დღეს 30 ნოემბერს, გორის სოფელ ბეთლემში კათოლიკური სამრევლოს დღესასწაული იზეიმეს. იგი წმ. ანდრია მოციქულის სახელობისაა.
გასული წლებისგან განსხვავებით, წელს პანდემიის გამო, სამრევლოს დღეობა მოკრძალებულად აღინიშნა. ლიტურგია სამრევლოს ადმინისტრატორმა მამა მერაბ ტატალაშვილმა აღავლინა და მას ბეთლემისა და გორის სამრევლოების წევრები ესწრებოდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბეთლემი, რომელსაც 2019 წლამდე ახალხიზა ერქვა, კათოლიკეებმა დაარსეს. 1907 წელს ამ ადგილზე 13 ოჯახი დასახლდა. ისინი სამცხე-ჯავახეთიდან, ხიზაბავრადან გადავიდნენ გორში. მიწა პადრე დომინიკე პაწაძე-მუღაშავილმა, ეკლესიისთვის შეწირული თანხით შეისყიდა. ჯერ კიდევ მაშინ ახალმოსახლეებმა სოფელს ბეთლემი დაარქვეს, თუმცა, კომუნისტების პერიოდში ამ სახელის გამოყენება აუკრძალეს, რის გამოც, იძულებული გახდნენ ახალხიზა დაერქმიათ.
გორისა და ბეთლემის სამრევლოების ადმინისტრაცტორი მამა მერაბი ამბობს, რომ წლებთან ერთად, ბეთლემში კათილიკეების რიცხვი შეცოტავდა, თუმცა აქაურებს რელიგიური კუთვნილების მიუხედავად მასთან თბილი დამოკიდებულება აქვთ:
„მე უკვე სამი წელია აქ ვარ და ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. დაახლოებით 400 ოჯახი ცხოვრობს. მაქვს სამომავლო გეგმაც, რომელიც ამ სოფელს უკავშირდება. მინდა, რომ სამრევლოს გვერდით სკვერი გავაშენო და ეს დარჩეს სოფელს კათოლიკური სამრევლოს სახელით“, - ამბობს მამა მერაბი.
პანდემიამდე, სამრევლოში აქტიურად იმარტყებოდა საბავშვო კატეხეზები და ახალგაზრდული შეხვედრები. პანდემიის გამო, სამრევლოში ყოველკვირეული ლიტურგიების განრიგიც შეიცვალა. ახლა წირვა მხოლოს კვირა დღეს ტარდება.
Commenti