top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

26 მარტი –– კათოლიკე მღვდლის ემანუელ ვარდიძის გახსენება


ემანულ ვარდიძე საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ერთ–ერთი უკანასკნელი ქართველი კათოლიკე მღვდელია. იგი წარმოშობით სოფელ არლიდან იყო. სწავლობდა კონსტანტინეპოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში. მღვდლად 23 წლის ასაკში რომში ეკურთხა.


1921 წლიდან 1966 წლამდე, გარკვეული ინტერვალებით, თბილისის წმ. პეტრე და წმ.

პავლე მოციქულთა ტაძრის წინამძღვარი იყო. საქართველოს გასაბჭოების პერიოდში კი, მას წმიდა საყდრის სამოციქულო ადმინისტრატორის ფუნქციაც დაეკისრა. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, მამა ემანუელ ვარდიძე საბჭოთა ხელისუფლების დროსაც კი, ეკლესიაში აქტიურად მუშაობდა: "ვარდიძე მჭიდროდ იყო

დაკავშირებული ამერიკის, გერმანიის და იტალიის საკონსულოებთან თბილისში.

მათი დახმარებით მან შესძლო საქველმოქმედო საქმიანობის გაშლა, სკოლების,

ბავშვთა სახლებისა და უსახლკაროთა თავშესაფრების გახსნა"


"აქტიური საქმიანობა შეუმჩნეველი არ დარჩებოდა და მალე, მას საერთოდ აუკრძალეს საქველმოქმედო საქმიანობა. შემდგომ კი დააპატიმრეს კიდეც. საერთო ჯამში, მ. ემანუელ ვარდიძე, სხვადასხვა ვადით, 1921-1946 წლებში რელიგიური მოღვაწეობისა და საბჭოთა

ხელისუფლებისადმი არალოიალური დამოკიდებულების გამო, 6-ჯერ იყო

დაპატიმრებული და გადასახლებული", - წერს ისტორიკოსი და რელიგიათმცოდნე ნუგზარ ბარდაველიძე.


მამა ემანუელ ვარდიძემ "განათლება სხვა საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მღვდლების მსგავსად სტამბოლში, ფერიქოის ქართველთა მონასტერში და რომში მიიღო.

იგი 1909 წელს ეკურთხა მღვდლად, ხოლო საქართველოში დაბრუნდა 1914 წელს.


თავდაპირველად, ვარდიძე მსახურობდა ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი თბილისში. მთავარეპისკოპოსი ვიზიტატორი სმეტსის თბილისში სტუმრობის დროს მამა ემანუილ ვარდიძე მის ვიკარიუსად გამოცხადდა. 1927 წელს ვარშავაში სამოციქულო ნუნციასთან წერილში იგი თავს კავკასიის მთავარ ვიკარიუსად წარადგენს. სწორედ ამ წერილის გამო, რომელშიც პატრი ფინანსურ დახმარების აღმოჩენას ითხოვდა, იგი 1928 წელს დააპატიმრეს. იტალიელი დიპლომატების შუამდგომლობით, ვარდიძე მალევე გაათავისუფლეს, თუმცა საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობის ბრალდებით, კვლავ დააპატიმრეს.


როგორც ეპისკოპოს პიუ-ეჟენ ნევეს მოახსენეს „ის თურქეთის საზღვრისკენ მიემართებოდა ახალციხის რაიონში. უცნობია, აპირებდა თუ არა ის საზღვრის კვეთას, თუ რაიმეს გადაცემას აპირებდა თურქი ჯარისკაცების დახმარებით“ [Венгер, 2021].


მას ყარაგანდას შრომით-გამოსასწორებელ კოლონიაში 5 წელი მიუსაჯეს. 1940 წელს იგი გაათავისუფლეს და გადაასახლეს ტაიშეტლაგში. 1951 წელს, გადასახლებაში მყოფთ ვარდიძესთან, სამედიცინო პუნქტში შეხვედრას ახსნებეს დომინიკელი და ლუცია დავიდიუკი, რომელიც იქვე მედიკოსად მუშაობდა.


გადასახლებიდან დაბრუნებულმა მამა ემანუილმა მსახურება გააგრძელა თბილისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში [Книга Памяти, 2021:272]" ("კათოლიკობა და კათოლიკეები საქართველოში", 2022)


ემანუელ ვარდიძე 1966 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულების სახელობის ტაძრის ეზოში, თბილისში.


გთავაზობთ კათოლიკეთა ჟურნალ "საბას" სტატიას, მამა ემანუელ ვარდიძის შესახებ.


მამა ემანუელ ვარდიძე

(ძმისშვილის მოგონებანი)


ბავშვობიდან მესმოდა ოჯახში საუბარი “ბატონი პაპას” შესახებ. ასე

გამაცნო ბებიამ კედლიდან მომზირალი, მკაცრი გამომეტყველების მოხუცი,

წარწერით: “შენ ხარ მღვდელი, საუკუნოდ, მელქისედეკის წესით”. თავიდან

ცოტა უცნაურად მომეჩვენა, თუ პაპაა, ბატონს რატომ ეძახიან მეთქი. მაგრამ

მერე მივხვდი, რომ ეს უდიდესი მოწიწების და პატივისცემის ნიშანი იყო

მამა ემანუელ ვარდიძის მიმართ. ბებია ხშირად მიყვებოდა სახელოვანი ბიძის

შესახებ, მეც უფრო და უფრო მაინტერესებდა და ბევრ შეკითხვას ვუსვამდი.

