8 დეკემბერს, ქუთაისი ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის ტაძრის დღესასწაულია. ეს ის ეკლესიაა, რომლის მშენებლობაზეც კათოლიკეები თითქმის 36 წელი ზრუნავდნენ. მშენებლობა 1826 წელს დაიწო და 1862 წელს დასრულდა. 1989 წლიდან კი ტაძარი კათოლიკეებს ჩამოართვეს და დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა.
გთავაზობთ ისტორიულ ცნობებს ტაძრის შესახებ, ნათია ნაცვლიშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან: "კათოლიკური ეკლესიები საქართველოში: ისტორია და არქიტექტურა" (სამეცნიერო ხელმძ. პროფესორი ნინო ჭიჭინაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019)
1790-1800 წლების ცნობები ქუთაისში მოღვაწე პატრების შესახებ ბუნდოვანია. 1800 წელს სოლომონ II-ის, ხოლო 1803 წელს დედოფალ მარიამის მიერ გაცემული სიგელებიდან ჩანს, რომ აქ ცხოვრობენ პატრები მარიოზი, ჩელერინე და ნიკოლა.
სიგელები მათ ეკლესიის გარშემო მდებარე მიწებს უმტკიცებს. ეს მიწის ნაკვეთები განთავსებული უნდა ყოფილიყო რიონის მარცხენა ნაპირზე, მდინარის პირას, იქ, სადაც XIX საუკუნეში კათოლიკეებმა ღმრთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დიდი ეკლესია ააშენეს, დღემდე შემორჩენილი და ამჟამად მართლმადიდებლურად ნაკურთხი.
ქუთაისში კათოლიკური ეკლესიების ქრონოლოგიის შესახებ საინტერესო ცნობას იძლევა მღვდელი გაბრიელ ასლანიშვილი:
,,ძველად, ქუთაისს ქართველთ კათოლიკეთ ეკკლესია არსებობდა, აწინდელ ეკკლესიის ზემოთ, ყანთართან, იქ ეს ეკკლესია კარგა ხანს ყოფილა, შემდგომ იგი გადმოუტანიათ ქვემოთ, აწინდელ ეკკლესიის ახლოს ვიღაც კათოლიკის სახლთან, მისს მერე, ეს ეკკლესიაც დაუტივებიათ და გაუკეთებიათ სხვა, ქვით- კირის, აწინდელი ეკკლესიის ახლოს, რიონის ნაპირას, რომელ ეკკლესიის არსებობამაც 1840 წლამდე მოსტანა. აწინდელ ეკკლესიის გალავანში, რიონის ნაპირას, დღესაც-კი სჩანს ამ ძველი ეკკლესიის საძირკველი, იგი საკმაოდ მოზრდილი ყოფილა თავის დროის კვალად. მისი სრულად გაუქმება, ანუ მოშლა 1850 წელს ეკუთვნის”.
,,აწინდელ ეკლესიაში“ გაბრიელ ასლანიშვილი გულისხმობს 1826- 1862 წლებში რიონის მარცხენა ნაპირზე აშენებულ ღმრთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის ეკლესიას (ფ. ვარლამიშვილის ქ. #7). მისი ცნობით, 1826 წლამდე კათოლიკეებს ქუთაისში სხვადასხვა დროს სამი ეკლესია ჰქონიათ შეიძლება გვეფიქრა, რომ ზემო ეკლესიაში, რომელიც ამ სამთაგან უადრესია, ის მწვანეყვავილაზე მდებარე კათოლიკურ მონასტერს გულისხმობს, თუმცა გ. ასლანიშვილი გარკვევით ამბობს, რომ ეკლესია ყანთართან ანუ ქალაქის სასწორთან ახლოს იდგა.
