...“ვისაც რამა აქვს საჭმელი, დაჯდეს და გაიხაროსა; ხვალიდან მარხვა დადგება, ის ხომ უფალმა დალოცა!“
ვაჟა–ფშაველა
საინტერესოა ვიცოდეთ:
ხვალ, კათოლიკე ეკელსიაში დიდმარხვა იწყება. ამაღამ კი, ტრადიციის მიხედვით,„აღების ღამეა“, როგორც მესხეთის ზოგიერთ სოფელში ეძახიან– „აღებ ღამე“.
რას გულისხმობს იგი? ეს არის ღამე, გნებავთ საღამო, როცა შეგიძლიათ ყველა ის საკვები მიირთვათ, რისი ჭამაც თქვენთვის შეუძლებელი იქნება მთელი დიდმარხვის 40 დღიან პერიოდში.
რა თქმა უნდა, დიდმარხვა მხოლოდ საკვების აკრძლვა არ არის და რამის არ ჭამა მარხვის მხოლოდ ერთი, მცირე კომპონენტია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტრადიციები უნდა დავივიწყოთ.
ჯერ კიდევ კომუნისტურ პერიოდში, მაშინ როცა რელიგიურობა იდევნებოდა და მესხეთის კათოლიკურ სოფლებში არც მღვდლები იყვნენ, აქაური მორწმუნეები ტრადიციებს პირნათლად ასრულებდნენ. სწორედ მარხვის წინა ღამეს, ბევრ ოჯახში განსაკუთრებული კერძი მზადდებოდა, უმეტესად ხორცეული და ტკბილეული. „ეს იყო საჭმელი, რომელსაც მერე დიდმარხვაში ვერ შევჭამდით. უნდა აგვეღო ყველაფერი, რაც მოგვინდებოდა“, – იხსენებენ აქაურები.
აღმოჩნდა, რომ „აღებ ღამის“ ტრადიცია მხოლოდ მესხეთში არ იცოდნენ.
„აღების ღამე“ პოეზიასა და მითებში:
იოსებ გრიშაშვილის ქალაქურ ლექსიკონში „აღების ღამე“ განმარტებულია ასე – „მარხვის წინაღამე“.
„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის“ ვებ–გვერდის მიხედვით, „აღების ღამე“ მოხსენიებულია წიგნში „მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის“, სადაც ასეთ მითებს ვხვდებით:
აღების ღამე – ერთი ღარიბი კაცი ყოფილა, ხორცი არ ჰქონია და, წესი რომ არ გაეტეხა, ქვაბში ძველი ქალამნები ჩაუყრია მოსახარშად. ამ დროს იესო ქრისტეს ჩამოუვლია და სტუმრად ამ საწყალ კაცთან შესულა. დასხდნენ, მუსაიფობენ.
მასპინმელი დაღონებულია, არ იცის, რა აჭამოს სტუმარს, ქალამნებს ხომ არ მიართმევს. იესო ქრისტემ ეს ყველაფერი იცის და ხმას არ იღებს. ბოლოს უთხრა:
მასპინძელს: ამოიღე ხორცი, ვჭამოთო.
მასპინმელმა: მე ღარიბი კაცი ვარ, ხორცი არა მაქვსო. დაგლეჯილი ქალამნებია, ქვაბში რომ იხარშებაო. იესო ქრისტემ მაინც ამოაღებინა ფიცარზე და ქალამნის ნაგლეჯების ნაცვლად სულ დუმა და მსუქანი ხორცი ამოვიდა.
–––––––––––––––––––––––––––
აღების ღამეს ქრისტე ღმერთი, ძონძებით შემოსილი, ესტუმრა მდიდარ კაცს, რომელსაც ქვაბში სულ დუმა-ხორცი ჰქონდა მოხარშულo. მაგრამ მდიდარმა ქრისტეს არ აჭამა ხორცი და მშიერი გამოისტუმრა. ქრისტე ახლა ღარიბ-ღატაკთან მივიდა. ღარიბს შერცხვა, ხორცის ნაცვლად ჯღანები რომ ჰქონდა ჩადგმული ქვაბში, მოხარშული ჯღანით ხომ არ გაუმასპინძლდებოდა ქრისტეს! მაშინ ქრისტემ ჯღანები ხორცად უქცია, ქალი კი, აკვანში რომ ეწვა - ვაჟად. მდიდრის ვაჟი კი ქალად გადააქცია.
–––––––––––––––––––––––––––––
ყველიერი რომ გავიდა და დიდმარხვის წინ აღების ღამე დადგა, დამჯდარა სამი კაცი კერის წინ და სამი ცალი კვერცხი ნაცარში დაუწყვიათ. ლაპარაკობენ, საუბრობენ აღდგომაზე. წესი იყო, ამ კვერცხით უნდა დაემარხულებინათ. გინდ ხორცი ჰქონოდათ, გინდ ერბო, ამით არ დაიმარხულებდნენ, საბოლოოდ კვერცხით უნდა დაემარხულებინათ. უნდა შეჭამონ ეს კვერცხები და დაიძინონ. მაგრამ დიდმარხვის შვიდმა კვირამ ისე განვლო, რომ გათენებისას, ქრისტე აღდგაო, მოესმა ამ სამ კაცს. ისეთი წმიდა ხალხი ყოფილა, ისე გაატარეს შვიდი კვირა, რომ ერთ ღამედ მოეჩვენათ და ეს კვერცხებიც ისევ ცეცხლში იყო. „ჭეშმარიტად აღდგაო“, მიუგეს და მიიხედ-მოიხედეს, ეს რა მოხდაო.
