top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანის ელჩის წერილი საქართველოს კარიტასს

ჩვენ მადლიერნი ვართ „საქართველოს კარიტასის“ კოლექტივისა და მოხალისეების, რომლებიც მისდევენ თავიანთი ქართველი თუ უცხოელი წინამორბედების გმირულ მაგალითს.




ძვირფასო „კარიტასელო“ მეგობრებო,

            ამ წერილის გწერთ უმძიმეს დროს - კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიო პანდემიური კრიზისის პირობებში. ბევრ ადამიანს უწევს იზოლაციაში ცხოვრება, უახლოესი ადამინებისგან მოშორებით, რომლებიც ხშირად ქვეყნის თუ დედამიწის სხვა მხარეებში იმყოფებიან. ზოგმა ალბათ საარსებო წყაროც დაკარგა და თავსაც ყველასგან მიტოვებულად გრძნობს. იმედი მაქვს, რომ თქვენ უსაფრთხოდ ხართ და ზრუნავთ თქვენსა თუ ირგვლივმყოფთა ჯანმრთელობაზე, საშუალება გაქვთ დაუკავშირდეთ ახლობლებს და მხარდაჭერასაც გრძნობთ ამ რთულ პერიოდში.  

            მეოთხედ საუკუნეზე მეტია, რაც „საქართველოს კარიტასი“ გვერდში უდგას ქვეყნის მოსახლეობას და კეთილი ნების ყველა ადამიანს, რათა ძნელბედობისას ხელი გაუწოდოს გაჭირვებულთ. გამონაკლისი არც 2020 წლის პანდემიური კრიზისი იქნება. „საქართველოს კარიტასი“ კვლავაც ხელს გაუმართავს გაჭირვებაში ჩავარდნილ მოძმეთ - სიტყვა „კარიტასი“ ხომ „სიყვარულს“ ნიშნავს, სიყვარული კი თვისებაა ქრისტიანისა. ჩვენ ასეთები ვართ. 

            ჩვენ მადლიერნი ვართ „საქართველოს კარიტასის“ კოლექტივისა და მოხალისეების, რომლებიც მისდევენ თავიანთი ქართველი თუ უცხოელი წინამორბედების გმირულ მაგალითს. მადლობას მოვახსენებთ „კარიტასის“ თანამშრომლებსა და მოხალისეებს, რომლებიც დროსა და ძალისხმევას არ იშურებენ მოყვასისთვის, ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ და კიდევ უფრო გაამრავლონ მათ ხელთ არსებული რესურსები, რათა დაეხმარონ მეტ გაჭირვებულს და ამ  მძიმე პერიოდში თავიანთ საქმიანობაში ჩააბან მეტი მოტივირებული ადამიანი.

            პაპი ფრანცისკე გვთხოვს ჩვენ, კათოლიკურ ეკლესიის მსახურთ, გვერდში დავუდგეთ გაჭირვებულებს. იგი შეხვდა სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა მოეზიდა საჭირო სახსრები, მათ შორის, ჩვენთვის - სამხრეთ კავკასიისთვისაც.  ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია და დახმარებაც ყველას უნდა შეხვდეს.  

            ნურასდროს დაგვავიწყდება პატივისცემის გამოხატვა მათ მიმართ, ვინც საკუთარ თავს არ ზოგავს ჩვენს დასახმარებლად და ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად. ვგულისხმობ ხელისუფალთ, მედიცინის მუშაკებს, სასიცოცხლოდ აუცილებელ სამსახურება, საქველმოქმედო სფეროს თანამშრომლებს, რომელთა საქმიანობაც ყოველდღიურად უმრავ ადამიანს უნარჩუნებს სიცოცხლეს, და ყველა იმ პირთ, ვინც ჩვენს სასიკეთოდ იღწვის.     

            ჩვენ, ქრისტიანებს გვწამს, რომ ჩვენი უფალი ყველა ჩვენგანისთვის გადატანილი უდიდესი ბრძოლის გამარჯვებულია. ამიტომაც, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და არ შევწყვიტოთ უფლისადმი ლოცვა და მოყვასისადმი მსახურება. „საქართველოს კარიტასი“, კათოლიკური ეკლესია, წმიდა საყდარი და მეც, როგორც პაპი ფრანცისკეს წამომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ყველანი თქვენთან ვართ, რადგან, როგორც მოქალაქეებს შეგნებული გვაქვს, რომ „ღირსება გვავალდებულებს“, ხოლო როგორც ქრისტიანებს გვწამს, რომ „ღმერთი სიყვარულია“.

+ ჟოზე ა. ბეტანკური

წმიდა საყდრის დესპანი

დიპლომატიური კორპუსის დუაიანი საქართველოში

Comments


bottom of page