სიტყვა "ადვენტი" ნიშნავს "მოსვლას" ანუ გულისხმობს, რომ ვიღაც მოდის.
ადვენტი ჩვენთვის მოლოდინის და მომზადების დროა, ქრისტესთვის, რომელიც მოდის.
მოლოდინი - სასოებით სავსეა მოლოდინი, ვინაიდან ის, ვინც მოდის, ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ გარდაქმნის; მოლოდინი სავსეა სიხარულით, ვინაიდან, ვხარობთ, რომ ქრისტე ჩვენს შორის მოდის.
მომზადება - კარგი მომზადება გვმართებს, ვინაიდან კარგად მომზადებულებმა უნდა მივიღოთ ქრისტე.
ამრიგად, ადვენტი "აქტიური მოლოდინის" დროა და არა დრო, როდესაც უნდა დავჯდეთ და ისე ველოდოთ! ბევრი რამ არის მოსამზადებელი. ჩასატარებელია მრავალი გარეგნული სამზადისი, გარემოს მოსართავად, გასანათებლად. მომზადება გვმართებს ასევე სულიერად, ლოცვებით, აღსარებებითა და წირვაში მონაწილეობით.
ხშირად, როდესაც ოჯახში ვახშმად მეპატიჟებიან, მეკითხებიან: "რა მოგწონთ?", - ვპასუხობ: "მე ყველაფერი მომწონს!". ისინი კი რამე კონკრეტულს ელოდებიან ჩემგან. სურთ, რომ მე გადავწყვიტო რა მოამზადონ: არადა, მათ უნდა მოამზადონ. იგივეა იესოსთანაც: იგი ჩვენ მოგვანდობს, რათა თავად გადავწყვიტოთ, როგორ მივიღოთ: და ჩვენც ვიღებთ ისე, როგორც მისთვის არის სასიამოვნო და ძვირფასი, ცხადია, ჩვენი გემოვნებით.
და კიდევ: თუკი ვიცი, რომ მომსვლელ სტუმარს წესრიგი და სისუფთავე უყვარს, სახლს მივალაგებ და ყვავილებით ან დეკორით გავაწყობ. ვიცით, რომ იესო აფასებს სიკეთეს, თავაზიანობას, ადამიანთა შორის თანხმობას (და სხვა კეთილ და მნიშვნელოვან საქმეებს!), და მაშინ: კარგად მოვემზადებით მის მისაღებად, თუკი განვერიდებით (ან შევამცირებთ მაინც) ყოველივე ცუდს და სიკეთის კეთებაში გავიწაფებით. მაშინ, რომდესაც სხვებს თავაზიანად მოვექცევი, როცა თვალებს გავახელ, რომ დავინახო და დავეხმარო გაჭირვებულს და მწუხარეს; როცა შევეცდები ჰარმონიის დამყარებას ყველა შემხვედრთან...
რა დახმარებები გვეძლევა მოსამზადებლად?
წლევანდელი ადვენტის კვირადღეებზე (რომელიც საკითხავების მესამე ციკლს მიყვება, ე.წ. წელი - "ა", როცა სახარების საკითხავები აღებულია მათესგან), ყოველ კვირას წინასწარ გვეძლევა რამდენიმე ნიშანი, რაც გაგვიძღვება.
პირველ კვირას ეს ნიშანი იყო ნოე და წარღვნა: ეს არის მოწოდება მზადყოფნაზე, ვინაიდან ჩვენთვის უცნობია უფლის დროები. ასევე გვაქვს საომარი იარაღების ნიშანი, რომლებიც იცვლებიან სამუშაო იარაღებად, რაც მიგვანიშნებს, რომ, როდესაც კარგად ვასრულებთ ჩვენს საოჯახო და სამსახურებრივ მოვალეობებს, ესე იგი სწორად ვიქცევით აქტიური მოლოდინის თვალსაზრისით.
მეორე კვირას გვეძლევა სამშვიდობო დღეების დაპირება, ველური ცხოველების ნიშნით, რომლებიც არაფერს უშავებენ სხვა ცხოველებს ან ბავშვებს, და ნიშანი მონანიებაზე, სიმშვიდის მოპოვებაზე და მზადყოფნაზე, რომ მივიღოთ და შევიგრძნოთ მესიანური მშვიდობის მადლი.
მესამე კვირა გვაძლევს აღთქმას თავისფულებაზე და ახალ სიცოცხლეზე, ბრმათა ნიშნით, რომლებიც ხედავენ, ყრუთა ნიშნით, რომლებსაც ესმით, კოჭლთა ნიშნით, რომლებიც გარბიან, რამეთუ უფალს ჩვენი სიხარული სურს, ასევე გვეძლევა იოანე ნათლისმცემლის ნიშანი, წინასწარმეტყველთაგან უკანასკნელის, - "ყველაზე დიდი დედაკაცთაგან შობილი", იესო იმასაც გვეუბნება, რომ ვინც მის სამეფოში შევა, დიდი და მნიშვნელოვანი ხდება.
მეოთხე კვირის ყველაზე დიდი ნიშანი არის დაპირება ყრმაზე, ვისი სახელიცაა - ემანუელე - ღმერთი ჩვენთან არს. ეს დაპირება რეალობად იქცევა იესოს შობით, ვინც თავის წინაღში მიიღეს მარიამმა და იოსებმა, რომლებიც სირთულეების მიუხედავად, მთლიანად ენდვნენ ღმერთს და მისი ნებისამებრ იქცეოდნენ.
მოდით, ამ ადვენტის პერიოდში, გავყვეთ სულიწმიდას, რომელიც გვირჩევს ახალი სამოსთ შევიმოსოთ, იმისათვის, რომ მოვემზადოთ ქრისტეს მისაღებად, ვინც, მართალია სიღატაკეში იშვა, მაგრამ თავისი მოსვლით კაცობრიობის ცხოვრებას ახალი სახე შესძინა.
მამა დანიელე ჯაკომელი
Comments