3 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პაპი ფრანცისკე იტალიელ შშმ პირ მომლოცველებს შეხვდა, რომლებიც ვატიკანში ადგილობრივ საეპისკოპოსოს გენერალურ მდივანთან, არქიეპისკოპოს ჯუზეპე ბატურისთან ერთად ჩავიდნენ.
სტუმრებისადმი მიმართვისას, პაპმა აღნიშნა, რომ ყოველი ადამიანის ღირსების აღიარება ეკლესიის მოვალეობაა. ამ მისიის წყალობით, თითოეულ ადამიანთან იესო ქრისტეს სიახლოვე გრძელდება.განსაკუთრებით კი მათთან, რომლებიც ყველაზე მყიფე და დაუცველნი არიან.
„შშმ პირთა მიღება და მათ საჭიროებებზე რეაგირება, სამოქალაქო და საეკლესიო საზოგადოების მოვალეობაა, იმიტომ, რომ ადამიანი, მაშინაც კი, თუ მას დაზიანებული აქვს გონებრივი, სენსორული და ინტელექტუალური შესაძლებლობები, არის სრულად ადამიანური სუბიექტი, რომელსაც აქვს წმინდა და თანდაყოლილი უფლებები.
უფალი იესო ხვდებოდა ადამიანებს მოსიყვარულე მზერით. განსაკუთრებით მათ, რომლებიც მოკლებული იყვნენ გავლენიანი, თუნდაც რელიგიური ავტორიტეტების ყურადღებას. მაშასადამე, ყოველ ჯერზე, როცა ქრისტიანული საკრებულო გულგრილობას –სიახლოვედ, ხოლო გაუცხოებას – თანაზიარებად აქცევს, აღასრულებს თავის წინასწარმეტყველურ მისიას. ადამიანთა უფლებების დაცვა არ არის საკმარისი, აუცილებელია მათი ეგზისტენციალური მოთხოვნილებების ხელშეწყობა ფიზიკურ, გონებრივ, სოციალურ და სულიერ განზომილებაში. ინკლუზიური საზოგადოება უარყოფს ყოველგვარ დისკრიმინაციას, იღებს და აღიარებს თითოეული ადამიანის ძმობის სულისკვეთებას, არ არსებობს ინკლუზიურობა თუ ის რჩება ლოზუნგად, პოლიტიკურად კორექტული დისკურსის ფორმულად, თუ არ არის რეალური ცვლილებები ერთობლივ ცხოვრებაში“.
რომის ეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შშმ პირებს უნდა ჰქონდეთ შენობებსა და შეხვედრის ადგილებზე წვდომა, მათთან მიმართებაში უნდა იქნას დაძლეული ყოველგვარი დაბრკოლება და ბარიერები. აუცილებელია, სულიერი ერთობის განვითარება, რათა ყოველმა შშმ პირმა იგრძნოს საკუთარი თავი ერთი მთლიანის ნაწილად თავისი განუმეორებელი ინდივიდუალურობით. წმინდა მამამ გამოთქვა სურვილი, რომ „ქრისტიანულ საკრებულოებში “კუთვნილება”და “ინკლუზიურობა” არ დარჩება მხოლოდ ლოზუნგებად, არამედ იქცევა სამწყსო ინიციატივების სამიზნედ. ეს გააძლიერებს ყველას გამონაკლისის გარეშე, ღვთის სიყვარულის გამოცხადების სიმტკიცეში. ეკლესია არის ყველას სახლი“.
საუბრის ბოლოს წმინდა მამამ თქვა:
“ახლა, როცა ყოველდღე ვიგებთ ომის შესახებ, ჩვენი დამოწმება ხდება უფრო კონკრეტული ნიშანი მშვიდობისა, ნიშანი იმედისა გაცილებით ადამიანური და ძმური სამყაროსი ყველასათვის, იარეთ წინ ამ გზაზე. გაკურთხებთ მთელი გულით და ვლოცულობ თქვენთვის”.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Yorumlar