თავისი სამოცდამეათე დაბადების დღე, და არა მხოლოდ ეს დღე, ხარაჩოებზე გაატარა, რათა მონაწილეობა მიეღო ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების ტაძრის სარემონტო სამუშაოებში, მისი კურთხევის 25 წლისთავთან დაკავშირებით... ეს ყველას როდი შეუძლია;
დიახ, ჩვენს ეპისკოპოსზე ვსაუბრობ, მეუფე ჯუზეპეზე... ბევრმა მოიწონა ფეისბუკზე გაზიარებული ეს სურათი, ზოგი ინტერესით კითხულობდა: ნუთუ აუცილებელი იყო? ამან კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რას ნიშნავს იყო ეპისკოპოსი, უნდა დავფიქრდეთ ასევე იმაზეც, რას ნიშნავს იყო კათოლიკე ეკლესია: ეპისკოპოსი და მისი ეკლესია, თუ ეკლესია და მისი ეპისკოპოსი; 70 წელი და 25 წელი.
თავის ეკლესიასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ეპისკოპოსი, რომელიც ზერელედ არ უყურებს მის საჭიროებებს, მზადაა მისთვის ხარაჩოზეც კი ავიდეს, და ეს არ არის პირველი შემთხვევა... სიყვარულით, რუდუნებით იზრუნოს მასზე გაჩენილ დიდ თუ პატარა ბზარებზე! ეკლესიის ისტორიაში რამდენი მაგალითია ეპისკოპოსთა, რომლებიც გასაოცარი გაბედულებით ემსახურებოდნენ მათზე მინდობილ ეკლესიას, არა მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ თავიანთი არაჩვეულებრივი არჩევანის გამო. ეპისკოპოსი, როგორც კეთილი სამარიელი, კეთილი მწყემსი, კეთილგონიერი მზრუნველი, ზემოდან დამკვირვებელი (სწორედ ამას ნიშნავს ბერძნული სიტყვა epískopos ).
ვინ იცის, რას ფიქრობდა იმ ხარაჩოებზე, მზის ქვეშ მდგომარე, ვიდრე ტაძრის კედელს ღებავდა? რა თქმა უნდა, ლოცულობდა, ლოცულობდა ცოცხალი ხალხისგან შემდგარი ეკლესიისთვის, ამ ეკლესიის საჭიროებებისა და მისი მომავლისათვის... მაგრამ ასევე ფიქრობდა; ალბათ ფიქრობდა იმ ქადაგებაზე, 15 აგვისტოს რომ უნდა წარმოეთქვა, შემდგომ სამწყსო წერილზე, ეკლესიისაგან განდგომილ კათოლიკეებზე, იმ ადამიანებზე, ბოლოს რომ ჩააბარეს აღსარება, ბავშვებისა და ახალგაზრდების
საზაფხულო აქტივობებზე, ოჯახებზე, თავის სამღვდელოებაზე, რელიგიურ საკრებულოებზე, სამღვდელო მოწოდებებზე, რომლებიც აღარ ჩანს, სოხუმისა და ერევნის კათოლიკურ სამრევლოებზე, კარიტასსა და საბას უნივერსიტეტზე... ვინ იცის, იქნებ საქართველო-ესპანეთის ბოლო მატჩზეც ფიქრობდა... ასეთია ჩვენი ეპისკოპოსი და ასეთია ჩვენი ეკლესია, გამოსახული ამ ნაგებობაში, რომელიც მუდამ ლამაზი უნდა იყოს.