–––––––––––––––––––––––––––––
ხოლო თუ პოეზიასაც გადავხედავთ, ხალხური ზეპირსიტყვიერების ასეთ მშვენიერ ნიმუშს ვნახავთ:
"საწყალსა გლეხსა ვინ მისცემს აღების ღამეს ღვინოსა, – პური ჭამოს და წყალი სვას, დაწვეს და დაიძინოსა".
ხალხური
დასასრულს კი, გთავაზობთ ვაჟა–ფშაველას ძალიან ლამაზ შედევრს –
„ღარიბის აღების ღამე“
...“ვისაც რამა აქვს საჭმელი, დაჯდეს და გაიხაროსა; ხვალიდან მარხვა დადგება, ის ხომ უფალმა დალოცა!“
საბრალო გოგიას ქვრივი აფხაკუნებდა თაროსა: „ახლავ ერბო-კვერცხს მოგიწვავთ“, პირს აკერია დაროსა.
ეგები დადგენ, ატყუებს სოსოს, დათას და მაროსა. ხელში შესცქერენ ბალღები, საქმე რით მოაგვაროსა?!.
პურიც არ უძევთ ვარცლშია, მარილი მოაყაროსა, თორემ ერბო-კვერცხს ვინ მისცემს იმ მშობელ-გასახაროსა!
ხან მელის ზღაპრებს მოუყვა, ხან ჩიტუნიას ამბებსა; მოსწადებია დედასა ძილი მოჰგვაროს ბალღებსა.
არ იქნა, არ იძინებენ, დედას აგლეჯენ კალთებსა. ერთი შესტირის „პურიო“, მეორე მოსთქვამს „ბაბასა“; თათებით სწეწენ საბრალოს ისეც დაგლეჯილ კაბასა.
დაღონებულმა მშობელმა ისევ მიჰმართა ტაფასა, გუშინწინანდელს ნადუღარს, ტაფაზე მიმწვარს ფაფასა. მოფხიკა პატარ-პატარა, შეასუსნინა ყველასა, ადგა და გარეთ გავარდა, ცრემლი სულს ჰხუთავს, ენასა.
გადგა კარებში… საბრალოდ აძრახდა, დაიქვითინა, და ამ დროს მაღლის მთიდანა ნიავმაც დაისისინა. შედგა ბალღთ ჟრიამულზედა, გულს ჩასწვდა მოთქმა დედისა. თქვა: „მოდი, ერთი გავიგო, ვინ არს მწყევარი ბედისა?“ გაიგო, ყურიც დაუგდო მწუხარე დედის „ვაჰმესა“, წავიდა, დაიღუღუნა ბნელს და უკუნეთ ღამესა. მიდის და თან მიიძახის, როგორც საკვირველს რამესა. წავიდა, გასცდა სოფელსა; სასაფლაოსკენ გასწია, შედგა გოგიას საფლავზე, ხმას უფრო მაღლა ასწია.
გოგიას ვერ შეასმინა, რაც იმას დააბარესა. მიდის და „ვაჰმეს“ იძახის მთით ბარად, ყოველ მხარესა.
მგელი მოღოღავს სოფლისკენ და ეფარება ბექებსა; მოდის თვალ-გაფაციცებით, ფრთხილად ადგამდა ფეხებსა, მარხვას იყენებს, ვითომა ჰსურს რამ მოჰპაროს გლეხებსა. შედგა და ყური დაუგდო დედის მოთქმასა მწარესა.
„ოჰ, აქ შიმშილის სუნია, მე აქ რა გამახარებსა…“ გაიქცა სასაფლაოზე, ახალს სამარეს დაჰხედა: „კაცო, ცოლ-შვილი გიტირის“, საფლავს დაჰღმუის თავზედა, მაგრამ პასუხი არ ესმა. თავს იტკივებდა რაზედა? იმ დროსვე მთის ნაკვეთიდან ამოეშუქა მთვარესა, მთის წვერებს გვირგვინს ადგამდა, ლამაზს ახილებს თვალებსა. შეესმა დედის ტირილი, ყურს უგდებს შესაბრალებსა. მიბრუნდა, გაჰქრა ციდანა, ღვთის საბრძანებელს მიჰმართა. პირმოქუშული გაჩერდა, სხივნი მაღლისკენ ამართა, დაუწყო უფალს ვედრება, ბეჩავთათვის თხოვს შველასა: სადაც ვის უჭირს, ვინც წვალობს, მათ გაეხარათ ყველასა.
[1897 წ.]
ხვალიდან, კათოლიკე ეკლესიაში დიდმარხვა იწყება, რომელიც ლოცვას, მარხვასა და გულმოწყალებას მოიცავს. 40 დღიანი პერიოდის შემდეგ კი იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ვიზეიმებთ.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments