ხიზაბავრაში, კათოლიკე ეკლესიასთან არსებულმა საბავშვო ბაღმა პოლონელი მოგზაურებისგან დახმარება მიიღეს.
დარიუში და არკადიუში საქართველოში Fiat 126p–ით ჩამოვიდნენ. მათ 7 დღეში 3 500 კილომეტრი დაფარეს. მოგზაურებმა გზა ცენტრალური პოლონეთიდან დაიწყეს და სლოვაკეთის, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით საქართველოში შემოვიდნენ.
ამბობენ, რომ მოგზაურობის მთავარი მისია ხიზაბავრის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის საკანცელარიო ნივთებისა და სათამაშოების მიტანა იყო.
„ჩვენი მისიაა დავეხმაროთ ხიზაბავრის საბავშვო ბაღს, რომლის შესახებაც ინფორმაცია ჰქონდა ჩემს მეგობარს, დარიუშს. იგი ქალაქ ვოჯის საბავშვო ბაღში მუშაობს, რომელიც დამეგობრებულია ხიზაბავრის საბავშვო ბაღთან. პოლონეთში, ინტერნეტით შევაგროვეთ თანხა, რომლითაც სათამაშოები და სასკოლო ნივთები ვუყიდეთ ბავშვებს“, – ამბობს მოგზაური.
მისივე თქმით, ქველმოქმედებასთან ერთად, ეს მოგზაურობა ერთგვარი გამოწვევა იყო: „გვინდოდა მოგზაურობა გაგვერთულებინა, ამიტომ ძველი მანქანით წამოვედით, გარდა ამისა, არ გვეძინა სასტუმროებში, ვიყენებდით კარვებს და ვხელმძღვანელობდით მხოლოდ ქაღალდის რუკებით, უკიდურეს შემთხვევაში ვიყენებდით GPS–ს“.
ხიზაბავრაში საბავშვო ბაღი 2001 წელს, კამილიელთა ორდენის ინიციატივით გაიხსნა. ახლა უკვე იგი ჰუმანიტარულ ცენტრ “ხიზაბავრას“ ეკუთვნის.
თაკო ფეიქრიშვილი
Comentarios