წმიდა პავლე ამბობდა: „არც ლაქა, არც მანკი, ან რაიმე მსგავსი, არამედ პირიქით, წმიდა და უბიწო“ (ეფეს. 5, 27), რათა თავის ნეფეს მოსწონებოდა... მახსოვს, როდესაც 1994 წელს საქართველოში ჩამოვედით, ეს ეკლესია დაკეტილი იყო, მიტოვებული, ნახანძრალი... როგორც კი კათოლიკე მრევლს დაუბრუნდა: რამხელა შრომა, სიყვარული, ინტერესი, იმედი ჩაიდო მასში... შიგნიდან და გარედან აღსადგენად აწყობილი ხარაჩოები: მორყეული ხარაჩოები, არცთუ ისე უსაფრთხო, იმდენად, რომ მხატვრებმა, აფსიდი რომ უნდა მოეხატათ და საბოლოოდ დაესრულებინათ ღვთისმშობლის სახე, ძლიერ შეაშფოთეს ის ადამიანი, ვინც სულ რამდენიმე თვეში ეპისკოპოსი გახდებოდა... და დადგა ამ ეკლესიის საზეიმო კურთხევის დღე, ახალი ფურცელი იწერებოდა მის ისტორიაში და ქართული საზოგადოების ცხოვრებაში;
იგივე რომ მომხდარიყო, ანუ ქუთაისის, ბათუმის, უდეს, ივლიტას, გორის, ბუზმარეთის კათოლიკური ეკლესიების (რომლებიც ამჟამად მართლმადიდებელთა ხელშია) რესტიტუცია (აღდგენა), განა დღეს უფრო თვალსაჩინო არ იქნებოდა საქართველოში ყოფნა კათოლიკე თემისა, მისი წარსულის შესაბამისად, და თავად მთავრობაც და მართლმადიდებელი ეკლესიაც განა უფრო მშვიდი, უფრო სამართლიანი, უფრო შემწყნარებელი არ იქნებოდა, არა მხოლოდ სიტყვით? ჩვენ შეგვიძლია გარედან ვუყუროთ ამ ტაძარს, როგორც დედაქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე ისტორიულ ძეგლს, მაგრამ მხოლოდ შიგნიდანაა შესაძლებელი მისი ისტორიის აღქმა; მხოლოდ ხალხით სავსე ტაძარში, როგორც ეს აღდგომისა და შობის დროსაა, შეიძლება სავსებით შევიცნოთ მისი მნიშვნელობა და მისი მოწოდება... ცარიელი ეკლესია მხოლოდ ლამაზ, ისტორიულ ძეგლად რჩება... მაგრამ მხოლოდ ძეგლად; სავსე ეკლესია კი ხდება ერი, მყოფობა, მოწოდება; ჩვენს ეკლესიას შეუსრულდა 25 წელი, ჩვენს ეპისკოპოსს კი - 70.
მომავალ წელს აღინიშნება მისი ეპისკოპოსად კურთხევის (2025 წლის 6 იანვარი) 25 წლისთავი; ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომელიც ხაზს უსვამს, თუ რამდენად ძლიერია კავშირი ამ ნაგებობასა და ეპისკოპოსს შორის, მასში თავმოყრილ ხალხსა და მის მწყემსს შორის! ჩვენ, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები (და არა მხოლოდ!) გულწრფელად ვისურვებთ, რომ ჩვენი მთავარი ტაძარი უფრო მეტად დამშვენებული, უფრო ცოცხალი იყოს, საუკუნეებს ითვლიდეს და არ იმჩნევდეს; ამისათვის კი გვჭირდება გარჯა, ერთობლივი პასუხისმგებლობა, სინოდალურობა, პერიფერიებში სიარული, როგორც ჩვენი პაპი იტყოდა, და არა მხოლოდ თვალის შევლება გამვლელი ტურისტებივით, ან მოუცლელი მოქალაქეებივით, ანდა გართობის მოყვარულებივით, მზად რომ არიან სხვათა განსასჯელად, არამედ, უწინარესად, უნდა ვიყოთ მორწმუნეები, ცოცხალი წევრები ქრისტეს სხეულისა, რომელიც არის ეკლესია; დიახ, რადგან ეკლესია ეკუთვნის არა მხოლოდ ეპისკოპოსს, წინამძღვარს, სამწყსო საბჭოს, არამედ ყველა მონათლულს, შესაბამისად იმ ნიჭისა, რისი მიძღვნაც თითოეულს შეუძლია საკუთარი კათოლიკური საკრებულოსთვის.
მამა გაბრიელე ბრაგანტინი
ჟურნალი "საბა" / 2024 წელი, აგვისტო
Comments