top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ხიზაბავრის ეკლესიის დღეობა

დღეს, 24 ივნისს, ასპინძის სოფელ ხიზაბავრაში კათოლიკური ტაძრის დღეობა აღინიშნა. ეკლესია იესოს უწმინდესი გულის სახელს ატარებს.



ხიზაბავრის ეკლესიის დღეობაზე, წმ. წირვა მესხეთის დეკანოზმა, მამა ანდრეი გრაჩიკმა აღავლინა. პაპუა ახალ გვინეაში მისიაზე მყოფმა პოლონელმა მღვდელმა, მიხალ სკუბისმა კი, იქადაგა. მღვდელმა მოკლედ ისაუბრა იესოს უწმინდესი გულის დღესასწაულის დაარსების შესახებ და ლუკას სახარების მონაკვეთზე განმარტება გააკეთა.


„იესოს გულისადმი თაყვანისცემის გამო, უფალი არ დაგვპირებია რაიმე ხორციელ საზღაურს, წარმატებასა და სიმდიდრეს, არამედ დაგვპირდა სულიერ სიკეთეს. დაგვპირდა, რომ ვინც თაყვანს სცემდა იესოს გულს, მის ცხოვრებაში ყველაფერი შეთანხმებულად იქნებოდა, რომ სირთულეების მიუხედავად, იესოს კვალში არ გაუჭირდებოდა ადამიანს სიარული. გარდა ამისა, კიდევ ერთი სხვა დაპირება მისცა უფალმა მონაზონს, რომ ვინც ყოველი ცხრა თვის განმავლობაში ყოველი თვის პირველ პარასკევს ეზიარებოდა, ის უეჭველად დაიმკვიდრებდა სასუფეველს. დაპირდა, რომ ეს ადამიანი ამ ქვეყნიდან გადავიდოდა ღმერთთან შერიგებული. და დღეს, ეკლესია ამ დღესასწაულზე კითხულობს „კეთილი მწყემსის“ სახარებას. მისი საშუალებით, გვიხსნის ეკლესია, თუ რას ნიშნავს იესოს გული“, – განმარტა ქადაგებისას მამა მიხალმა.



ქადაგება – მამა მიხალ სკუბისი და მამა აკაკი ჭელიძე

სადღესასწაულო წირვაზე იმყოფებოდნენ კათოლიკე სასულიერო პირები: მესხეთის დეკანოზი მამა ანდრეი გრაჩიკი; წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულების ტაძრის წინამძღვარი, მამა მაჩეი მამაი; კამილიელი ძმები – მამა ზიგმუნდ ნიეჯვეჯი და მამა ლაშა მანუკიანი; გორისა და ბეთლემის მოძღვარი, მამა დარიუშ კომადოვსკი; მისიონერი პაპუა ახალი გვინეიდან, მამა მიხალ სკუბისი; ახალციხის სამრევლოდან ფრანცისკანელი ბერი, მამა პეტრე გუდალევსკი; არლის სამრევლოს ვიკარი, მამა ბექა ჩილინგარაშვილი და თავად ხიზაბავრის ტაძრის წინამძღვარი, მამა აკაკი ჭელიძე.


ასევე, ლიტურგიას დაესწრნენ კამილიელთა ორდენის მონაზვნები, დიაკვნები და ქვეყნის სხვადასხვა სამრევლოს წარმომადგენლები. გარდა ამისა, მამა ბექა ჩილინგარაშვილის ინიციატივით, ზეიმს სოფელ უდიდან შეუერთდა ბანაკის მონაწილე ოცამდე ბავშვი და ანიმატორები.


როგორც ხიზაბავრაში მცხოვრები გულნაზი კალაიჯიშვილი ამბობს, აქაურებისთვის ტაძრის დღესასწაული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.



„ჩვენი ეკლესია ერთადერთია საქართველოში, რომელიც იესოს უწმინდესი გულის სახელობისაა. ეს ეკლესია ჩვენთვის, როგორც იესოს გული– ისეა. კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენს გულშია მუდამ იესო და ეს გული უნდა გავხსნათ. იესოს მიერ მოცემულ სიყვარულის მცნებაზე დგას ეს ეკლესია“.


წმ. წირვის შემდეგ, სასულიერო პირებმა და მრევლმა ერთად აღავლინეს „იესოს გულის ლიტანია“. მონსტრანციაში დაბრძანებული ქრისტეს სხეულით, მათ ეკლესიას გარშემო შემოუარეს და ლიტანია ტაძარში დაასრულეს.



ლიტურგიის შემდეგ, ხიზაბავრის სამრევლოს ბავშვებმა სტუმრებს მცირე ღონისძიება წარმოუდგინეს. ასევე გაიმართა დღის ცენტრ „ხიზაბავრას“ ბენეფიციარი შშმ პირების ნამუშევრების გამოფენაც.


იესოს უწმინდესი გულის დღესასწაული მოძრავია და იგი სულთმოფენობის მეორე კვირის პარასკევს აღინიშნება. 2022 წელს იგი 24 ივნისს დაემთხვა.


რაც შეეხება ტაძარს, მისი კურთხევიდან წელს ზუსტად 122 წელი გავიდა. ტაძარი მამა მიხეილ ვარძელაშვილის დამსახურებით აშენდა. იგი ნათხოვარი ტანსაცმლით გაემგზავრა რუსეთში ფულის საშოვნელად და 30 000 მანეთი შეაგროვა.


1896 წელს დაიწყო ტაძრის მშენებლობა და 1898 წელს დამთავრდა.



მედეა ხითარიშვილი, 2022

Comments


bottom of page