top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

2025 საიუბილეო წლის ლოგოს მნიშვნელობა

კათოლიკე ეკლესიაში 2025 საიუბილეო წელია. როგორც სხვა ნებისმიერ მოვლენას, მასაც თავისი სიმბოლოები აქვს, მათ შორის, ლოგო. მის შესარჩევად საერთაშორისო კონკურსი გაიმართა, რომელშიც 294 ადამიანი მონაწილეობდა.



საიუბილეო წლის ლოგოს შესარჩევად საერთაშორისო კონკურსი გაიმართა, რომელშიც 48 ქვეყნიდან 294 ადამიანი მონაწილეობდა. კონკურსის მიზანი იყო მონაწილეობა მიეღოთ არა მხოლოდ გრაფიკოსებსა და დიზაინერებს, არამედ ყველას, ვისაც სურდა საკუთარი წინადადების წარდგენით წვლილი შეეტანა. ასევე გამოფენილი იყო ბავშვების ხელით დახატული სხვადასხვა ნახატი. მონაწილეთა ასაკი 6-დან 83 წლამდე იყო. შედეგად, შერჩეული სამი პროექტი წარუდგინეს პაპ ფრანცისკეს, რათა მას აერჩია ყველაზე შესაფერისი.

 

გამარჯვებული გახდა ჯაკომო ტრევიზანი, ახალგაზრდა გრაფიკოს დიზაინერი აპულიადან. მან ლოგოს მნიშვნელობა ასე განმარტა: “მე წარმოვადგინე ყველა ფერის ადამიანი მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ერთად მიილტვიან საერთო მომავლისაკენ და ჯვრისკენ, რომელიც თავად იესოა. მე წარმოვადგინე პაპი, რომელიც მიუძღვის კაცობრიობას ჯვრით, რომელიც იქცევა ღუზად, ჩვენ კი ვეჭიდებით მას და წარმოვადგენთ ყველა დროის მომლოცველებს დედამიწაზე”.

 

უკვე არჩეული ლოგო 2024 წლის 28 ივნისს ვატიკანში, სამოციქულო სასახლეში პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს, რომელსაც ევანგელიზაციის საკითხთა განყოფილების პროპრეფექტი, არქიეპისკოპოსი რინო ფიზიკელა ესწრებოდა. ლოგოს ამ სახით დამტკიცებას მხარი დაუჭირეს ეპისკოპოსებმა, მღვდელმსახურებმა და საერო პირებმა.

 

ლოგო უბრალო და მრავლისმთქმელია, რომელიც ყველა აღმსარებლობისა  და კულტურის ადამიანებისთვის გასაგებია. მასზე დატანილია მოხმობა ყველამ ერთად იაროს უკეთესი მომავლისაკენ რწმენით, არის სურვილი ძმობისა და გულმოწყალების დევიზით ვაშენოთ უკეთესი მსოფლიო. ამ იმედს კი ხაზს უსვამს 2025 საიუბილეო წლის დევიზი, რომელიც მკვეთრად არის გამოხატული ლოგოტიპის ქვედა ნაწილში მწვანე ფერში: “Peregrinates in spes” (იმედით მოგზაურნი).

 

წმიდა წლისთვის შერჩეულ ლოგოზე გამოსახულია ოთხი სტილიზებული და მოხდენილი ფიგურა სხვადასხვა ფერში, რომლებიც ცისარტყელას ფერებს მოგვაგონებს: წითელი, ნარინჯისფერი, მწვანე და ლურჯი. ფერების არჩევა შემთხვევითია ისევე, როგორც მღვდელმსახურის ლიტურგიული შესამოსელია შემთხვევითი მთელი ლიტურგიული წლის განმავლობაში.

 

წითელი – განასახიერებს სიყვარულს, ტანჯვასა და თავდადებას, ქრისტეს მსხვერპლს და მის უსაზღვრო სიყვარულს კაცობრიობისადმი, ასევე სულიწმიდის ცეცხლსა და მის ძალას, რომელიც აცოცხლებს ქრისტიანებს.