ქვემოთ მინდა შემოგთავაზოთთ ბებიაჩემის, სალომე ვარდიძის, მოგონებანი

მამა ემანუელ ვარდიძის შესახებ.


მამაჩემს ორი ძმა მღვდელი ჰყავდა, ხოლო ერთი და _ მონაზონი. უფროსმა

_ ალიოზმა სომხური წესი აირჩია. მან ცხოვრების ბოლო წლები ხიზაბავრაში

გაატარა, სადაც რეპრესიების დროს დაიჭირეს და გადაასახლეს.


უმცროსი და-ძმა, პეტრე (მღვდლობაში ემანუელი) და მაკა, ჯერ კიდევ

მცირეწლოვანნი, ბიძამ კონსტანტინოპოლის (სტამბულის) ქართველ კათოლიკეთა

მონასტერში წაიყვანა სასწავლებლად. პეტრემ თავიდანვე დიდი ნიჭი და სიბეჯითე

გამოამჟღავნა. ამავე მონასტერში დაამთავრა სემინარია, ხოლო შემდეგ რომში

განაგრძო სწავლა. 23 წლის ემანუელი მღვდლად აკურთხეს რომის წმიდა

ანსელმის აკადემიაში. ამ დროისათვის მან მიიღო ლიცენციატის ხარისხი, რაც

შეესაბამება ღმრთისმეტყველების მაგისტრის ტიტულს, იგი იყო პოლიგლოტი _

ფლობდა ცხრამეტ ენას. რამდენიმე წელი იგი სტამბულში მუშაობდა, 1914 წლიდან

კი თბილისის ღმრთისმშობლის აღყვანების ეკლესიის მოძღვრად დაინიშნა. 1921

წელს, დონ მიხეილ ანტონაშვილის (ანტონოვის) გარდაცვალების შემდეგ მამა

ემანუელი თბილისის წმ. პეტრე და წმ. პავლე მოციქულების ეკლესიის

წინამძღვარი გახდა და ამ დროიდან ამიერკავკასიის კათოლიკეთა ვიზიტატორია.


საბჭოთა რეჟიმის დროს იგი ექვსჯერ დააპატიმრეს. რწმენაში მისი სიმტკიცე

და შეუპოვრობა საშიში იყო საბჭოთა რეჟიმისათვის და სწორედ ამიტომ

სდევნიდნენ მას სგანსაკუთრებული სისასტიკით. 1936 წელს მამა ემანუელი

გადაასახლეს ყარაგანდაში, უმკაცრესი რეჟიმის კოლონიაში. იქ მასთან ერთად

იმყოფებოდა ალექსანდრე ზუბალაშვილიც, რომელმაც ამ რეჟიმს ვერ გაუძლო და

მამა ემანუელის ხელებში დალია სული. მას არასოდეს უღალატია თავისი

საქმისათვის. ყოველ დილით ერთ ბნელ კუთხეში ჩუმად შეკრებდა ხოლმე

პატიმრებს და წირვას აღავლენდა.


ბიძაჩემის დაპატიმრებიდან ხუთი წლის შემდეგ წერილი მოგვივიდა: `უკვე

გამათავისუფლეს და მალე დავბრუნდები”. მაგრამ კარგა ხანს იგი მაინც არ

გამოჩნდა. მამაჩემი შორეულ ყარაგანდაში გაემგზავრა ძმის ამბის გასაგებად,

მაგრამ ამაოდ. იქიდან იგი დიდი ხნის წამოსული დახვდა. თითქმის ყველა იმედი

გადაგვეწურა, ვიფიქრეთ, ალბათ, უბედური შემთხვევის მსხვერპლი თუ გახდაო.

თერთმეტი თვე გავიდა მისი გაუჩინარებიდან და მოულოდნელად გამოჩნდა

წვერმოშვებული, ნაწამები სახით, საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. გადასახლებიდან

თბილისში დაბრუნებულს თურმე უნივერსიტეტში პროფესორად მუშაობა

შესთავაზეს, ოღონდ შენს საქმეზე ხელი უნდა აიღოო. მაგას არასოდეს

დავთანხმდები, მირჩევნია, სადაც ვიყავი, იქ დამაბრუნოთო, _ უთქვამს მას. სადღაც

ჯურღმულში ჩაამწყვდიეს და ერთი წელი საშინელ წამებაში გაატარებინეს. ყოველ

დღე მუხლებამდე წყალში აყენებდნენ და აიძულებდნენ უარი ეთქვა მღვდლობაზე.

მაგრამ მისი რწმენა ვერ გატეხეს და ბოლოს თავი დაანებეს.


ამის შემდეგ მამა ემანუელი სიცოცხლის ბოლომდე წმ. პეტრესა და წმ.

პავლეს ეკლესიის წინამძღვარი იყო. იგი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.

ყოველთვის, როცა მახსენდება, რომ ასეთი შეუპოვარი, რწმენისთვის

თავდადებული პიროვნების შთამომავალი ვარ, გული სიხარულით და

სიამაყით მევსება. მინდა, ყველას მოვუყვე მის შესახებ. მაგრამ, ამასთანავე,

იმედი მაქვს, რომ მისნაირი ადამიანები არასდროს მოაკლდება ეკლესიას!


ნატო ალავერდაშვილი

"საბა" – საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე

აპრილი, 2006

სტილი დაცულია


catholic.ge

Comments


bottom of page