ახალციხეში, რაბათის დასახლებაში არსებულ XIII საუკუნის კათოლიკური ტაძრის შესახებ წიგნი დაიბეჭდა. მისი ავტორი ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილია. ნაშრომის პრეზენტაცია 2023 წლის 7 ოქტომბერს, ამავე ტაძარში სადღესასწაულო წირვის შედგა. წიგნში თავმოყრილი მასალების შესახებ თავად ავტორმა ისაუბრა.
„წმინდა ჯვრის – წმინდა სავარდის კათოლიკური ეკლესია ქალაქ ახალციხეში“, – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც კათოლიკური ტაძრის წარსულსა და თანამედროვეობას აღწერს. ნაშრომი 2022 წელს დაიბეჭდა და არა მხოლოდ ეკლესიის ისტორიას, არამედ აქ მოღვაწე სასულიერო პირებსაც აცნობს მკითხველს.
ტაძარს, რომლის შესახებაც წიგნშია საუბარი, დღეს საზოგადოება „სავარდის ღვთისმშობლის“ სახელით იცნობს. ქართველი მკვლევრის ზაქარია ჭიჭინაძის (1854–1931წწ.) აზრით კი, იგი XIII საუკუნეში უნდა იყოს აშენებული და ცნობილია, რომ თავდაპირველად იგი „წმინდა ჯვრის“ სახელით იყო ცნობილი. ტაძარი მნიშვნელოვან საკულტო ძეგლს წარმოადგენდა ქართველი კათოლიკეებისათვის. აქ არაერთი ქართველი კათოლიკე მღვდელი, ასევ მისიონერი მოღვაწეობდა. „თუმცა მას შემდეგ, რაც საბჭოთა პერიოდში აიკრძალა ღვთისმსახურება, განურჩევლად აღმსარებლობისა, დიდი ხნის განმავლობაში სალოცავები გამოიყენებოდა საწყობებად. ყოველივე ამან დააჩქარა მათი როგორც ძეგლების დანგრევა და ფიზიკური განადგურება. გამონაკლისს არც ახალციხის წმ. ჯვრის ეკლესია წარმოადგენდა“, – წერს ნატო ყრუაშვილი წიგნში. სახურავჩაქცეული, კედლებმონგრეული ეკლესია 2012 წელს აღდგა და ეკურთხა.
ამ ეკლესიის აღდგენა „მნიშვნელოვანი მოვლენაა, არა მარტო კათოლიკეებისთვის და არა მარტო ახალციხისთვის, არამედ საერთო საქართველოსა და ქართველი ერისთვის. იმიტომ, რომ ამ ეკლესიის ისტორია ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და ჩვენ ისტორია უნდა შევისწავლოთ, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ. უკვე 11 წელი გავიდა ამ ეკლესიის აღდგენიდან და გვაქვს სასიამოვნო სიახლე: უფლის ნებითა და კეთილი ადამიანების შეწევნით, ამ ეკლესიის ისტორია უკვე წიგნად დაიწერა [...] როდესაც საკითხზე მუშაობა დავიწყე, აღმოჩნდა საკმაოდ მდიდარი, ძალიან საინტერესო ინფორმაცია და იმთავითვე გადავწყვიტე, რომ მცირედით არ დავკმაყოფილებულიყავი და უფრო ვრცლად, ამომწურავად გამერკვია და შემესწავლა ამ ეკლესიის ისტორია“, – განმარტა წიგნის პრეზენტაციისასა ავტორმა, ისტორიკოსმა ნატო ყრუაშვილმა და დაამატა, რომ წიგნის დაწერისთვის „ბიძგი“ კათოლიკე მღვდელმა პიერ დიუმულენმა და თეოლოგმა ვაჟა ვარდიძემ მისცეს.
წიგნი პირობითად ორ ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი მოიცავს ეკლესიის შესახებ ისტორიას და იწყება ახალციხისა და მესხეთის მიმოხილვით, მეორე ნაწილში კი მოცემულია სხვადასხვა კათოლიკე სასულიერო პირის სტატიები კონკრეტულად „სავარდის“ იგივე „წმინდა ჯვრის“ ტაძრის შესახებ.