ასლანიშვილის ცნობის სიზუსტე სხვა წყაროთიც დასტურდება. ქუთაისის ვიცე-გუბერნატორი 1852-56 წლებში პეტრე გნილოსაროვი თავის წერილში სოლომონ II-ის შესახებ წერდა, რომ კათოლიკეებს ეკლესია ჰქონდათ ქალაქის აღმოსავლეთ კიდეში, ქუთაისის მოურავების - წულუკიძეების სახლთან ახლოს. მაშინ ეს ტერიტორია ხშირი ტყით იყო დაფარული და ავაზაკებისგან მუდმივად საფრთხე ემუქრებოდა. ამის გამო კათოლიკეებს ეკლესია რიონის პირას გადაუტანიათ, სადაც უკვე ცხოვრობდა კათოლიკეების რამდენიმე ოჯახი.
როგორც მერაბ კეზევაძემ მიმითითა, წულუკიძეების სახლი და სასწორი ერთმანეთთან ახლოს, ქუთაისის მთავარ მოედანთან მდებარეობდა, დაახლოებით იქ სადაც დღეს მუსიკალური საათია განთავსებული.
რაც შეეხება მის შემდეგ აშენებულ ორ ეკლესიას, ცნობიდან ჩანს, რომ ისინი როგორც ერთმანეთთან, ისე 1826-1862 წლებში აგებულ ეკლესათან ახლოს, მდინარის პირას მდგარა. ეს უნდა იყოს ტერიტორია, რომელიც კაპუცინებს სოლომონ II-მ და დედოფალმა მარიამმა დაუმტკიცეს. ასლანიშვილის მიხედვით, ბოლოსწინა ეკლესია ქვით ყოფილა ნაგები, რაც სხვა ცნობებით არ დასტურდება. როგორც პატრების ანგარიშებში, ისე მოგზაურების ჩანაწერებში ის ხისად მოიხსენიება.
1813 წელს ქუთაისის კათოლიკურ მონასტერში მცხოვრები პატრი ნიკოლა გარდაცვალა და მისიონი დაცარიელდა. კაპუცინების უფროსმა ფილიპე ფორანოელმა იქ ახალციხელი მღვდელი გაგზავნა. ფილიპეს მიერ რომში გაგზავნილ ანგარიშში ცოტა რამ ქუთაისის მონასტრის შესახებაცაა ნათქვამი. ანგარიშიდან ვიგებთ, რომ: ,,იქაური ეკკლესია ხისაა, მაგრამ სუფთა და ადამიანს ღვთის სასოებას უნერგავს გულში. სახლის კედლები ზოგი ხისაა, და ზოგიც ქვისაა; იქვე საბაღო ადგილი აქვს.”
ქუთაისში მცხოვრებმა კათოლიკეებმა ხის ეკლესიის შეცვლა ქვის კაპიტალური გუმბათიანი შენობით 1817 წელს გადაწყვიტეს, მაგრამ შეზღუდული ფინანსების გამო მშენებლობა 1826 წლებამდე არ დაწყებულა.
პატრი ფილიპე 1830 წელს რომში გაგზავნილ მოხსენებაში წერს: ,,ქუთაისის ეკლესია ხისაა. გარნა აგერ სამი წელიწადია, რაც დაიწყეს იქაურმა კათოლიკეებმა აშენება ქვითკირის ეკკლესიისა, რომელიც ტფილისის ეკლესიაზე დიდია.” ეს მშენებარე ეკლესია 1833 წელს ნახა ქუთაისში ჩასულმა დიუბუა დე მონპერემ. ქალაქის სიძველეთა ჩამონათვალში 23-ე ნომრით ის ახსენებს კათოლიკურ სკოლას, რომელიც დაშენდა შუა საუკუნეების გალავანზე, და მიმდებარე ძველ და ახალ ეკლესიებს.
...
1840 წელს ქუთაისის კათოლიკური ეკლესია კვლავ დაუმთავრებელია. მშენებლობის გასაგრძელებლად ამჯერად სინოდალური კანტორის ნებართვა გახდა საჭირო. ნებართვის გაცემამდე კანტორა ინფორმაციას აგროვებდა კათოლიკური მრევლის რაოდენობის, მათი ფინანსური მდგომარეობისა და ეკლესიის ადგილმდებარეობის შესახებ - თუ რამდენად შორს იდგა ის მართლმადიდებელთა ეკლესიისგან. ეს ინფორმაცია კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრისგან ჯერ ეპისკოპოსს, ხოლო შემდეგ ქვეყნის ეგზარქოსს ეგზავნებოდა.
