კათოლიკე ეკლესიამ საქართველოში და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ჩაატარა ბიბლიის კვირეული, რომელიც გაიმართა წეროვანში, 2023 წლის 29 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით. შეხვედრების თემა: ადამიანის უდიდესი ღირსება.
შეიკრიბა სხვადასხვა კონფესიისა და ასაკის ჩვიდმეტი მონაწილე, ხოლო უმრავლესობა "საბაუნის" სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტი იყო. მოხსენებები წარმოადგინეს საბაუნის ლექტორებმა, სასულიერო პირებმა, მოწვეულმა სპეციალისტებმა, სტუდენტებმა:
,,რა არის კაცი, რომ იხსენიებ?“ - მამა ზურაბ კაკაჩიშვილი;
„ადამიანი - ღვთისხატად შექმნილი“ - საბაუნის ლექტორი ალექსანდრა მარგველაშვილი; „ადამიანის ღირსება ქმნილების წინაშე: მსახურება და ქმნილებათა აღზრდა“ - უნივერსიტეტის რექტორი მამა აკაკი ჭელიძე;
„აჰაკაცი“: ყველაზე სუსტი ადამიანის ღირსება“ - სტუდენტები გიორგი გობრონიძე და ვასილ დოღონაძე;
„ჩვენი ცხოვრება, როგორც ღვთის შვილთაცხოვრება“ - ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და ავსტრიის უნივერსიტეტის მაგისტრანტი სოფიო გოზალიშვილი (ვიდეო ჩანაწერი); „მამაკაცი დაქალი - მე შევქმენი ისინი: სექსუალობა, როგორც ღირსება, რომელიც განასხვავებს, პატივსსცემს, აერთიანებს და სიცოცხლეს აღაყვავებს“ - საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე;
„ყოველკვირეული დასვენების მცნება, თავისუფლება დაღირსება“ - სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მთავარი ექსპერტი ბექა მინდიაშვილი;
საბაუნის ლექტორმა მამა გაბრიელე ბრაგანტინიმ გამოგვიგზავნა ვიდეოლექცია თემაზე - „ეკლესია ადამიანური ღირსების წინაშე: დეკლარაციები და დოკუმენტები“.
პირველი საღამო გაცნობითი ხასიათის იყო: თითოეულმა მონაწილემ გვიამბო საკუთარი თავის შესახებ, ხოლო მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა გაგვაცნო სამუშაო პროგრამა და დღის განრიგი. ყოველ დღეს წარმოდგენილი იყო ორი მოხსენება, შემდეგ მიმდინარეობდა ჯგუფებში თემატური მუშაობა (სულ ოთხი ჯგუფი), შემდგომი შეკრების დროს კი ჯგუფის ერთი წარმომადგენელი გვაცნობდა ერთობლივად შემუშავებულ ნააზრევს.
ყოველდღიურად ტარდებოდა ე.წ. „დუმილის საათი“ - ერთგვარი მედიტაცია მოცემულ თემაზე, ხოლო საღამოს, შეკრებისას, თითოეული მონაწილე გვიზიარებდა თავის ნაფიქრალს. საღამოები ეთმობოდა სხვადასხვა აქტივობას: მარსელ პრუსტის კითხვარზე პასუხების გაცემა, პერგოლეზის „stabat mater“-ის მოსმენა და ემოციური გამოძახილის გადატანა ხატვაში, ჩვენება დანიელი რეჟისორის კარლ დრაერის ფილმისა „სიტყვა“.
პირველი დღის „დუმილი საათის“ თემა იყო: „რა არის, თქვენი აზრით, ადამიანის ყველაზე დიდი ღირსება?“ იგივე თემა წარმოადგინეს ბოლო დღესაც და ამას დაემატა კიდევ ერთი თემა: „მე და სხვა“ - ამჟამად მონაწილეებმა წერილობით გამოხატეს თავიანთი ნააზრევი და საღამოს შეხვედრის დროს თითოეულმა წაიკითხა თავისი ესე.
„ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ღირსება, რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდეს, არის სიყვარული“ (მარიამ გვენეტაძე, სტუდენტი); „მე“ ღვთისგან ბოძებული საჩუქარია, რომელიც „სხვა“-სთან ურთიერთობაში პოულობს „მე“-ებს. გიყვარდეს „მე“ ნიშნავს გიყვარდეს სხვებიც“ (ნინი გორაძე, სტუდენტი); „ვფიქრობ, ღირსება, პირველ რიგში, მოიცავს პატივისცემასა და სიყვარულს... ხოლო სიყვარული - უზენაეს ღვთიურ ნიჭს, მადლსა და გამოვლინებას“ (ლალო ბაბაიანი, სტუდენტი); „არ უნდა დავივიწყოთ, რომ ღმერთიც არის სრული სიყვარული და გულმოწყალება. სწორედ სიყვარული გახლავთ ადამიანის უდიდესი ღირსება“ (გიორგი გობრონიძე, მაგისტრანტი).
სწორედ ეს იყო მთავარი აზრი, რომელმაც გაიჟღერა ყველა მონაწილის ესეში. ამის შემდეგ კი სტუდენტებმა ჩაატარეს არაჩვეულებრივი კონცერტი, გიტარაზე დაკვრით და სიმღერით.
დილით, გამგზავრების წინ, მოხდა ჩატარებულ მეცადინეობათა შეჯამება.
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველა მომხსენებელს, ყველა მონაწილეს, ჩვენს მასპინძლებს წეროვანში, სოფოს და იოსებს, განსაკუთრებით კი ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს და უნივერსიტეტის რექტორს მამა აკაკი ჭელიძეს, მამა ზურაბ კაკაჩიშვილს, თეოლოგიის სტუდენტებს, გიორგი გობრონიძეს და ვასილ ტოღონაძეს, რომლებმაც ხელი შეუწყეს ბიბლიის კვირეულის ჩატარებას.
ფოტოები – საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი
ალექსანდრა მარგველაშვილი
ჟურნალი "საბა" / მარტი, 2023
Comments