ფონდი, რომლის შექმნის ინსპირაციაც საქართველოს კათოლიკე ეკლესიაში არსებული სიტუაცია გახდა, დღეს კი Pro Spe ჩვენს ქვეყანაში არაერთ პროექტს აფინანსებს. მის დამფუძნებელს, მამა მაჩეი გერულას პოლონეთში ესაუბრა მამა მიხეილ სურმავა. Catholic.ge გთავაზობთ ინტერვიუს სრულად.
წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი...
– მამა მაჩეი გერულა, ფშემისლის არქიეპარქიიდან. 6 წელია ვეხმარებით საქართველოს უშუალოდ ფონდ Pro Spe-ს მეშვეობით, რომელიც მხარს უჭერს სხვადასხვა საქველმოქმედო ინიციატივას. ვეხმარებით მღვდლებსა და მონაზვნებს, მისიონერებს.
როგორც ვიცით, თქვენ ხართ მისიაზე პასუხისმგებელი მღვდელი...
– დიახ, პშემისლის არქიეპარქიაში გავხდი მისიაზე პასუხისმგებელი, რადგან ჩვენი ეპარქიიდან არის 22 მისიონერი მღვდელი, ერთი ეპისკოპოსი, 40 მონაზონი და თითქმის ყველა კონტინენტზე ძალიან ბევრ სხვადასხვა საქმეს აკეთებენ.
რაც შეეხება Pro Spe-ს, რატომ დაიწყო თქვენმა ფონდმა საქართველოს დახმარება, საიდან გაჩნდა ეს იდეა?
– 2006 წელს პირველად წავედი საქართველოში და გავიცანი იქ მოღვაწე პოლონელი მღვდლები, რადგან მათთან უფრო მარტივი იყო კონტაქტი. ჯერ გავიცანი მამა ანჯეი, რომელიც იმ დროისათვის პეტრე–პავლეს ტაძარში, წინამძღვრის მაგივრობას სწევდა. შემდეგ გავიცანი კამილიელი მამები, ასევე აწ გარდაცვლილი მამა იეჟი შიმეროვსკი, რომელთან ერთადაც საზაფხულოიალაღებზეც ვიყავი. მაშინ მამა მიხეილ სურმავა იყო არალში დამხმარე მღვდელი. ამის შემდეგ, მამა პავლე დილიმირეკავდა ხოლმე სხვადასხვა საქმეზე, მაგალითად, რამე რომ შემეკვეთა, სადმე დამერეკა, მომეგვარებინა, რადგან პოლონეთში ვიყავი და ჩემთვის ადვილი იყო. შემდეგ ეპისკოპოსისგან მივიღე შემოთავაზება, რომ ჩამოვსულიყავი საქართველოში და გავმხდარიყავი წინამძღვარი ახალციხეში, მაშინ მე შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. იმ დროისათვის, ახალციხეში ეკლესია აღდგენის პროცესში იყო, შემდეგ ჩამოვიდნენ ფრანცისკანელი ძმები და მათ დაიწყეს მოღვაწეობა. მაშინ მე სხვა პოლონეთში სამრევლოში ვიყავი და მომლოცველობების ორგანიზებას ვაკეთებდი. პარალელურად, ვმუშაობდი საჯარო სკოლაში სრულ განაკვეთზე და ცოტა რთული იყო, ამიტომ წავედი და ჩემს ეპისკოპოსს ვთხოვე იქნებ აქედან რამენაირად დავხმარებოდი საქართველოს. ეპისკოპოსებმა ერთმანეთს გაუგეს და ასე დაიწყო ეს ყველაფერი.
როგორც ვიცი, თქვენ ასევე წარმოადგენთ საქართველოში ორგანიზაცია Fide et Donum- ს.
– ფორმალურად აღარ ვარ, ვიყავი 2015–2020 წლებში, შემდეგ ეპისკოპოსებმა დაილაპარაკეს და დავრჩი ჩემი ანუ ფშემისლის ეპისკოპოსის მორჩილებაში, თუმცა საქმიანობა გრძელდება.
თავდაპირველად, რისი იმედი გქონდათ, როგორ აპირებდით ხალხის წამოყვანას საქართველოში? მესმის, რომ მამა პავლე დილი დახმარებისთვის გირეკავდათ ხოლმე, თუმცა რამ განაპირობა ორგანიზაცია Pro Spe-ს შექმნა?
