top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რას ნიშნავს საშობაო მსგეფსი

Updated: Dec 28, 2023

ლიტურგიაში შობის დღესასწაული რვა დღე გრძელდება. მსგეფსი, იგივე ოქტავა (ლათ. Octavus - მერვე) არის ლიტურგიული პერიოდი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან დღესასწაულს და მის შემდგომ შვიდ დღეს. მას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს.



ყველაზე ადრე, III საუკუნეში, დაარსდა “უფლის აღდგომის მსგეფსი”, რომლის დროსაც აღევლინებოდა წმინდა წირვა და კატექეზები ახლადმონათლულ მოზრდილთათვის. აღდგომის ღამეს, ნათლობის შემდეგ, საჭირო იყო ინიციაცია (ე.წ. მისტაგოგია) ხსნის საიდუმლოს უფრო სრულყოფილად გასაგებად. VII საუკუნეში ჩამოყალიბდა “შობის მსგეფსი”, მოგვიანებით ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული და იესოს წმინდა გულის დღესასწაული.


„შობის მსგეფსის“ მეორე დღე, 26 დეკემბერი, ეძღვნება წმ. სტეფანე დიაკვანსა და პირველმოწამეს. წმ. სტეფანეს ლიტურგიკული კულტი ცნობილია IV საუკუნიდან. კაროლინგების სახელმწიფოში, შემდეგ კი სხვა დასავლეთ და ჩრდილოეთ ქვეყნებში წმ. სტეფანე ცხენების მფარველი გახდა, ამიტომ 26 დეკემბერს აკურთხებდნენ შვრიას. ზოგიერთ სამრევლოში ეს ჩვეულება ჯერ კიდევ შემორჩენილია.


მსგეფსის მესამე დღე, 27 დეკემბერი, ეძღვნება წმ. იოანე მოციქულსა და მახარებელს, მისი ლიტურგიული კულტი IV საუკუნიდან არსებობს. წმინდა იოანეს მოხსენიებისას მორწმუნეები ღვინოსაკურთხებენ და სვამენ: Bibe amorem s. Joannis. ეს ეკლესიის ძალიან ძველი ტრადიციაა, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება. იგი დაკავშირებულია ლეგენდასთან, რომლის მიხედვითაც წმ. იოანეს მოწამლული ღვინის თასი უნდა ეკურთხებინა. ამ ლეგენდის სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ამბობს, რომ იმპერატორმა დომიციანემ მოციქული რომში მოიწვია, რათა მოეკლა და მოწამლული ღვინით ჭიქა მისცა. წმ. იოანემ აკურთხა იგი და ჭურჭელი გატყდა.


დღეს, ამ ტრადიციას სხვა მნიშვნელობა აქვს. წმ. იოანეს სახარების მთავარი გზავნილი სიყვარულია. ამიტომ, როცა ამ ღვინოს მიირთმევენ, ამბობენ: „დალიე წმ. იოანეს სიყვარული". იმიტომ, რომ ღვინო - ბიბლიურ ფესვებს აღწევს. იგი ნიშნავს ბედნიერებას, სიხარულს, თუმცა ასევე ტანჯვას და სიყვარულს. წითელი, რომელიც მისი ყველაზე გავრცელებული ფერი იყო, სიყვარულის ფერია.


მსგეფსის მეოთხე დღე, 28 დეკემბერი, არის ქრისტესათვის წამებულ ჩვილთა დღესასწაული, რომელიც ლიტურგიაში შევიდა V საუკუნეში. ისინი არიან ბავშვები ბეთლემიდან და მისი შემოგარენიდან, რომლებსაც უდანაშაულოდ მოუწიათ ქრისტესთვის სიცოცხლის გაწირვა. ამ მოვლენის ისტორია ლიტურგიული ზეიმის შინაარსი გახდა.


მომდევნო დღეები, ანუ 29, 30 და 31 დეკემბერი, მსგეფსის კანონების მიხედვით, საშობაო დღესასწაულების გაგრძელებაა. ამ დროს არის ორი ნებაყოფლობითი მოხსენიება - წმ. თომას ბეკეტი, ეპისკოპოსი და მოწამე (29 დეკემბერი) და წმ. სილვესტერ I პაპი (31 დეკემბერი).


წმინდა ოჯახის დღესასწაულს კათოლიკე ეკლესია ყოველწლიურად აღნიშნავს შობის შემდგომ პირველ კვირა დღეს.


წმინდა ოჯახის კულტი გავრცელდა XVII საუკუნეში, როგორც ოცდაათწლიანი ომის (1618-1648) დემორალიზებულ შედეგებზე დაფუძნებული სპონტანური რეაქცია, რამაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ოჯახებზე. მაშინ წმინდა ოჯახის კულტმა დიდი როლი ითამაშა ოჯახური ცხოვრების მოდელზე.


XVIII საუკუნიდან დაიწყო ამ დღესასწაულის სისტემატური აღნიშვნა სხვადასხვა ქვეყანაში. დაამტკიცა პაპ ლეონ XIII-ემ. ბენედიქტ XV-ის გადაწყვეტილებით დაიწყო მისი აღნიშვნა მთელსეკლესიაში. დღესასწაული სამუდამოდ შევიდა ლიტურგიაში ლეონ XIII-ის პაპობის დროს, რომელმაც ფლორენციის მთავარეპისკოპოსის, კარდინალ ბაუსის თხოვნით, 1890 წლის 20 ნოემბერს გამოსცა ბრძანებულება „წმინდა ოჯახის პატივის მიგების შესახებ”. საღვთისმსახურო ტექსტები წმიდა ოჯახის დღესასწაულისთვის შეადგინა ლეონ XIII-მ. ამ დღისთვის, მან ასევე დაწერა მშვენიერი საეკლესიო საგალობლები. საკითხავი ისეა შერჩეული, რომ ხაზი გაუსვას ბიბლიურ სცენებს, რომლებშიც წმინდა ოჯახი ჩანს. ამავე დროს, წმინდა წერილის ტექსტები ხაზს უსვამს ოჯახის წევრების პასუხისმგებლობებს.

საშობაო მსგეფსის ბოლო დღე 1–ელი იანვარი - მარიამის, ღვთისმშობლის დღესასწაულზე. ეს ასევე მშვიდობის მსოფლიო დღეა, რომელშიც წმინდა მამა აქვეყნებს მშვიდობის გზავნილს და მიმართავს ყველა კეთილი ნების ადამიანს.


წყარო: www.niedziela.pl


შოთა გიქოშვილი



Comments


bottom of page