16 წლის ბრაზილიელმა სკეიტბორდისტმა რაისა ლეალმა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, იქამდე, სანამ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალს მოიპოვებდა, წმიდა წერილის ციტირებისთვის ჟესტების ენა გამოიყენა.
28 ივლისს, ქალთა ქუჩის სკეიტბორდის ფინალში ლეალმა ბრინჯაოს მედალი აიღო. შეჯიბრის დროს მან კამერას გაუღიმა და ჟესტების ენით თქვა ციტატა იოანეს სახარებიდან: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.
ეს ჟესტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ზოგიერთმა წევრმა და კომენტატორმა „მიუღებლად“ და მიიჩნია. ბრაზილიური მედიის ცნობით, ახალგაზრდა ბრაზილიელი სპორტსმენის ასეთი ჟესტის გამო, IOC-მა ლაკონიური განცხადება გაავრცელა, რომელშიც სპორტსმენებს მოუწოდა "მეტი ფოკუსირება მოეხდინათ სპორტზე".
რწმენის ასეთი გამოხატულებას ყურადღება მიექცა, რადგან საფრანგეთის სეკულარიზმის პრინციპის გამო, ფრანგ ოლიმპიელებს რელიგიური სიმბოლოების ჩვენება ეკრძალებათ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესდების 50-ე პუნქტში ნათქვამია: “როგორც პირადად, ისე გლობალურ დონეზე, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი შეჯიბრებების ადგილებზე, ოლიმპიურ სოფელსა თუ პოდიუმზე, ყოველგვარი პოლიტიკური, რელიგიური ან ეთნიკური დემონსტრაციების გარეშე“.
ოლიმპიადაზე შესრულებული რელიგიური ჟესტის შესახებ, ლეალმა ბრაზილიურ მედია UOL-ს განუცხადა: "ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ყველა შეჯიბრზე ასე ვაკეთებ. […] ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე ქრისტიანი ვარ და ნამდვილად მწამს ღმერთი. ვთხოვე ღმერთს ძალა და ამ გზავნილით ყველას ვაჩვენე, რომ ღმერთი ნამდვილად არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“, - განაცხადა რაისა ლეალმა.
გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ლეალმა ახსენა თავისი ოცნება, რომ ძალიან პატარა ასაკიდან სურდა „გამხდარიყო პროფესიონალი სკეიტბორდისტი“.
“აი, მე აქ ვარ ოლიმპიური თამაშების უკვე მეორე მედლით. კიდევ ერთხელ დიდება ღმერთს, რომ მოვიპოვე მედალი. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ”.
ლეალმა პოპულარობა 7 წლის ასაკში მოიპოვა. მაშინ სკეიტბორდისტმა ტონი ჰოუკმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ლეალი ცისფერი ფერიების კოსტიუმში გამოწყობილი სკეიტბორდზე იდგა. ის ასევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბრაზილიელი, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.
სულ რაღაც 13 წლის ასაკში, 2021 წლის ოლიმპიადაზე, ლეალმა ქუჩის სკეიტბორდის შეჯიბრში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სკეტბორდისტი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს ციტატებს წმიდა წერილიდან. 29 ივლისს მან გამოაქვეყნა პოსტი იესო ნავეს ძის წიგნიდან: “ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი” (1:9).
შოთა გიქოშვილი
Comments