5 ოქტომბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ფაუსტინა კოვალსკას მოიხსენიებს.
ჰელენა კოვალსკა, 1905 წლის 25 სექტემბერს ლოძთან ახლოს, გლოგოვიცეში (პოლონეთი), სოფლის ღარიბ ოჯახში დაიბადა. 16 წლის ასაკში მუშაობდა მოსამსახურედ.
ოთხი წლის შემდეგ,შევიდა ვარშავის გულმოწყალე ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში და სამონაზვნო სახელი უწოდეს ფაუსტინა. იგი თავის მსახურებას ასრულებდა ბაღში, სამზარეულოში, ფურნეში, კარისკაცად... მისი უმთავრესი სურვილი იყო შრომისა და ტანჯვების საშუალებით განწმენდილიყო.
არც თუ სახარბიელო განათლების მიუხედავად, იგი კონტემპლატიური (ჭვრეტითი) ლოცვის ნიჭით იყო დაჯილდოებული. თავისი სულიერი მამის რჩევით,იგი თავის მისტიურ განცდებს აღწერდა “დღიურში”, რაც ქრისტიანული სულიერების მარგალიტი გახდა.
მან ადამიანებს ხელახლა განუცხადა ღვთის გულმოწყალების სახარებისეული უწყება. გამოცხადებისას, მიიღო დავალება შეექმნა მაცხოვრის ხატი და ზედ დაეწერა: “იესო, გესავ შენ”!
წმინდა ფაუსტინა 1938 წლის 5 ოქტომბერს, კრაკოვში, ლაგევნიკებში გარდაიცვალა. 1993 წელს ნეტარად შერაცხა ეკლესიამ, ხოლო 2000 წლის 30 აპრილს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, პაპმა იოანე პავლე II-მ იგი წმინდანად შერაცხა.
იკონოგრაფიაში წმინდა ფაუსტინა წარმოდგენილია ორდენის შავ სამონაზვნო შესამოსელში.
შოთა გიქოშვილი
Comments