25 თებერვალს, წმ. პეტერსა და წმ. პავლე მოციქულების სახელობის ტაძრის ყოფილი წინამძღვრის, მამა მიხეილ ანტონაშვილის (მიქელ ანტონოვი) გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა.
იგი 1921 წლის 25 თებერვალს, წითელი არმიის მიერ თბილისის აღებისას დაიღუპა.
ჩვენამდე მისი ცხოვრების შესახებ ვრცელი ცნობები მოღწეული არ არის. ირკვევა, რომ იგი 1907-1912 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო.
ანტონაშვილი შესახებ ცოტა რამ აღწერილი აქვს მკვლევარ ზაქარია ჭიჭინაძეს.
„დონ მიხეილ ანტონაშვილი, დაიბადა 1855 წელს გორში, სწავლობდა ურბანო პაპის კოლეგიუმში, რომლის გათავებისას ეკურთხა მღვდლად.
1893 წელს დანიშნული იქნა ვიკარნად თფილისის მიძინების ეკკლესიისა და მასწავლებლად საქრისტიანოს მოძღვრებისა გიმნაზიებში. ხოლო ერთი წლის შემდეგ მიიღო ჩინით მანსიონერალისა კათედრალი ეკლესიისა.
1907 წელს დაინიშნა მთავარ–მოძღვრად თფილისის წმ. პეტრე-პავლეს ეკლესიისა და საყოველთაო ვიზიტატორად კათოლიკე ეკლესიების ამიერ და იმიერ კავკასიისა. დღემდე ეს არის პირველი ქართველი ვიზიტატორი“.
ზოგ ადგილას იგი მოხსენიებულია, როგორც დონ მიქაელ ანტონოვი. კვლავ ზაქარია ჭიჭნაძე წერს, რომ იგი რომში აღიზარდა და იცოდა, როგორც ევროპული, ასევე აზიური ენები:
„დონ მიქაელ ანტონოვი. გორის მკვიდრთაგანი. მცოდნე ევროპიულის და აზიურის ენების, აღზრდილი რომში, რომის აკადემიის მღვთის მეტყველების კანდიდატი, კარგად მცოდნე პოლონურის ენის და სხვაფრივადაც ღირსეული მართველი თავის თანამდებობისა. იგი გახლავთ კავკასიის კათოლიკეთ ეკლესიის ვიზიტატორი. ეს პირველი მაგალითია, რომ ქართველს არგუნეს ვიზიტტორობა XIX საუკუნის განმავლობაში“.
ჭიჭინაძის კვლევებიდანვე ცნობილი ხდება, რომ მიხეილ ანტონაშვილის ძმა, ივანე ანტონაშვილიც კათოლიკე სასულიერო პირი იყო, სარატოვის კათოლიკურისემინარიის რექტორი, რომელიც 1912 წელს გარდაიცვალა.
„მიხეილ ანტონოვი ძმა დონ ივანესი, სათნოდ ჩენილი მოძღვარი, სამწუხაროდ ჩვენ არც ამ მოძღვრის ცხოვრება და მოქმედების ცნობები ვიცით. [...]
იაკობ ლაზარეშვილი დონ მიხეილის შესახებ აღტაცებული იყო და ყოველთვის ქებით მოიხსენებდა. ამბობდა, რომ ესეთი სამაგალითო მოძღვარი ჩემს თვალებს არსად უნახავსო, იგი დიდათ საყვარელი მოძღვარია ეკკლესიისაო. ერთხელ წარმოუთქვამს, რომ „მე ვარ მღვდელი და მამა ჩემის მრევლის და ერისაო“.
გულით მტკიცე ქართველი მამულის შვილია. ძმასავებ ქართველთ საქმეებთა გულ შემატკივარი და მასთანვე მწიგნობარიც. ძმასავებ იგიც მაღალ გონიერებით არის დაჯილდოებული, სუფთას სათნოს ცხოვრებით და სამაგალითოს მოძღვრებით. იგი დღეს მსახურებს თემირხან შურის კათოლიკეთ ეკლესიაში“, – წერდა ჭიჭნაძე.
კამილიელთა ორდენის მღვდელი საქართველოში, ივანე მარტინი (მამა ნინო) წერს, რომ მიხეილ ანტონაშვილი იყო ერთ–ერთი იმ ქართველ კათოლიკე სასულიერო პირებს შორის, რომლებიც სომხური რიტით წირვის აღვლენის წინააღმდეგი იყვნენ და ლიტურგიისას ქართული ენის გამოყენებას ითხოვდნენ:
„...ზოგიერთი ქართველი კათოლიკეს მიერ გაგზავნილი წერილი პაპისადმი, რომლებიც ამკიცებდნენ, რომ აღარ სურდათ სომხური წესის ცნობა და სთხოვდნენ ლათინურ წესზე, ქართული ენის გამოყენებით გადასვლას. ამას კი განსაკუთრებით მხარი დაუჭირა მამა მიხეილ ანტონიშვილმა და სხვა საეროებმა, ასევე საქართველოს, უმანკოდ ჩასახების კათოლიკურმა კონგრეგაციამ მამა პეტრე ტატალაშვილისა და მამა პიო ბალიძის ჩათვლით. [...]
1918 წლის 27 აგვისტოს, პაპს გაუგზავნეს წერილი, სადაც ქვეყნის დამოუკდიებლობის მოპოვების ხელსაყრელი პოლიტიკური სიტუაციის გამოყენებით, პაპს სთხოვდნენ ქართული წესის აღდგენას. ამ წესში არაფერი განსაკუთრებული არ იყო, იგი იყო ბერძნულ-სლავურის, ბერძნულ-რუმინულისა და ბერძნულ-მნელქიტური წესების ერთობლიობა. ეს წესები ეკუთნოდა კონსტანტინოპოლურ წესს და არაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, გარდა ენებისა.
ისინი ასევე ითხოვდნენ თბილისში აღედგინათ ქართული კათოლიკური საეპისკოპოსოც. მათში შეტანილი იყო სახელები: მამა მიხეილ ანტონიშვილი და მამა ლაზარე გოზალიშვილი“.
დონ მიხეილ ანტონაშვილი დაკრძალულია თბილისში, წმ. პეტრესა და წმ. პავლეს ტაძრის ეზოში.
25 თებერვალს დილის 09:00 საათზე წმ. პეტრესა და წმ. პავლეს ტაძრის მღვდელმა, მამა პაატა ქომოშვილმა, მამა მიხეილ ანტონაშვილის სულის მოსახსენიებელი წირვა აღავლინა.
წირვის შემდეგ, ეზოში მის საფლავთან ლოცვა-კურთხევის რიტუალი შესრულდა.
"საბამედია"
მადლობა, მამა პაატა ქომოშვილს მასალების მოწოდებისთვის
Comments