1840 წლის 30 აპრილს ეკლესიის გამგემ, პატრმა ქერუბინო სერავეცელმა იმერეთისა და გურიის ეპისკოპოს სოფრონიოსს გაუგზავნა მოხსენება, რომელშიც ქუთაისის ახალი კათოლიკური ეკლესიის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციაა მოცემული:
... ახალი ეკლესია დაწყებულ არს ... წელსა შინა ათას რვას ოცდა ექვსსა:
- სიღრმე საძრიკვლისა როგორათაც დამარწმუნეს ზოგთა კათოლიკეთაგან ერთს საჟენს (2. 13 მ) გარდასცილდება.
- შიგნეული სიგრძე კარიდგან მოკიდებული ხორნიანათ არის ოცდა თორმეტი არშინი (22. 75 მ), შუაშიდ ტრაპეზიდგან მოკიდებული სამწირველოიანათ და სხვა აქვს სიგრძისა ოცდა თექვსმეტი არშინი (25. 60 მ).
- სიგრძე მრევლისათვის ცარიელი არის ოცდა ოთხი არშინი (17. 06 მ).
- სიგანე თანასწორეთ შიგნით არის ოცი არშინი (14. 22 მ).
- წინა პირის კედლის სიგანე არის არშინი და ხუთი ვერშოკი (93. 37 სმ) - სიგანე გვერდის კედლისა არის ერთი არშინი და ათი ვერშოკი (1. 15 სმ)
სოფრონიოსი კარგად იყო განწყობილი კათოლიკეების მიმართ. პატრ ქერუბინოსგან ანგარიშის მიღებიდან რამდენიმე დღეში ის საქართველოს ეგზარქოს ევგენიოსს უგზავნის ვრცელ წერილს, რომლითაც გარკვეულწილად შუამდგომლობს ,,ფრანგებს”.
სოფრონიოსის წერილი დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში. დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ კათოლიკური ეკლესია ქუთაისის მართლმადიდებლური ეკლესიისგან (,,ბერძენთ იმერელ რუსეთის ეკკლესიაზედ“) დაახლოებით 250 მეტრის მოშორებით იდგა. სოფრონიოსი ხაზს უსვამს ხის ეკლესიის ცუდ მდგმარეობასა და მცირე ზომას: ,,ქუთაისში სწორედ არის ფრანგებთ ღთის მსახურებისათÂს ერთი ხიის და მიდრეკილი დაქცევისადმი ეკკლესია მცირედ დასატეველი ქალაქის ქუთაისის ფრანგებთ მცხოვრებთათვის”, საგანგებოდ აღნიშნავს მრევლში შეძლებული ვაჭრების ყოფნას, რაც ეკლესიის დამთავრების ერთგვარ გარანტიას წარმოადგენს, და ბოლოს ხაზგასმით ამბობს ეკლესიის ასაშენებლად ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავო: ,,დაბრკოლებანი ნების დართვისადმი შესრულებად შენობათა დაწყებულისა ქვის ეკკლესიისა ჩვენის მართლ მადიდებლების ბერძენთ როსიის ეკკლესიის მხარეთ ჩემის აზრით არ იპოების”.
1845 წელს ქუთაისში იმყოფებოდა გერმანელი მოგზაური მორიც ვაგნერი. მისი ცნობით კათოლიკეებს ჰქონდათ ,,ლამაზი და ვრცელი” ეკლესია, რომლის მშენებლობა 7000 რუბლი დაჯდა. ეს თანხა პროპაგანდა ფიდეს გადაუხდია. რომიდან გამოუგზავნიათ საკურთხევლის ხატიც. მშენებლობაზე თურქი და ბერძენი ოსტატები იყვნენ დასაქმებულნი.
1845 წელს რუსულმა ხელისუფლებამ ევროპელი პატრები საქართველოდან გააძევა. ეკლესიის კანდელაკის (მნათე) სიმონ ყაუხჩიშვილის ცნობით, კურატმა ანტონ გლახაშვილმა შენობა დროებით ხით გადახურა.
