top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

160 წლის იუბილე და საკრებულოს დღეობა – დღესასწაული ვალეში

დღეს, 8 სექტემბერს, კათოლიკე ეკლესიამ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ვალეში საკრებულოს დღეობა იზეიმა. ამავე დროს, ამ ტაძრის აშენებიდან 160 წლისთავი აღინიშნა.

.


ვალის ეკლესიაში წმ. წირვა, კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. ქადაგებაში მან ღვთისმშობლის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარიამი კაცობრიობისათვის არის ახლის მაუწყებელი, როგორც „აისი“.


„ლიტურგია გვეუბნება, რომ მარიამი არის უბრალო ადამიანი, მაგრამ ის ჰგავს აისს, კაცობრიობის აისს. როცა ვხედავთ როგორია ახალი დღის აისი, შეგვიძლია გავიგოთ როგორი იქნება ეს დღე – მზიანი იქნება თუ წვიმიანი... ასეთია მარიამიც.


იგი არის პერსონაჟი, რომელიც გვეუბნება, რომ სიახლე მოვიდა კაცობრიობაში, ჩვენი ისტორია, კაცობრიობის ისტორია გახდა ღვთის ისტორია. ჩახლართულია ღვთისა და ადამიანის მოქმედება, ჩაქსოვილია ერთმანეთში, ერთად იქნებიან ამ მომენტიდან და არასდროს დაშორდებიან“.


წმ. ლიტურგიას დაესწრნენ მღვდლები და მონაზვნები სხვადასხვა საკრებულოებიდან და ორდენებიდან. ასევე მეზობელი სამრევლოების წარმომადგენლები.


ლიტურგიის დასასრულს, წინამძღვარმა მამა მიხეილ სურმავამ სტუმრებს ბოლო ერთ წელში სამრევლოში შესრულებული საქმიანობა მოკლედ გააცნო:


„ამ წელს ჩვენს სამრევლოში 10–მა ბავშვმა მიიღო ზიარება, გვქონდა 10 ადამიანის ნათლობა. 5–მა წყვილმა დაიწერა ჯვარი. შეიქმნა ახალგაზრდების განახლებული ჯგუფი, რომლებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას სამრევლოს ცხოვრებაში, როგორც მოხალისეები, ანიმატორები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოთხმა კანდიდატმა გამოთქვა სურვილი რომ იყოს მინისტრანტი“,განმარტა წინამძღვარმა.


ლიტურგიისას აღინიშნა, რომ ვალის კათოლიკური ტაძრის მშენებლობიდან 160 წელი გავიდა. იუბილესთან დაკავშირებით, განახლდა ტაძრის მიმდებარედ არსებული სკვერი.


გარდა ამისა, სამრევლოს შეემატა ორი ქანდაკება და მცირე მუზეუმი, რომელიც დემეტრე თბილელის სახელს ატარებს. ნაჩუქარი ქანდაკებებიდან ერთი, იესოს გამოსახულებით ტაძრის წინა ფასადზე, მარჯვენა მხარეს განთავსდა, მარიამის ქანდაკება კი – სკვერში.

წმ. წირვის აღსრულების შემდეგ, განახლებულ სკვერში ვალელმა ბავშვებმა სტუმრებს ღონისძიება შესთავაზეს.





მედეა ხითარიშვილი

Comments


bottom of page