top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ადვენტი – იმედის კვირა

ადვენტის პირველი კვირა მეტადრე სასოებაზე დაგვაფიქრებს. ამაზე გთავაზობთ რამდენიმე ფიქრსა და კონკრეტულ შემოთავაზებას.


1. სარწმუნო იმედი (რომ. 8,24), მხსნელი იმედი, რომელიც უბრალოდ ფაქტობრივი მონაცემი როდია, არამედ გაძლევს ძალას, რათა ცხოვრების რთულ რეალობას გაუსწორო თვალი, რომელსაც მიჰყავხარ საბოლოო მიზნისაკენ.


2. ქრისტიანული იმედი ცოცხალ ღმერთთან შეხვედრიდან იბადება, რომელსაც ადამიანი არ უნდა მიეჩვიოს, არამედ ყოველთვის განახლებით იცხოვროს. (ცოცხალი შეხვედრის ნათელი, თანამედროვე მაგალითია წმ. იოსებინა ბახიტა: ის პირველად და რეალურად როცა შეხვდა ღმერთს, მას გაუჩნდა იმედი. იგი ამბობს: „მე მართლაც ვუყვარვარ უფალს და, რაც უნდა მოხდეს, ეს სიყვარული მელოდება. ამგვარად ჩემი ცხოვრება კარგია. ამ იმედის შეცნობამ „იხსნა“ ბახიტა, იგი თავს მონად კი აღარ მიიჩნევდა, არამედ ღვთის თავისუფალ შვილად“. შდრ. სასოებით ხსნილნი 3.)


3. მხსნელი სასოებით გაჯერებული იყო ისრაელის მოლოდინი, პოლიტიკურ, სამოქალაქო თუ რელიგიურ სივრცეში. დღესაც ბევრი დრო იფლანგება ფუჭ პოლიტიკურ გარჩევებზე. სასოება კი გვაძლევს საშუალებას ხელჩამოშვებულებმა კი არ ვუცქიროთ ქვეყანას, არამედ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ტვირთვით, ჩვენი, თუნდაც უმნიშვნელო წვლილი შევიტანოთ აქ ‘ცათა სასუფევლის’ შენებაში. მაგ. დავიცვათ მოძრაობის წესები (ფეხით თუ მანქანით გადაადგილებისას) და მსგავსნი...


4. მხსნელი სასოება ადამიანს აძლევს საშუალებას განერიდოს ყოველგვარ ფანატიზმს, მორალიზმსა თუ სკურპულოზულობას, იმისათვის რომ სათანადოდ დააფასოს შეცდომისა და ცოდვის როლი ხსნის ისტორიაში, რაც ადამიანს აძლევს ერთი მხრივ სიმდაბლეს და მეორე მხრივ დარწმუნებულობას ღვთის სიყვარულში.


5. „მოგვებმა ახალ მეფეს - ქრისტეს - სცეს თაყვანი, ამით დადგა ასტროლოგიის დასასრული, რადგან მას შემდეგ ვარსკვლავები უკვე ქრისტეს მიერ დადგენილ ორბიტაზე მოძრაობენ“. კოსმოსის ელემენტები და მატერიის კანონები კი არა განაგებენ ადამიანსა და ქვეყნიერების სიცოცხლეს: ვარსკვლავებს, ანუ სამყაროს, პიროვნული ღმერთი განაგებს. ამიტომ, მორწმუნემ თავად უნდა განკარგოს საკუთარი ბედი, უფალთან თანამშრომლობით და განერიდოს ყოველგვარ სრულ დეტერმინიზმსა თუ „ნათელმხილველობას“.


6. სასოება გვაძლევს იმ სიცარიელეზე გამარჯვებასა და სრულყოფილის, მარადიულის მოლოდინს. შეგვიძლია მხოლოდ ვეცადოთ, გონებით გავცდეთ დროებითობას, რომლის ტყვეობაშიც ვიმყოფებით და რამენაირად წინასწარ შევიგრძნოთ, რომ მარადისობა არაა კალენდრის დღეთა გაბმული თანმიმდევრობა, არამედ კმაყოფილებით აღსავსე მომენტის მსგავსი რამ, რომელშიც მთლიანობა მოგვიცავს ჩვენ და ჩვენ მოვიცავთ მთლიანობას. ესაა უსასრულო სიყვარულის ოკეანეში ჩაძირვის მომენტი, სადაც დრო - „მანამდე“ და „შემდეგ“ - აღარ არსებობს. ესაა სიცოცხლე სრული მნიშვნელობით, ესაა უბრალოდ ბედნიერება. მცდელობა იცხოვრო თითოეული დღე, როგორც განუმეორებელი, უფლის ნაჩუქარი.


კონკრეტული რჩევები:

- ვინც აღსარებას იშვიათად ამბობს, მოუხშიროს; ვინც ხშირად – შეუძლია გენერალური აღსარების თქმა (აღსარება სიყვარულის საიდუმლოებაა).

- ვინ მკითხაობს, მოიხმარს ჰოროსკოპებსა, შელოცვა-გამოლოცვებს და მისთანებს, ეს პრაქტიკა სახარებისა და ფსალმუნების კითხვით ჩაანაცვლოს

- ვინც არ ლოცულობს რეგულარულად (ყოველდღე)– დაიწყოს. ვინც სისტემატურად ლოცულობს, ადგილი მისცეს საკუთარი სიტყვებით ლოცვას/მოსმენას.

- მედია სივრცე ადამიანს ავსებს ნეგატივით, ძაბავს და რიგ შემთხვევებში აღიზიანებს. ამიტომ, დილა დაიწყე კეთილი ფიქრებით, გადაეცი ადამიანებს სითბო, პოზიტივი.

- წუწუნისა და ჩივილის მაგივრად, რომ გარემომცველი სამყარო ცუდია, პატარა კეთილი საქმეები გააკეთე, ეს მოგანიჭებს მეტ კმაყოფილებას და პასუხისმგებლიანს გაგხდის.

- ნუ იქნები მხოლოდ ინდივიდუალისტი, ლოცვას, საქმესა თუ ფიქრებში; ილოცე, ემსახურე და იფიქრე სხვებს და ეს გაგახარებს.

- მოინახულე ძველი მეგობრები-ნაცნობები, ურთიერთობა ხაზს უსვამს ადამიანობასა და სიცოცხლის არსს.

- თუ გაგაჩნია კითხვები, ესაუბრე კომპეტენტურ პიროვნებას. მაგ. რწმენის შესახებ მოძღვარს.

- ნუ დაელოდები დაძახებას, მოპატიჟებას, დასაქმებას, სამრევლოში გამოიჩინე ინიციატივები, ითანამშრომლე.

- დაინტერესდი კათოლიკე ეკლესიის იმ რეალობებით, რომლითაცაა წარმოდგენილი საქართველოში და გაეცანი მათ ცხოვრება-მსახურებას. მაგ. ორდენები, მოძრაობები, დაწესებულებები.

- ილოცე ძმა დემეტრე თბილელის წმიდანად შერაცხვისათვის.

- ნუ დაივიწყებ ფატიმას ქალწული მარიამის სათხოვარს, ილოცე ცოდვილთა მოქცევისა და ქვეყნად მშვიდობისათვის.

- გახსოვდეს, რომ ხარ ქრისტიანული რწმენის ჩირაღდანი.

- კარგი იქნება თუ წაიკითხავ ბენედიქტე XVI ის ენციკლიკას - „სასოებით ხსნილნი“.


მამა პაატა ქომოშვილი

catholic.ge

Comments


bottom of page