უგუმბათოდ დგას ეკლესია 1848 წელს, როცა ის მარი ბროსემ მოინახულა: ,,კათოლიკური ეკლესია, აგებული ამ მხარეს, ლამაზი შენობაა, მაგრამ დაუმთავრებელია. მამებს, რომლებიც აქ მსახურებენ, მეზობლად აქვთ ხის კარგი და ლამაზი სახლი.”
მშენებლობა 1850-იან წლებში განახლდა.
1859 წლის ბოლოს მიხეილ ელიოვი გარდაიცვალა. მის ნაცვლად, 1860 წლის 13 აპრილს სამშენებლო კომიტეტმა ახალი კონტრაქტი გაუფორმა ასევე ქვის ოსტატსა და ელიოვის შვილების მეურვეს, ბერძენ ქრისტოფორე ანტონოღლი ჩილიკოვს.
1862 წელს ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დამთავრებულია, რადგან ინტერიერის დეკორზე (სვეტებისა და კედლების მოხატვა) იტალიელი ოსტატები მუშაობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ჯერ დაბურული არ იყო, 1862 წლის 4 ნოემბერს ის ღმრთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის სახელზე აკურთხეს.
….
1862 წელს დასრულებული ეკლესია, რომელიც ორგანულად ეწერება მდინარისპირა განაშენიანებაში, იმთავითვე ქალაქის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტურულ მახვილად იქცა და XIX-XX საუკუნეების არაერთ ფოტოსურათსა თუ ჩანახაზტე აღიბეჭდა.
….
საქართველოს გასაბჭოების პირველსავე წელს ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიას და მასთან არსებულ სარწმუნოებრივ საზოგადოება ,,ძმობას” მთელი საეკლესიო ქონება ჩამოართვეს.
1921 წლის მონაცემებით, აღნიშნული საზოგადოება მონასტრის ტერიტორიაზე განთავსებული შენობების გარდა ქუთაისში კიდევ ერთ სასაფლაოსა და ხუთ სახლს ფლობდა.
1923 წლის აგვისტოში მიღებული იქნა დეკრეტი ,,რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციის შესახებ”, რამაც ეკლესიის წინამძღვარ დამიანე სააკაშვილს საშუალება მისცა თავიდან შეექმნა რელიგიური საზოგადოება, გაეფორმებინა ხელშეკრულება ქალაქის საბჭოსთან და შედეგად, უკან დაებრუნებინა ეკლესია.
1930 წელს ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნის ქვის გალავნით შემოზღუდული 3240 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, სადაც დგას ეკლესია, მონასტერი, ყოფილი სამრევლო სკოლა და ღარიბთა თავშესაფარი. 1924 წლიდან სკოლის შენობა და მისი ეზო დათმობილი ჰქონდა რუსულ სკოლასთან არსებულ საბავშვო ბაღს, ხოლო მონასტერში და ღარიბთა თავშესაფარში რამდენიმე ადამიანი იყო შესახლებული. შენობებით სარგებლობისთვის ეკლესიას წლიური გადასახადი 621 მანეთი ეკისრებოდა, რასაც მატერიალურად გაჭირვებული. მრევლი ვერ იხდიდა.
1939 წელს ქალაქის საბჭომ ქუთაისის რელიგიურ საზოგადოებას ქირის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულება გაუუქმა. ეკლესიის ქონება ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და სახელმწიფო ფონდს შორის გადანაწილდა.
დონ დამიანე სააკაშვილმა მღვდელმსახურება 1939 წლის 1 აპრილიდან შეწყვიტა, ხოლო ეკლესიის შენობა, რომელიც მუზეუმს უნდა გადასცემოდა, საწყობად აქციეს.
ნაგებობამ ფუნქცია კიდევ ერთხელ 1971 წელს შეიცვალა. აქ ზაქარია ფალიაშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით საკონცერტო დარბაზი მოეწყო.
1989 წლიდან ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახვის სახელობაზე ნაკურთხი შენობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა.
დისერტაციის სრულად ნახვისთვის გადადი ბმულზე – კათოლიკური ეკლესიები საქართველოში: ისტორია და არქიტექტურა
Catholic.ge
Hozzászólások