– უპირველესად, რამაც დამარწმუნა ამაში, მღვდლები იყვნენ, არა მარტო პოლონელები, არამედ ყველა, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოში. ვხედავდი თუ როგორ მთელი გულით აკეთებდნენ თავიანთ საქმეს, აშენებდნენ კათოლიკე ეკლესიას, იმის მიუხედავად, რომ კათოლიკეები საქართველოში ცოტანი არიან. ადგილობრივი მღვდლები, მაგალითად მამა მიხეილი, ავსებდნენ მისიონერ მღვდლებს, რომლებიც ჩამოვიდნენ პოლონეთიდან და იტალიიდან. ძალიან სახარებისეულად იქცეოდნენ, ისინი არ კითხულობდნენ ვინ იყო მართლმადიდებელი ან კათოლიკე, ისინი უბრალოდ ეხმარებოდნენ ადამიანებს, გაჭირვებულებს, ავადმყოფებს.
ერთ–ერთი დიდი დახმარება მომდინარეობდა კათოლიკე ეკლესიიდან და მეც გამიჩნდა სურვილი ჩავრთულიყავი ამ საქმიანობაში. უმნიშვნელოვანესი საქმეა ამ დახმარების მიწოდება, რომ დახმარება მივიდეს სწორედ იქამდე, ვინც ამას ელოდება, ვინც ამას საჭიროებს და არა, რომ ეს დახმარება ვაჭრობის ერთ–ერთი ელემენტი გახდეს. გამომდინარე იქიდან, რომ სტრუქტურა უკვე აწყობილი იყო, მღვდლებმა იცოდნენ ენა, მენტალობა, საჭიროებები – საჭირო გახდა ორგანიზება გაეწიათ იმ დახმარებისთვის, რომელიც მოდიოდა პოლონეთიდან, იტალიიდან. ეს კი იყო შემდგომი ეტაპი, რომელიც Pro Spe –მ შეავსო, რადგან ადგილობრივ მღვდლებს აღარ უწევდათ მოწყვეტილიყვნენ თავიანთ საქმიანობას, წასულიყვნენ და ეძებნათ სხვადასხვა ფონდები, ეს ყველაფერი თავის თავზე აიღო Pro Spe–მ. მღვდლები რჩებოდნენ იმ ხალხთან, რომლებსაც კარგად იცნობდნენ, რადგან ზოგი იქ მუშაობს უკვე 10, 20, 30 წელია. ასეთი ხალხის დახმარების დიდი საჭიროებაა.
ახლა ვინ თანამშრომლობს თქვენთან?
– საქართველო ძალიან პოპულარული იყო ადამიანებში. ისინი ტურისტულად ჩამოდიოდნენ იქ და იღებდნენ დიდ გამოცდილებას ქართველების სტუმართმოყვარეობით. Pro Spe–მ აირჩია მიმართულება „საქართველო“. შემდეგ ჩვენგან წავიდნენ მოხალისეები, რომლებმაც თავად გამოსცადეს და ადგილზე ნახეს რეალობა. მათი მეშვეობით, საქართველოს შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. გარდა ამისა, Pro Spe–ს ინიციატივას შეუერთდა მედია:ტელევიზია, რადიო, ჟურნალები და აქედანაც გავრცელდა ძალიან ფართოდ ინფორმაცია. წლიდან წლამდე უფრო მეტი მსურველი ჩნდებოდა. ვიცით, რომ ასეთი საქმეები ყოველთვის სანაცნობო წრეებიდან იწყება, დახმარებას იმას სთხოვ, ვისაც იცნობ, ვინც გენდობა, ვისაც შენი სჯერა. შემდეგ ნაცნობები ეუბნებოდნენ თავიანთ ნაცნობებს, მერე ისინი თავიანთ ნაცნობებს და ასე დაგროვდა ის ათასობით ადამიანი, რომლებიც ეხმარებოდნენ Pro Spe–ს პროექტების განხორციელებაში წლების მანძილზე. Pro Speმატერიალურ მხარდაჭერაზეც პასუხისმგებელი იყო, თუმცა მატერიალური ვერ ჩაანაცვლებს ადამიანურს, რომელიც ადგილზეა, ანუ მღვდლები და მონაზვნები, რომლებიც საქართველოში არიან და თავის დროს სწირავენ მსახურებას, ეს ყველანაირ ფულზე ძვირფასია.
