top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბზობის კვირადღე ეკლესიის ტრადიციაში

დიდმარხვის მეექვსე კვირა ცნობილია, როგორც ბზობა. იგი ლიტურგიული წლის ყველაზე მნიშვნელოვან და საზეიმო პერიოდის, წმინდა კვირის დასაწყისს აღნიშნავს.

 


2025 წელს, კათოლიკე ეკლესიაში ვნების კვირა 13 აპრილს, ბზობის დღესასწაულით იწყება. ამ დღეს აღინიშნება იერუსალიმში იესოს დიდებით შესვლა, რომლის შესახებაც ოთხივე მახარებელი მოგვითხრობს.

 

პალმის ხეების კურთხევის ჩვეულება (საქართველოში ბზის ტოტები იკურთხება ან ზეთისხილის რტოები...) დაახლოებით VII საუკუნეში,  დღევანდელ საფრანგეთში გაჩნდა, ხოლო მსვლელობის ტრადიცია სათავეს  წმიდა მიწიდან იღებს. იმ პერიოდში, იერუსალიმის ეკლესია ცდილობდა უფალი იესოს ცხოვრებიდან მოვლენები ზუსტად გაემეორებინა.

 

ბეთანიიდან იერუსალიმში მსვლელობა IV საუკუნეში უკვე არსებობდა,  რასაც მოწმობს ეღერია, გალიური ან ესპანური წარმოშობის ქრისტიანი მომლოცველი. იგი არის ტექსტის ავტორი, რომელიც ცნობილია როგორც Itinerarium Egeriae ანდა Peregrinatio Aetheriae ad loca sancta. 

 

ეღერია თავის მოგონებებში აღწერს, რომ ბზობის კვირას, პატრიარქი, ხალხის გარემოცვაში ვირზე შეჯდა და წმიდა ქალაქში შევიდა. შეკრებილი მორწმუნეები სიხარულით ესალმებოდნენ მას და ფეხქვეშ მოსასხამებსა და პალმის რტოებს უგებდნენ. შემდეგ ყველანი ქრისტეს აღდგომის (ანასტასის) ბაზილიკისკენ გაემართნენ, სადაც საზეიმო ლიტურგია აღევლინა.

 

ასეთი მსვლელობა მთელს ეკლესიაში გავრცელდა. რომში,  აღდგომის მეექვსე კვირა, თავდაპირველად, აღინიშნებოდა როგორც მხოლოდ ვნების კვირა, რომლის დროსაც საზეიმოდ იგალობებოდა უფლის ვნება.

 

IX საუკუნეში, რომაულ ლიტურგიაში იერუსალიმის ჩვეულება დამკვიდრდა, რომელიც წარმოადგენდა ლიტურგიულ პროცესიას უფალი იესოს იერუსალიმში შესვლის პატივსაცემად. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ორი ტრადიცია გაერთიანდა და ბზობის დღესასწაულს ორმაგი ხასიათი მიეცა: დიდებით შესვლა და ვნება. თუმცა, სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიაში ამ მსვლელობებს სხვადასხვა ფორმა ჰქონდათ. მაგალითად, ზოგან ეპისკოპოსი ფეხით ან ვირზე შემჯდარი, ატარებდა პალმის რტოებით მორთულ ჯვარს, სახარებას და უწმინდეს საკრამენტსაც კი.

 

პირველი დოკუმენტური წყარო ბზობის კვირას მსვლელობის შესახებ ეკუთვნის თეოდულფ ორლეანელს (+ 821). ზოგიერთი წყარო ასევე ამბობს, რომ ეპისკოპოსებს ამ დღეს პატიმრების გათავისუფლების უფლება ჰქონდათ.

 

ამ დღესასწაულის უკეთ გასაგებად გთავაზობთ 9 ძირითად მომენტს:

 

1.     ბზობას მეორენაირად ‘ვნების კვირადღესაც’ უწოდებენ

 

ბზობის კვირა მომდინარეობს იმ მოვლენიდან, რომელიც დაკავშირებულია იესოს იერუსალიმში დიდებით შესვლასთან, როდესაც ბრბო მიესალმა მას პალმის რტოების ქნევით (იოანე 12:13).


სახელწოდება “ვნების კვირადღე” იმით აიხსნება, რომ ამ დღეს წმიდა წირვაზე ვნების სახარება იკითხება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახარების ამ მონაკვეთს არ წაიკითხავდნენ, რადგან შემდეგი კვირა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია.


ბზობის კვირა მოიცავს, როგორც ქრისტეს სამეფო ტრიუმფის მოლოდინს, ასევე მისი ვნების გამოცხადებას. აქვე ხაზგასმულია, რომ აღდგომის საიდუმლოს ამ ორ დიდი ასპექტს შორის თანხვედრა უნდა გამოვლინდეს არა მხოლოდ ლიტურგიაში, არამედ ამ დღის კატეხიზაციაშიც.

 

2.     ბზობის კვირადღეს წირვის წინ სრულდება პროცესია

 

პროცესია სრულდება მხოლოდ ერთხელ, როგორც წესი, წირვამდე შაბათის მწუხრზე ანდა და კვირა დღეს.


პროცესიაზე მორწმუნეები იმეორებენ  ებრაელი ბავშვების ჟესტიკულაციას, რომლებიც გამოვიდნენ უფლის შესახვედრად და მხურვალედ უგალობდნენ: „ოსანას!“.

 

3.     მორწმუნეებს მოაქვთ პალმის, ზეთისხილის ან ბზის ტოტები საკურთხებლად

 

პალმის ტოტები აუცილებლობას არ წარმოადგენს. შესაძლებელია ზეთისხილის, ბზის ან სხვა, კონკრეტულ კულტურაში მიღებული მცენარის, ხის ტოტები (საქართველოში უმეტესად მიღებულია ბზა).