„მე, როგორც ამ წიგნის ავტორს, მის ერთ–ერთ ღირსებად მიმაჩნია, რომ არსებული მასალების საფუძველზე, მომეცა შესაძლებლობა წარმომეჩინა ამ ეკლესიაში მოღვაწე სასულიერო პირები. მე–18 – 21–ე საუკუნის ჩათვლით. დაახლოებით 30 სასულიერო პირის მოღვაწეობა წარმოჩნდა. ზოგი ძალიან ცობილი პიროვნებაა, ბევრი – უცნობია და ეს წიგნი მისცემს მათ საშუალებას, რომ სამუდამოდ დარჩნენ ქართველი ერის მეხსიერებაში“, – განმარტა ნატო ყრუაშვილმა და ის სასულიერო პირები ახსენა, რომლებიც ამ ტაძარში მოღვაწეობდნენ.
„რამდენიმე სასულიერო პირი იყო გოზალიშვილების გვარიდან, რამდენიმე იყო ხუციშვილების გვარიდან, ასევე ალიოზ ბათმანაშვილი, რომელზეც მონოგრაფია უკვე დაწერილია. აგრეთვე იოსებ ხუციშვილი, რომელსაც სამწუხაროდ, ქართველი ერი არ იცნობს. ის იყო ქართველი კათოლიკე მღვდელი, რომელსაც სიცოცხლეშივე „მესხი გუტენბერგი“ უწოდეს. არ იქნებოდა სწორი, თუ არ გავამახვილებდი ყურადღებას ამ ეკლესიის ეზოში დაკრძალულ პიროვნებებზეც. როდესაც ადამიანი შემოდის ეკლესიის ეზოში, შეუძლებელია მისი ყურადღება მონუმენტურმა საფლავის ქვამ არ მიიპყროს. ეს გახლავთ პავლე ჭილიმუზაშვილის საფლავი, ის თავისი დროისათვის ერთ–ერთი უგანათლებულესი პიროვნება გახლდათ. აქვე არის დაკრძალული ივანე გვარამაძე, „ვინმე მესხის“ ფსევდონიმით ცნობილი პიროვნება, რომელმაც ჩვენი კუთხის ქართველობას მე–19 საუკუნეში უდიდესი სამსახური გაუწია და ფართო საზოგადოება ამ პიროვნებას არ იცნობს. პავლე შაჰყულიანი და ივანე გვარამაძე, თავდაპირველად დაკრძალული იყვნენ, ახალციხეში აშენებულ პირველ კათოლიკურ ეკლესიაში, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, და როდესაც ეს ეკლესია დაინგრა, საფლავები რომ არ დაკარგულიყო, 1945 წელს, ორივე მათგანის ნეშტი გადმოასვენეს ამ ეკლესიის ეზოში. აქვე არიან დაკრძალული ცნობილი ისტორიული პიროვნებები: სოლომონ ლიონიძე, რომელიც ერეკლე მეფის მსაჯული, მრჩეველი იყო და პატრი ნიკოლა. ისინი ერეკლე მეფის კარზე მოღვაწეობდნენ, შემდეგ იმერეთში გადავიდენ და იმერეთიდან ახალციხეში ჩამოვიდნენ პოლიტიკური მისიით, მაგრამ იმ პერიოდში, მე–19 საუკუნის დასაწყისი, მძვინვარებდა „შავი ჭირი“ და სწორედ ამ პანდემიას შეეწირა ეს ორი სახელოვანი პირი, ამიტომ ისინი აქ არიან დაკრძალული“.
რაც შეეხება წიგნის მეორე ნაწილში თავმოყრილ სტატიებს, ავტორი ამბობს, რომ მისთვის საინტერესო იყო მისიონერების თვალით დანახული საქართველო და ქართველები: „ვფიქრობ, რომ ამ ეკლესიის ისტორია, სრულყოფილი არ იქნებოდა, თუ არ მივიტანდი მკითხველამდე იმ სტატიებს, რომლებიც ამ ეკლესიის გახსნასა და მისადმი დამოკიდებულებებს წარმოაჩენდა. განვათავსეთ ეპისკოპოსის მეუფე ჯუზეპეს სტატია, რომელიც განიხილავს ეკლესიის კურთხევას, აქვე შეტანილია, მამა აკაკის, მამა გაბრიელესა და დედა მარია–გრაციას სტატიები. საქართველოში მყოფი მისიონერების სტატიები, პირადად ჩემთვის ბევრის მომცემი იყო იმიტომ, რომ მათი თვალით დავინახე ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი და საერთოდ ქართველი ერი, ამიტომ მადლობა თქვენ ამისათვის“.
