top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ახალშენის კათოლიკური ეკლესია 25 წლისაა

2023 წლის 13 ივნისს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კათოლიკური ეკლესიის კურთხევიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ. საზეიმო წირვას ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე ყველა კათოლიკე მღვდელი დაესწრება, ლიტურგიას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აღავლენს, რომელიც ამ ტაძრის პირველი მოძღვარი იყო.

აპრილის ღრუბლიან დღეს ლამაზად გამოიყურებოდა ახალშენი. ყველა ღელავდა, მაგრამ უსაზღვრო იყო სიხარული და მოლოდინი იმისა, რომ ამიერიდან თეთრი ქვით ამოყვანილ კედლებში აღევლინებოდა წირვა-ლოცვა;


ზარების რეკვა მოუხმობდა მრევლს ამ კოპწია შენობისაკენ. ეს არის ჩვენი ეკლესია - ,,იესო ქრისტე სამყაროს მეფე“, რომელიც 1998 წლის 4 აპრილს საზეიმოდ ეკურთხა და გაიხსნა. მას შემდეგ ოცდახუთმა წელმა განვლო. ამ ხნის მანძილზე მრავალი რამ შეიცვალა... თუმცა არ შეცვლილა ტაძარი, რომელიც ამაყად და ლამაზად დგას სოფლის შუაგულში და იმ სულისკვეთებით ელოდება მრევლს, როგორც 25 წლის წინათ.


მთელ საქართველოში მოსახლეობის გაზრდილი მიგრაციის შედეგად დაიცალა ქალაქები და სოფლები; არც ჩვენი სოფელია გამონაკლისი, საგრძნობლად შემცირდა ჩვენი ეკლესიის მრევლი, ამასთან ერთად, ძალიან ბევრი ადამიანი გადავიდა უფლის სახლში.


მიუხედავად ამისა, დიდი სიყვარულით მინდა შემოვუძახო ჩემს თანასოფლელებს, რომ ეს ეკლესია ჩვენი სულიერი ტაძარია, რომელსაც ისევე უნდა ზრუნვა და პატრონობა, როგორც იმ კარ-მიდამოს, სადაც ვცხოვრობთ.


2023 წლის 13 ივნისს ახალშენელები ვიზეიმებთ ჩვენი ეკლესიის 25 წლის იუბილეს, რომელიც იმთავითვე იქნება ძალიან ემოციური, თუმცა ბევრ რამეზე დასაფიქრებელიც და, ამავე დროს, საამაყო.


თითოეული ჩენგანის თვალსა და გონებაში კადრებივით გაივლის ძალიან ტკბილად მოსაგონარი, დაუვიწყარი წლები.


ეკლესია ვართ ჩვენ, თითოეული ჩვენგანი, და უდიდესი პატივისცემით შევხვდეთ 25 წლის იუბილეს ისევ მრავალრიცხოვანნი, ისევ გაერთიანებულნი და რწმენით გამსჭვალულნი, როგორც მაშინ - 25 წლის წინათ!

და ბოლოს, ჩემო ახალშენელებო, გილოცავთ ჩვენი ეკლესიის 25 წლის იუბილეს, გისურვებთ ჯანის სიმრთელესა და წელთა სიმრავლეს, თქვენი ეკლესიის სიყვარულსა და ქრისტეს რწმენის სისრულეს!


ვიოლა აკობიძე


ჟურნალი "საბა" / 2023.06

Comments


bottom of page