ხალხური ღვთისმოსაობისა და ლიტურგიული სწავლების თანახმად, მორწმუნეები ბზას ან სხვა მცენარის ხის ტოტებს, რომლებიც იკურთხა ბზობის ლიტურგიაზე, ინახავენ სახლებში, ასევე სამუშაო ადგილზე, ავტომობილებში  და ა.შ.

 

4.     მორწმუნეები უნდა გაეცნონ დღესასწაულის მნიშვნელობას

 

იგივე სწავლება გვირჩევს მორწმუნეებს განვუმარტოთ ამ დღესასწაულის არსი, რათა მათ გაიგონ მისი მნიშვნელობა.


მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ლიტურგიაში მონაწილეობაა მთავარი და არა მხოლოდ ბზის ტოტების შეძენა და სახლში დადება, როგორც რაიმე თილისმა ან მაგიური, სამკურნალო, ანდა ავი სულების განდევნის საშუალება.

 

5.     იერუსალიმში ტრიუმფალური შესვლით, იესო ამტკიცებს მეფეთა უფლებას


პაპი ბენედიქტე XVI თავის წიგნში “იესო ნაზარეველი” განმარტავს, რომ ქრისტეს პრეტენზია აქვს სამეფო უფლებაზე. იგი ითხოვს გადაადგილების განსაკუთრებულ საშუალებას – ანუ ცხოველის (ჩოჩორი) გამოყენებას, რომელზეც ჯერ არავინ იყო ნაჯდომი - ეს კი სამეფო ძალაუფლების ნიშანია.


იესოს სურდა, რომ ეს ჟესტი განემარტა მასში არსებული ძველი აღთქმის გათვალისწინებით.

 

6.     მომლოცველები იესოს აღიარებენ მესიანურ მეფედ

 

ბენედიქტე XVI აღნიშნავს, რომ იერუსალიმში მომლოცველთა მიერ სამოსლის დაფენა, რომელიც იესოს იერუსალიმში შესვლისას გააკეთეს, დაფუძნებულია ისრაელიანთა სამეფო ტრადიციაზე (2 მეფ. 9.13).


მოწაფეების ეს ჟესტი წარმოადგენს გამეფებას, დავითის მონარქიის მემკვიდრეობას და მიუთითებს მასთან დაკავშირებულ მესიანურ იმედზე.


მომლოცველები ასევე უფენდნენ ტოტებს და გალობდნენ 119-ე ფსალმუნის რეფრენს: “ოსანა. კურთხეულ არს მომავალი უფლის სახელით. კურთხეულ არს მომავალი ჩვენი მამის, დავითის სამეფოსი. ოსანა მაღალთა შინა!”. (მარკ.11:9-10; ფს.119.26).

 

7.     „ოსანა“ - ეს არის წინასწარმეტყველური ლოცვა და სიხარულის შეძახილი


იესოს დროს სიტყვა „ოსანას“ მესიანური მნიშვნელობა ჰქონდა. იგი გამოხატავდა მომლოცველთა სიხარულსა და ქებას, ასევე იმედს, რომ მესიის ჟამი მოვიდა.

ამავე დროს, ეს იყო ლოცვა, დავითის მმართველობის აღდგენისა და შესაბამისად, ისრაელზე ღვთის მმართველობის აღდგენისა.

 

8.     ბრბო, რომელიც ადიდებდა იესოს, არ იყო იგივე ბრბო, რომელიც ითხოვდა მის ჯვარცმას


პაპი ბენედიქტე XVI თავის წიგნში განმარტავს, რომ სამ სინოპტიკურ სახარებაში და ასევე იოანეს სახარებაში ხაზგასმულია, რომ იესოს არ ადიდებდნენ იერუსალიმში მცხოვრებლები, არამედ ჩამოსული მომლოცველები სხვადასხვა ადგილებიდან.

ეს ჩანს მათეს სახარებაში მას შემდეგ, რაც ის შევიდა იერუსალიმში დიდებით. მთელი ქალაქი აღშფოთდა და ამბობდნენ: “ვინ არისო ის?” ხოლო ხალხი პასუხობდა: “იესო გალილეველიაო ნაზარეთიდან” (მათ.21. 10-11).


იერუსალიმელებს სმენოდათ წინასწარმეტყველის შესახებ ნაზარეთიდან, მაგრამ ისინი ნამდვილად არ იცნობდნენ იესოს და არ თვლიდნენ მნიშვნელოვნად.

 

9.     თხრობა ქრისტეს ვნებების შესახებ, ლიტურგიაში განსაკუთრებულ სადღესასწაულო ხასიათს ატარებს

 

წერილში „აღდგომის დღესასწაულების შესახებ“, N 33, ნათქვამია:

"მიზანშეწონილია შევინარჩუნოთ ვნების გამოცხადების ტრადიცია, ანუ სამი პირი: ქრისტე, მთხრობელი და ხალხი. ვნება უნდა წაიკითხონ დიაკვნებმა ან პრესვიტერებმა. თუ ეს შეუძლებელია – მკითხველებმა. თუმცა, ქრისტეს როლი მღვდელს უნდა ეკუთვნოდეს”.

 

ვნების სახარების წაკითხვისას არ მონაწილეობენ არც სანთლები, არც საკმეველი, არ წარმოითქმის სახარების წინა მისალმება, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. მხოლოდ მკითხველები სთხოვენ მღვდელს დალოცვას.

მორწმუნეთა სულიერი სარგებლობისათვის სასურველია ვნების სახარების სრულად წაკითხვა, ოღონდ არ უნდა იქნას გამოტოვებული წინარე საკითხავები.

 

 შოთა გიქოშვილი

コメント


bottom of page