გამოსვლისას, ავტორმა ყურადღება გაამახვილა ტაძრის სახელწოდებაზეც და განმარტა, რატომ უწოდა წიგნს „წმინდა ჯვრის – წმინდა სავარდის კათოლიკური ეკლესია ქალაქ ახალციხეში“.
„ამ ეკლესიის ისტორიული სახელწოდება „წმინდა ჯვრის ეკლესიაა“. თუმცა ახალციხეში არსებულ კათოლიკურ ეკლესიებს შორის ერთ–ერთი იყო წმინდა სავარდის ეკლესია, რომელიც ამჟამად დანგრეულია. მე–20 საუკუნის 90–იან წლებში, როცა ახალციხეში ლათინური საკრებულო შეიქმნა, მას წმ. სავარდის სახელი ეწოდა. ამ საკრებულოს ასევე სურდა, რომ აეშენებინა წმ. სავარდის სახელობის ეკლესია. 9 აპრილზე [ქუჩა ახალციხეში] იყო ტერიტორია შეძენილი და პროექტიც იყო დამუშავებული, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, იქ ეკლესია ვერ აშენდა, ახლა იქ არის შშმ პირთა ცენტრი.
ანუ ჩვენი საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა კათოლიკური სამლოცველო წმ. სავარდის სახელობის, ამიტომ ამ სახელწოდების, ამ შინაარსის აქტიურობის გამო, გადაწყდა რომ არ დაკარგულიყო ეს სახელი და ამ ეკლესიასაც დარქმეოდა წმინდა სავარდის ტაძარი“, – განმარტა ისტორიკოსმა და მადლიერება გამოთქვა კათოლიკე ეკლესიის მიმართ წიგნის „დღის სინათლეზე“ გამოტანისათვის: „უსაზღვრო მადლიერება მინდა გამოვთქვა ეპისკოპოსის ჯუზეპე პაზოტოს მიმართ, მამა აკაკის [ჭელიძე], გაბრიელეს [ბრაგანტინი], ზურაბის [კაკაჩიშვილი] და ყველას მიმართ. რომ არა ისინი, ეს წიგნი მზის სინათლეს ვერ იხილავდა, რომ არა მათი მხარდგომა და დახმარება მკითხველი ვერ მიიღებდა ამ წიგნს“.
პრეზენტაციისას წიგნის ავტორს კათოლიკე ეკლესიის სახელით მადლობა გადაუხადა ადმინისტრაციის კანცელარიის გამგემ, მღვდელმსახურმა აკაკი ჭელიძემ:
„გაცილებით დიდი ხნის წინ იყო ამგვარი ბროშურა შევქმენით და მერე უკვე წიგნად იქცა. მამა პიერის სურვილი იყო რომ ხალხის, დაინტერესებული პირებისა და ტურისტებისთვის ყოფილიყო ბროშურა, მის ნაცვლად კი ცოტა მოგვიანებით, მაგრამ გამოგვივიდა ეს ლამაზი წიგნი. ამ წლებმა მხოლოდ არგეს ამ წიგნს. მადლობა თქვენ, ქალბატონო ნატო, რომ მოიძიეთ საინტერესო ინფორმაცია. ნამდვილად დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის“.
წიგნი არა მხოლოდ ისტორიულ მასალებს, არამედ ბევრ ისტორიული ფოტოსაც მოიცავს: „რაზეც კი ხელი მიმიწვდა, სასულიერო პირების თუ ისტორიული ფაქტების ფოტოებზე, რაც ეკლესიას შეეხებოდა, შევეცადე, რომ წიგნში განმეთავებინა, იმიტომ, რომ ზოგჯერ ფოტო სიტყვაზე მეტად მეტყველებს და წიგნს უფრო მეტ შინაარსს სძენს“, – აღნიშნა ავტორმა.
„წმინდა ჯვრის – წმინდა სავარდის კათოლიკური ეკლესია ქალაქ ახალციხეში„ – კათოლიკე ეკლესიის ყველა სამრევლოშია და მისი შეძენა ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments