გვთავაზობს. პირველი მათგანი ეხება მოწაფეებისადმი თაბორის მთაზე მამა ღმერთის ბრძანებას მაშინ, როცა ისინი უჭვრეტდნენ ფერიცვალებულ იესოს: “მას უსმინეთ” (მათ. 17.5). დიდმარხვა იმდენადაა ნაყოფის მომცემი, რამდენადაც ვუსმენთ ღვთის სიტყვას საეკლესიო ლიტურგიაზე. მაშინაც კი, როცა არ ვიღებთ მონაწილეობას ყოველდღიურ წმინდა წირვაზე, შეგვიძლია რეგულარულად ვიკითხოთ ბიბლია. მათ შორის, ინტერნეტშიც. წმინდა წერილის გარდა, უფალი გვესაუბრება მოყვასისა და ასევე სინოდური სულისკვეთების მქონდე ძმებისა და დების მეშვეობით.
„მამაზეციერის ხმის გაგონებაზე, მოწაფეები პირქვე დაემხნენ და ძალიან შეშინდნენ, მაგრამ იესო შეეხო მათ და უთხრა: “ადექით, ნუ გეშინიათ! თვალი რომ აახილეს, ვერავინ დაინახეს, გარდა იესოსი” (მათ.17.6-8). ეს არის მეორე პრაქტიკული ინსტრუქცია დიდმარხვისთვის“, – წერს პაპი.
“ნუ დაიმალებით არაჩვეულებრივი მოვლენებისგან შემდგარ რელიგიურობაში, რეალობის წინაშე არსებულ შიშში, მის ყოველდღიურ სირთულეებში, გაჭირვებასა და წინააღმდეგობებში. ნათელი, რომელიც იესომ მოწაფეებს გაუმჟღავნა, სააღდგომო დიდების მოლოდინია და საჭიროა მას გავყვეთ მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით”.
„დიდმარხვა ორიენტირებულია აღდგომაზე. განმარტოება არ არის თვითმიზანი, არამედ წვლილი შეაქვს ვნებებთან და ჯვართან რწმენით, იმედითა და სიყვარულით, რათა მივაღწიოთ აღდგომას. პაპი ფრანცისკე მოუწოდებს მორწმუნეებს ჩამოვიდინენ დაბლობზე. „დაე, გამოცდილი წყალობა დაგვეხმაროს ვიყოთ სინოდურობის ხელოსნები ჩვენი საკრებულოების ყოველდღიურ ცხოვრებაში“.
ეპისტოლეს დასასრულს, წმინდა მამა წერს:
“ძვირფასო ძმებო და დებო, დაე, ამ დიდმარხვაში სულიწმინდა დაგვეხმაროს ავმაღლდეთ იესოსთან ერთად და გამოვცადოთ მისი ღვთაებრივი ბრწყინვალება, რათა რწმენაში განმტკიცებულებმა განვაგრძოთ გზა იესოსთან ერთად. წარმართთა გასანათებლად და მისი ხალხის სადიდებლად”.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Yorumlar