1927 წელს, 12 აპრილს, მძიმე კვირის სამშაბათს, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯუზეპე მოსკატი, “უპოვართა ექიმი”.
წმინდა ექიმი
იგი მედიცინას თვლიდა მოციქულის საქმედ. იყო ექიმი, რომელიც თავისი პროფესიით კი არ გამდიდრდა, არამედ პირიქით – ადამიანებს უფასოდ მკურნალობდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო განყოფილების ორდინატორი, მეცნიერი (ბიოქიმიის პრეკურსორი) და უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლიში ნაქირავებ ბინაში, დასთან, ნინასთან ერთად ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც იგი გარდაიცვალა, უსახსრობის გამო, ნინა მეპატრონემ ბინიდან გაუშვა. თავისი ძმის ნივთები, ნინამ შესანახად გადასცა ნოვა ჯეზუს ტაძარს, სადაც მისი ძმა მსახურობდა. წინამძღვარმა ტაძრის მიდამოებში რამდენიმე შენობა ააგო და სთხოვა ნინას ისე დაეწყო ავეჯი, როგორც ჯუზეპე მოსკატის ბინა იყო მოწყობილი. სამი წლის შემდეგ, ტაძარში “წმინდა ექიმის” ნეშტი გადმოასვენეს.
ორ დარბაზში განათავსეს ექიმის სიცოცხლეში ნაქონი ნივთები: სამედიცინო წიგნების თარო, საწერი მაგიდა, სადაც რეცეპტებს წერდა, საწოლი, სადაც პაციენტებს იკვლევდა და სავარძელი, რომელშიც გარდაიცვალა.
1927 წლის 12 აპრილს, დოქტორმა მოსკატიმ პატარა გოგონა მიიღო გამოკვლევებზე, ვიზიტის შემდეგ ჩაჯდა სავარძელში, რომ ცოტა ხნით თვალი მოეხუჭა, შესვენების შემდეგ კი სამუშაოს დაჰბრუნებოდა. მძიმე კვირის სამშაბათი იყო, დაახლოებით 15:00 საათი, როდესაც ექიმმა უკანასკნელად ამოისუნთქა. გარდაიცვალა 47 წლის ასაკში, კარს მიღმა მომლოდინე პაციენტების გარემოცვაში.
ქალბატონი ემილია, რომელიც ექიმ მოსკატის ბოლო პაციენტი იყო, იხსენებს: “დედაჩემი ბოდიშს უხდიდა ექიმს, რადგან ჩვენი ვიზიტი დიდხანს გაგრძელდა; დედა ბუნებით უხვსიტყვიანი ქალი იყო. ექიმი ამშვიდებდა დედას და ეუბნებოდა, რომ ყველა პაციენტის მიღებას მოასწრებდა და რომ არავინ დატოვებდა კლინიკას წამლის გარეშე. მას შემდეგ, რაც რეცეპტი გამოგვიწერა, გამოვედით, კიბეები ჩამოვიარეთ და როცა გარეთ გავედით, გავიგონეთ ქალის ყვირილი, რომელიც ამბობდა, რომ ექიმი გარდაიცვალა”.
როცა ექიმი მოსკატი გაიგებდა, რომ პაციენტს წამლის თანხა არ ჰქონდა, თავი შეურაცხყოფილად რომ არ ეგრძნოთ, ფულს ხან ბალიშის ქვეშ, ხანაც რეცეპტებს შორის ჩაუდებდა ხოლმე, დილაობით კი მიჰყავდა სასადილოში და საუზმეზე პატიჟებდადა თან ეუბნებოდა, რომ ეს თერაპიის შემადგენელი ნაწილი იყო. მკურნალობდა „სიყვარულით“, რადგან იცოდა, რომ სიყვარული კურნავს.
მის კაბინეტში დღემდე ინახება საექიმო ქუდი, რომელსაც აწერია: “ვისაც აქვს –დაე, გასცეს. ვისაც არა აქვს – დაე, აიღოს”. იმ პერიოდში, იგი პირველი ექიმი იყო, რომელმაც ინსულინი შემოიტანა ხმარებაში. მას შეეძლო მოწინავე პლანზე ყოფილიყო სხვადასხვა ცნობილი პროფესორის გვერდით, მაგრამ უპოვართა მკურნალობა არჩია და წმინდანთა რიგებში ადგილი დაიკავა. მოსკატის არ სურდა რეიტინგი ან მაღალი თანამდებობა. მას მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა: ტანჯვა შეემსუბუქებინა მეორე ადამიანისთვის. მის შემდგომ დარჩა მისი ფონენდოსკოპი, სათვალე, თეთრი ხალათი, გამოუწერი რეცეპტები და წმინდა ცხოვრების დიდი მაგალითი.
ექიმი მოსკატი კვლავ განაგრძობს განკურნებას სასწაულებრივი გზით, რაზეც მოწმობს Ex Vota. იგი გამოკრულია ექიმის ოთახში, რომელშიც ახლა მის სახელზე სამლოცველოა მოწყობილი.
მის გვერდით დაკრძალეს მისი და ნინა მოსკატი (1878-1931), რომელიც ჩრდილში იდგა და ისე ემსახურებოდა მას, როგორც მდივანი და ექთანი. ნეაპოლელები ჰყვებიან, რომ პირველი სასწაული ექიმის გარდაცვალებიდან მალევე დაფიქსირდა. მძიმე სენით დაავადებული პაციენტი გამოვიდა საავადმყოფოდან, მორიგე კაცს მიესალმა და უთხრა, რომ ექიმი მოსკატისგან მიიღო წამალი და დაარწმუნა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მორიგე კარისკაცი გაოცდა, რადგან ექიმი უკვე ერთი კვირის გარდაცვლილი იყო.
1975 წელს, პაპმა პავლე VI-მ ჯუზეპე მოსკატი ნეტარად შერაცხა, ხოლო 1987 წელს, პაპმა იოანე პავლე II-მ – წმინდანად. იგი იყო რწმენისა და სწავლების ადამიანი. საავადმყოფოდან რომ გამოდიოდა ეკლესიისკენ მიიჩქაროდა, შემდგომ კი კვლავ მიკროსკოპებსა და პაციენტებს უბრუნდებოდა. პაციენტი რომ გამოჯანმრთელდებოდა, იგი ღვთისმშობელს მადლობას სწირავდა. ემსახურებოდა 1906 წელს, ვულკან ვეზუმის ამოფრქვევის შედეგად დაზარალებულებს და მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაზარალებულებს.
დღემდე, ნეაპოლში, ნუოვი ჯეზუს ტაძარში, მის სამარხთან მიდიან, მუხლს იდრეკენ და გამოჯანმრთელებას ითხოვენ.
წყარო: www.niedziela.pl
შოთა გიქოშვილი
Comments