top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ...

ამაზე იმიტომ როდი ვსაუბრობ, რომ იტალიელი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ზოგიერთმა ქართველმა მომილოცა იტალიელი სპორტსმენის ბრწყინვალე გამარჯვება 28 იანვარს მელბურნში გამართულ დიდი სლემის ტურნირზე. 



22 წლის იანიკ სინერი შეძლო და სძლია საკუთარ თავს, რამაც მოწინააღმდეგის აშკარა უპირატესობით დაწყებული მატჩი მოაგებინა და ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა რუსი დანილ მედვედევის დამარცხების შედეგად. ეს იყო გონების, გულისა და სხეულის გამარჯვება! ამასთან დაკავშირებით, პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა: "მთავარი ის კი არ არის, რომ არ დაეცე, არამედ "დაცემული არ დარჩე“. სინერი მორიდებულად იღიმება და თავაზიანად იქცევა; ზრდილი და გონიერია; მოკლედ, შემკულია ყველაფრით, რაც კი შეიძლება ახალგაზრდა ყმაწვილზე ითქვას, ყველასათვის სანატრელ შვილსა თუ შვილიშვილზე. რა თქმა უნდა, ამაში წვლილი მიუძღვით ოჯახის წევრებსაც, რომლებიც დაკავებული იყვნენ თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით, მაგრამ შორიდან ადევნებდნენ თვალს თავიანთ საოცარ ბიჭს.


იმიტომაც მსურს ამის შესახებ საუბარი, რომ ბოლო ხანებში ხშირად შევხვედრივარ სპორტის ამა თუ იმ სახეობით ზედმეტად დაკავებულ ბავშვებს და მათ მშობლებს, ყველაფერს რომ აკეთებდნენ მათ დასახმარებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, გარკვეულ ეტაპზე ენთუზიაზმს კარგავდნენ; სწორედ მათ  გასაგონად მსურს გავაჟღერო იანიკ სინერის მიერ მისი ასაკისთვის უჩვეულო სიბრძნით ნათქვამი ორი ფრაზა, პირველი: არაფორმალური მადლობა დანილ მედვედევის მიმართ: „გილოცავ, რადგან შენ მე უკეთეს მოთამაშედ მაქცევ, არასოდეს ნებდები და მაიძულებ, უფრო ძლიერი დარტყმებით ვიბრძოლო“. ეს სიტყვები შეგვახსენებს სილამაზისა და საუკეთესოსთან შედარების აუცილებლობის შესახებ, რადგან ყოველთვის აქ არის გაუმჯობესების შესაძლებლობა. უნდა გიხაროდეს, როდესაც ჯაბნი შენს მოწინააღმდეგეს, ოღონდ არ უნდა დაგიპყროს "გამარჯვებულის მენტალიტეტმა“, რასაც ასე ხშირად იყენებენ სხვების გასანადგურებლად.


მეორე, მისი მშობლების შესახებ ნათქვამი ამაღელვებელი სიტყვებია: „ყველას ვუსურვებ, ჰყავდეთ ისეთი მშობლები, როგორიც ჩემები არიან, ისინი ყოველთვის მაძლევდნენ არჩევანის თავისუფლებას“: ეს ნამდვილი პედაგოგიური მოწოდებაა. დიდებულია, უთხრათ არა "მადლობა იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ", არამედ "ყველას ვუსურვებ, ჰყავდეთ ისეთი მშობლები, როგორიც თქვენ ხართ". სინერის გამარჯვება იმ ადამიანის მშობლების გამარჯვებაცაა, რომელიც თავისუფალი იყო  არჩევანში და არასოდეს არავინ აიძულებდა გამარჯვებას, თითქოს ეს მადლიერების ვალიც იყო. სწორედ ამიტომ არსებობენ ისინი.


არიან მშობლები, რომლებიც არ უყვირიან მსაჯს, როცა მათი შვილის ,,გოლს“ აუქმებს, არ ცდილობენ მასწავლებლის წინაშე თავიანთი შვილის დაცვას ნებისმიერ ფასად, არ მიიჩნევენ ფენომენად თავიანთ შვილს და არ ფიქრობენ მხოლოდ განდიდებასა და მილიონებზე. არიან მშობლები, რომლებიც მუდამ არ ახდენენ საკუთარი თავის პროვოცირებას თავიანთ შვილებზე. მათი პოვნა არც ისე რთულია, საკმარისია, მიმოვიხედოთ გარშემო,  ან გადავხედოთ ბავშვთა დღიურებს, ყველანაირ დავალებებს რომ იტევს, გარდა რელიგიურისა.


აღზრდა განსხვავდება მითითებებისაგან, ყვირილის ან თავის მოჩვენებისგან, თითქოს ყოველთვის ყველაფერი კარგადაა. საკმარისი არ არის მხოლოდ ,,ტექნიკა“ ვასწავლოთ სპორტსმენს, თანამშრომელს, სტუდენტს, ბავშვს ან მორწმუნეს. საჭიროა სათანადო პირობების შექმნა, რომ მათმა ნიჭმა, მათმა იდეალებმა და... რწმენამ დეტონატორის როლი შეასრულოს, აენთოს, აფეთქდეს. მრავალ პირობას შორის კი არჩევანის თავისუფლება ყველაზე მნიშნელოვანი და ალბათ გადამწყვეტია ყველასთვის. თავისუფლება ნიშნავს არა იმას, რომ რაც მოგესურვება, ის აკეთო, არამედ აკეთო ის, რისთვისაც ხარ მოწოდებული.


ამაზე ვსაუბრობ სწორედ დიდმარხვის პერიოდში, რომელიც ჩვენი „სულიერი მზადების“ ჟამია აღდგომისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც შედგება პირადი და საერთო ლოცვისგან, მარხვისგან (არა მხოლოდ საკვებით), გულმოწყალების საქმეებისგან, ასევე ვიფიქროთ იანიკის შრომის, ვარჯიშის, დაღვრილი ოფლის შესახებ, თუ რამდენ რამეზე მოუწევდა უარის თქმა... ლამის ოთხსაათიან სეტზე, შესვენებებზე, მის ძლიერ დარტყმებზე და, ბოლოს, თავბრუდამხვევ დაბრუნებაზე... მაღლა დაკიდებულ მონიტორზე,  რომელიც ფართო ეკრანზე გვაჩვენებდა კორტზე დაწოლილ, გათანგულ, მაგრამ ბედნიერ სპორტსმენს.


მამა გაბრიელე ბრაგანტინი

ჟურნალი "საბა", / 2024, მარტი

 

 

Comments


bottom of page