გასაგებია, ტურისტები, რომლებიც მოდიოდნენ ხედავდნენ „მდიდარი ქვეყნის მდიდარ ნაწილს“, მაგრამ აი, იმ მოხალისეებს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიოდნენ, რა რეაქცია ჰქონდათ, როცა მეორე ნაწილს ხედავდნენ?
– ძალიან პოზიტიური რეაქცია ჰქონდათ, რადგან ხედავდნენ მცირე ეკლესიას. პოლონეთში ეკლესია უზარმაზარია, რადგან თითქმის ყველა კათოლიკეა, ყველა ტრადიცია თუ წესი დაკავშირებულია კათოლიკე ეკლესიასთან. საქართველოში კი ეს ყველაფერი მართლმადიდებელ ეკლესიასთან არის დაკავშირებული და კათოლიკე ეკლესია უმცირესობას წარმოადგენს. ამ ხალხმა იხილა მცირე, მორჩილი საკრებულო, რომელიც ყველა ადამიანისთვის არის. ეს მათთვის (მოხალისეებისათვის) ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. მახსოვს, ერთხელ მოხალისედ წავიდა ერთი კაცი, რომელიც ანტიკლერიკალურად იყო განწყობილი. ჩვენ მას უარი არ ვუთხარით ამის გამო, რადგან საკმარისი იყო კეთილი გული. დაბრუნებისას, მას სრულიად შეცვლილი ჰქონდა მიდგომა ეკლესიისა და მღვდლების მიმართ. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრმა შეიცვალა თავისი დამოკიდებულება ამ გზით. მართალია, როგორც თქვენ ამბობთ, რომ მათ შეეძლოთ გაეცნოთ „სხვა საქართველო“, არა ის ტურისტული სახე, არამედ ქართველების ყოველდღიურობა. ყველაზე მეტად მათ ეს მოეწონათ – ანუ სიღარიბის მიუხედავად, მათი სტუმართმოყვარეობა ძალიან მოეწონათ.
პანდემიის ამ რთულ პერიოდში რა პროექტები განახორციელეთ?
– გვაქვს ისეთი პროექტები, რომლებიც წლებია გრძელდება. მაგალითად, რამდენიმე წელია ვაფინანსებთ დევნილთა დასახლებაში ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებას, ვაფინანსებთ სოფელ ხიზაბავრის (ჯავახეთი) საბავშვო ბაღს, სალელი დების სახლში, საბავშვო ბაღის სადილის თანადაფინანსებას ვეწევით. გორში, კამილიელი დების სამედიცინო საქმიანობას ვაფინანსებთ, რომლებიც დადიან ავადმყოფებთან და უვლიან. სოხუმში კვებას ვაფინანსებთ, რომელიც განკუთვნილია ღარიბთათვის. „კარიტასში“ და მონიკასთან ერთად, მოხალისეებს, რომლებიც ზამთარში ცხელი წვნიანით კვებავენ უსახლკაროებს თბილისში. მზად ვართ მუდამ დავეხმაროთ. ესენია ის მუდმივი პროექტები, რომლებიც ხორციელდება. ხოლო პროექტები, რომლებიც სეზონურია ან ვაკეთებთ სიტუაციურად, მაგალითად, ვალეში სამრევლო სახლის რემონტი, ერთი ან ორ კვირიანი საზაფხულო ბანაკები. მართალია, პანდემიის დროს არ ჩატარებულა მაგრამ, ვეხმარებოდით აქ პოლონეთში მოხალისეების შეხვედრებს რომლებიც უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას. მაგალითად, კათოლიკური მოძრაობებიდან მოხალისეებად წავიდნენ სოხუმში ბანაკებში, ეს იყო მშვენიერი გამოცდილების გაზიარება აქაურ მოხალისეებსა და იქაურ ბავშვებს შორის.
როგორც გავიგეთ, ერთ–ერთი თქვენი მეგობარი ველოსიპედით ჩამოვიდა პოლონეთიდან საქართველოში. მართალია? რა იყო მისი ჩამოსვლის მიზანი? მან გამოიარა Pro Spe–ს დროშით ბულგარეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები...
