top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

2025 წლის იუბილეს სამზადისში  - იმედის წმიდა წელი

მთელი მსოფლიოს მორწმუნეები ემზადებიან 2025 წლის იუბილეს აღსანიშნავად რომში, მარადიულ ქალაქში, სადაც მილიონობით  მომლოცველს ელოდებიან.



რას ნიშნავს იუბილე


სახელწოდება ,,იუბილე“ მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან - ,,იობელ“, რაც ნიშნავს ,,ვერძის რქას“. რქა გამოიყენებოდა როგორც საყვირი და მისი ხმა აუწყებდა იომ-ქიფურის (,,გამოსყიდვის დღე“) დღესასწაულის დაწყებას. ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ემთხვევა საიუბილეო წელს: როგორც ბიბლია გვაუწყებს, ის უნდა აღენიშნათ ყოველ 50 წელიწადში ერთხელ: ,,ვერძობისა იყოს თქვენთვის ეს ორმოცდამეათე წელი. არ თესოთ და არც მომკათ ნაგერალები, და არ დაკრიფოთ ყურძენი გაუსხლავი ვაზიდან. რადგან ეს ვერძობაა, წმიდა იყოს ის თქვენთვის. ველიდან ჭამდეთ მის მოსავალს“ (ლევ. 25,11-12). ლუკა თავის სახარებაში იმოწმებს ესაია წინასწარმეტყველს და ასე აღწერს იესოს მისიას: ,,უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად“ (ლუკ. 4,18-19; შდრ. ეს. 61,1-2). იესოს ეს სიტყვები განთავისუფლებისა და რწმენად მოქცევის საქმეებით აისახა მის ყოველდღიურ შეხვედრებსა  და ურთიერთობებში.


როგორ იწყება იუბილე და რამდენ ხანს გრძელდება

საიუბილეო თარიღის დაწყებისა და დასრულების თარიღები დგინდება პაპის ბულით, ანუ ლათინურ ენაზე დაწერილი დოკუმენტით, რომელზედაც დასმულია პაპის ბეჭედი. პაპმა ფრანცისკემ 2025 წლის იუბილე აუწყა ბულით ,,Spes non confundit“, რომელიც გამოიცა 2024 წლის 9 მაისს.  2025 წლის იუბილე იწყება ყველაზე ლამაზი რიტუალით -  ვატიკანში, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში წმიდა კარის გახსნით, 2024 წლის 24 დეკემბერს, შობის წინადღით.  ეს სიმბოლურად ასახავს ცოდვიდან მადლში გადასვლას, რიტუალს, რომელიც უნდა აღასრულოს ყოველმა ქრისტიანმა, რათა მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი თავისა და გარდაცვლილთათვის შენდობის თხოვნისა. იუბილე დასრულდება ერთი წლის თავზე, უფლის გაცხადების დღეს, 2026 წლის 6 იანვარს, წმიდა კარის დახურვით. ჩვენი ეკლესიაც უერთდება ამ მოვლენას და ემზადება საზეიმო დღესასწაულისათვის.



2025 წლის იუბილეს თემა

2025 წლის იუბილეს თემა იქნება „იმედის მომლოცველნი“, რაც ყურადღებას ამახვილებს მომლოცველობის, როგორც ცხოვრებისეული გზის, მეტაფორულ მნიშვნელობაზე, როგორც გამოსყიდვისა და შინაგანი სიმშვიდისაკენ მიმავალ იმედის გზაზე. ეკლესია ამხნევებს მორწმუნეებს, რომ ამ პერიოდში იცხოვრონ იმედითა და სოლიდარობის სულისკვეთებით, ხელახლა აღმოაჩინონ თავიანთი რწმენა გულმოწყალებითა და მოყვასთა მიმართ სიყვარულით.


პირველი იუბილე

პირველი იუბილე გამოცხადდა 1300 წელს პაპ ბონიფაციუს VIII-ის მიერ. თავდაპირველად, იუბილე იგეგმებოდა ყოველ 100 წელიწადში ერთხელ, მაგრამ შემდეგ საიუბილეო წმიდა წლის აღნიშვნა დადგინდა (1343 წელს, კლემენტ VI-ის მიერ) ჯერ 50, ბოლოს კი (1470 წელს, პავლე II-ის მიერ) 25 წელიწადში ერთხელ.  დროთა განმავლობაში აღინიშნებოდა სხვა იუბილეებიც, ე. წ. საგანგებო იუბილეები, მაგალითად, 1933 წელს პიუს XI-ის მიერ გამოცხადებულ იქნა იუბილე გამოსყიდვის წლისთავის აღსანიშნავად. ასევე, კარგად გვახსოვს 2015 წელს პაპ ფრანცისკეს მიერ გამოცხადებული გულმოწყალების წელი: ეს იყო ისტორიაში პირველი იუბილე, რომელშიც ერთდროულად ორი პაპი მონაწილეობდა - პაპი ფრანცისკე და პაპი ბენედიქტ XVI. ორივემ წმიდა კარი გაიარა. ამიტომაც, 2025 წელი რომის პაპ ფრანცისკესათვის მეორე იუბილე იქნება.


წმიდა კარი

წმიდა პეტრეს ბაზილიკის წმიდა კარი, დადასტურებული წყაროების მიხედვით, პირველად გახსნა პაპმა ალექსანდრე VI-მ 1500 წელს. რომში არის პაპის ოთხი ბაზილიკა, რომლებსაც აქვთ წმიდა კარი. ესენია: წმიდა იოანე ლატერანში, წმიდა მარიამი უმთავრესი, წმიდა პეტრე ვატიკანში და წმიდა პავლე გალავანს მიღმა. დანარჩენ კართა გახსნის რიტუალი წმიდა პეტრეს ბაზილიკის კარის გახსნის შემდეგ აღესრულება. პაპი თავად ხსნის წმიდა კარს. წელს პაპი ფრანცისკე ასევე გახსნის ისტორიაში პირველ და ერთადერთ ,,დამატებით“ (extra) წმიდა კარს რომის გარეთ: ეს მოხდება 26 დეკემბერს რომის რებიბიას ციხეში, წმიდა სტეფანეს დღესასწაულზე.


მომლოცველობა

„მოგზაურობა“ რომში მორწმუნეთათვის იუბილეს გულს წარმოადგენს. საიუბილეო წლის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი იუბილეები: კომუნიკაციის სამყარო (24 იანვარი), ხელოვანები (16 თებერვალი), დიაკვნები (21 თებერვალი), მოხალისეები (8 მარტი), ავადმყოფები (5 აპრილი), მოზარდები (25 აპრილი), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (28 აპრილი), მშრომელები (1-ლი მაისი), ბავშვები (24 მაისი), ოჯახები, ბებია-ბაბუები და მოხუცები (30 მაისი), სპორტი (14 ივნისი), აღმოსავლური ეკლესიები (28 ივნისი), ახალგაზრდები (28 ივლისი), ემიგრანტები (5 ოქტომბერი), ღვთისმშობლის სულიერება (11 და 12 ოქტომბერი), მისიონერები (18-19 ოქტომბერი), აღმზრდელები (30 ოქტომბერი - 2 ნოემბერი), გაჭირვებულები (16 ნოემბერი), გუნდები და ქორალები  (21-23 ნოემბერი), პატიმრები (14 დეკემბერი).


მამა გაბრიელე ბრაგანტინი

 ჟურნალი "საბა" / დეკემბერი, 2024

Comments


bottom of page