 

ნარინჯისფერი – გამოხატავს სიხარულს, სიცოცხლისუნარიანობასა და ენთუზიაზმს. სინათლეს, რომელიც ანათებს რწმენის გზას.

 

მწვანე – იმედის, ზრდისა და აღორძინების საყოველთაოდ აღიარებული ფერი.

 

ლურჯი – სიმბოლოა რწმენის, მშვიდობისა და სიმშვიდის. დაგვაფიქრებს ზეცაზე, სულიერებაზე და ხელს უწყობს ლოცვას.

 

ოთხი ფიგურა წარმოადგენს მთელს კაცობრიობას, განსხვავებებითა და მსგავსებით. ერთმანეთთან ჩახუტებული ოთხი ადამიანი წინ მიიწევს, რაც გამოხატავს ძმობასა და სოლიდარობას, რომელიც აერთიანებს ერებს. მათ წინ მიუძღვის წითელი ფიგურა, რომელსაც ხელთ უპყრია ჯვარი და აქვს შავი, ღუზისებრი მოხრილი დაბოლოება. ჯვარი არ არის მასიური, მყარი, არამედ იხრება ადამიანის მხარეს, თითქოს ეხუტება მათ.

 

რაც შეეხება ღუზას, მისი მნიშვნელობა თავად არქიეპისკოპოსმა, ფიზიკელამ განმარტა: “როგორც ვიცით, ხშირად ღუზა არის იმედის მეტაფორა. მსგავსი საზღვაო ჟარგონი გამოიყენება ღუზასთან მიმართებაში, როგორც იმედი გემის გასაჩერებლად, ექსტრემალურ სიტუაციებში, შტურმის დროს”.  ლოგოტიპში ამ სიმბოლოს როლი ნათელია. სწორედ ყველაზე რთულ სიტუაციებში უნდა მივენდოთ ღუზას, რომელიც მოგვცემს უსაფრთხოების შეგრძნებას და გარანტირებულ შველას.

 

მაშ, რა არის ღუზაზე უკეთესი? ჯვარზე უკეთესი? რომელიც არის ქრისტესა და მისი უსასრულო სიყვარულის სიმბოლო ჩვენდამი? ლოგოს ბოლოში პატარა, აჟიტირებული ტალღების არსებობა ადასტურებს საშიშროებისა და დაბრკოლებების არსებობას, იმ პიროვნულ პერიპეტიებსა და მსოფლიო მოვლენებში, რომლებიც ყოველ ჩვენგანს ცხოვრებას ართულებენ.

 

თემა: ‘იმედით მოგზაურნი’

 

რომში საიუბილეო წლის თემა ასახულია ზემოთ მოყვანილ დევიზში: ‘იმედით მოგზაურნი’. იუბილესთვის არჩეულ თემაზე საუბრისას პაპმა ფრანცისკემ ხაზი გაუსვა მოწყალების შესახებ ღრმა სულიერ მნიშვნელობას, ლოცვის წახალისებასა და ღვთიური ნების უფრო ღრმა ცნობიერებას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თანაგრძნობის, მიტევებისა და სოლიდარობის კონკრეტული ქმედებებით. გარდა ამისა, პაპმა რეკომენდაცია გასცა 2024 წელს, ლოცვით მოემზადნონ საიუბილეო წლისთვის მამა ღმერთის მოწყალებაზე ჭვრეტით, ჩვენს როლზე, როგორც აქტიური მოწმეებისა და მოწყალების დამცველების როლზე თანამედროვე მსოფლიოში.

 

ეს დევიზი ჟღერს როგორც ერთად სვლისკენ მოწოდება, რომელიც მიმართულია ყველა ქრისტიანისა და არაქრისტიანისადმი. ერთად სვლისაკენ იმედზე, გულმოწყალებასა და ძმობაზე აშენებული უკეთესი მომავლისკენ, ღმერთის, მისი მაცხოვნებელი ძალის მუდმივი ძიებისა და მოგზაურობისაკენ.

 

შოთა გიქოშვილი

 

Comments


bottom of page