–მანამდე იგი საქართველოში მამასთან ერთად მოხალისედ იმყოფებოდა და იატაკს აგებდნენ, ახალციხეში შშმ პირთა ცენტრში, ასევე თბილისშიც. მისი მამა მშენებელია და იგი რემონტებსა და მშენებლობებში ეხმარებოდა. ამ ახალგაზრდამ გადაწყვიტა რაღაც სიგიჟე ჩაედინა და ველოსიპედით ჩამოსულიყო საქართველოში. ეძებდა კომპანიონს, რომ ორნი წამოსულიყვნენ, მაგრამ ვერ იპოვა და მარტო წამოვიდა, გზად Pro Spe –ს დიდ რეკლამას უკეთებდა. მოგვიანებით კი, მისი მშობლები ჩამოვიდნენ ავტომობილით საქართველოში, რომ იგი უკან წამოეყვანათ პოლონეთში. მისი მოგზაურობა ერთი თვის მანძილზე გრძელდებოდა. მიხარია, რომ ამით პოლონეთში მედიაც დაინტერესდა. ბარტეკი არის გაბედული ბიჭი და მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით ჩავიდა საქართველოში და მშვიდობით დაბრუნდა უკან.
ჩვენც, როგორც კათოლიკურმა მედიამ გვსურს Pro Spe–ს შესახებ მოვუყვეთ აუდიტორიას. ბოლოსკენ, რას ეტყოდით პორტალის მკითხველს?
– მზად ვართ განვახორციელოთ პროექტები კვლავ, თუ ეს რაიმე სარგებელს მოუტანს ხალხს, არის ამის საჭიროება და გამოჩნდება ის, ვინც მოახდენს მსგავსი პროექტების კოორდინირებას. საჭიროა არა ხელოვნური, არამედ ნამდვილი საჭიროებები, ოღონდ წინასწარი გადამოწმებისა და შემოწმების შემდგომ, რომ გამოჩნდეს ამის აუცილებლობა, შშმ პირთათვის, დევნილთათვის, ბავშვების განათლების სფეროში თუ სხვა. ვფიქრობ, პოლონეთში ბევრს სურს, რომ მსგავს პროექტებს დაეხმაროს. ეს კი შანსებს ათანაბრებს. დღეს, პოლონეთში, ბევრ ბავშვს აქვს შესაძლებლობა, რომ განვითარდეს ცეკვაში, მუსიკაში... აი, საქართველოს პროვინციებში, სოფლებში კი არ აქვთ ასეთი შანსი. მაგალითად, როცა ვაგროვებთ აფრიკისთვის სამედიცინო საშუალებებს, პოლონეთში იციან, რომ შევლენ აფთიაქში და იქ ყველაფერია, აფრიკაში კი არ არის მაგალითად, პირველადი წამლები თუ ნივთები. ანუ გვინდა გავაკეთოთ ე.წ. ბავშვები ბავშვებისათვის. მოხარული ვარ, რომ მშობლები ცდილობენ ბავშვებს ასწავლონ და თავადაც დაეხმარონ.
რას უსურვებთ ქართველებს, რომლებიც ნახავენ ამ ინტერვიუს?
– ქართველები მხიარული, მშვენიერი ერია. ბევრი პოლონელი, რომელიც საქართველოში ყოფილა ამბობს, რომ ქართველებს სიღარიბე ხელს სულაც არ უშლის, რომ იყვნენ გახსნილები და სტუმართმოყვარენი. ის, რაც პოლონეთში ნელ–ნელა ქრება, საქართველოში, ქართველის ბუნებაში დარჩენილია. ქართველებს მხოლოდ ერთს ვეტყოდი: იყავით ის, ვინც ხართ! ხშირად, სიმდიდრე არ არის ყველაფერი. როგორც ამბობენ, სადაც ჩვენ არ ვართ, იქ კარგი გვგონიაო. სიმდიდრე ყოველთვის საფულით არ იზომება, არამედ იზომება ადამიანის გულით.
დიდი მადლობა მამაო ინტერვიუსთვის.
მღვდელი მიხეილ სურმავა
Comments